სამართალი

სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება ადამიანის უფლებათა დარღვევა – მოსამართლე

25 ნოემბერი, 2021 • 1585
სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება ადამიანის უფლებათა დარღვევა – მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატი გენადი მაკარიძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევად არ მიაჩნია. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატმა ნინო იობაშვილმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე და მიაჩნია თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევად.

“მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ უფიქრია. ბუნებრივია, მიფიქრია და იმდენად დიდია [რისკი], ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამას ვერ გადამიწყვეტ. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ გაიკეთოს?”, – განაცხადა გენადი მაკარიძემ.

25-26 ნოემბერს საქართელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა.

გენადი მაკარიძე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი