ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა.
ერთ-ერთ ვიდეოში პროკურატურის ცნობით ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილის მიმართულებით ჩოგბურთის ჩოგნებით სავსე ჩანთას იქნევს. ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩანთა მას ტანსა და თავში მოხვდა, ბასილაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფს.
დოროყაშვილის თქმით, ინციდენტი 2018 წლის 28 აგვისტოს მოხდა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად ნიუ იორკში იმყოფებოდა.
დოროყაშვილი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც საათების განმავლობაში ქმარს ეძებდა, საბოლოოდ სასტუმროს ნომერში დაბრუნდა. სასტუმროში მივიდა ბასილაშვილიც და დოროყაშვილის თქმით, დაიწყო მასზე ძალადობა – “ჩამარტყა მუცელში, მათრია თმით”, – ამბობს დოროყაშვილი.
კონფლიქტის ბოლოს კი დოროყაშვილი ლოგინში დაწვა დასასვენებლად, რა დროსაც ბასილაშვილმა მას ჩოგნების ჩანთა ესროლა. ქალი განმარტავს, რომ ნერვიულობისა და შიშის გამო ვიდეო წყდება. მისივე განმარტებით, მას მძიმე ჩანთა მოხვდა თავსა და სხეულზე.
თავად ბასილაშვილი აცხადებს, რომ კადრებში ძალადობა არ ჩანს – “ამ სისულელეზე კომენტარი როგორ გავაკეთო,” მისი თქმით, ნელი დოროყაშვილი აღელვებული იყო და “გიჟივით ყვიროდა, ნუ მირტყამო”. თავად კი “წყნარად ალაგებდა ჩანთას და სხვა ნომერში მიდიოდა”.