სამართალი

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას პარლამენტში არ დავესწრებით – ჰარცელი

25 ნოემბერი, 2021 • 921
მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას პარლამენტში არ დავესწრებით – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში გამართულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენებზე მიიწვიეს, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.

ჰარცელის შეფასებით, ამ პროცესს რამდენიმე პრობლემა გააჩნია, მათ შორის არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების შინაარსს და ეწინააღმდეგება მაკროფინანსური დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობას.

ჰარცელის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის დაპაუზება:

“ჩვენ მიგვიწვიეს დღევანდელ და ხვალინდელ [მოსამართლეობის კანდიდატების] მოსმენებზე დასასწრებად, ჩვენ უარი განვაცხადეთ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რომელზეც განცხადებებს ვაკეთებთ აპრილიდან. ჩვენ გვაქვს კითხვები, პირველ რიგში, იმ ფაქტზე, რომ ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც იმ პირობებს, რომლებიც წაყენებული იყო მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ.

არსებობს ასევე პრობლემები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩვენ ვნახეთ odihr-ის შეფასებებიც მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით. ამიტომ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჰარცელმა.

დღეს და ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

მართლმსაჯულების რეფორმამდე უზენაესის მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ – კოალიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი