საზოგადოება

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 • 1282
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი. ლაზარე გრიგორიადისის დედას იმედი ჰქონდა, რომ სასამართლო გაამართლებდა და “ციხისთვის არ გაწირავდა”. ახლა გეგმავს, პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით.

22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გრიგორიადისის დაკავების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით მიზნად ისახავდა ლაზარეს დისკრედიტაციას.

ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ამბობდა, რომ „ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია ჰქონდა არეული“, ირაკლი ღარიბაშვილი კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ამბობდა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი „უნდა დაისაჯოს“.

ხელისუფლების წარმომადგენლების ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო ლაზარე გრიგორიადისის მხარე კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა, თუმცა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო, რის მიზეზსაც ბრალდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები ლაზარეს დასჯის მცდელობითა და იმ ნაბიჯებისთვის დაბრკოლებების შექმნის სურვილით ხსნიდნენ, რაც დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში უნდა გადაედგა.

საბოლოოდ, მხარეების დასკვნითი სიტყვები მოსამართლემ 8 აპრილს მოისმინა და გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ გავიდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვას აკვირდებოდა და ასევე გაეცნო მასალებს, აცხადებს, რომ გრიგორიადისის საქმეში პროკურატურის მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები გეგმავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 7-8 მარტის აქციების მონაწილის შეწყალების თხოვნით მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი