კბილაშვილი განმარტავს, რომ წინასასამართლო სამსახური იქნება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც იმოქმედებს სასამართლოში მოსამართლის დაქვემდებარების ქვეშ. წინასასამართლო სამსახური შეკრებს ინფორმაციას და დაკავებული ბრალდებულის შესახებ დაკავებიდან სასამართლოში პირველად წარდგენამდე (72 საათის განმავლობაში) და რისკებს შეაფასებს. სწორედ ეს სამსახური მისცემს მოსამართლეს რეკომენდაციას, აღკვეთის როგორი ღონისძიება უნდა გამოიყენოს ბრალდებულის მიმართ.
ასევე, “საქართველოს ევროპული არჩევანის” კონცეფციის თანახმად, თუკი მოსამართლე ბრალდებულს აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიებას შეუფარდებს, ეს სამსახური გაუწევს მონიტორინგს ბრალდებულის მიერ გამოწერილი დავალების შესრულებას. როგორც კბილაშვილი ამბობს, ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ სასამართლო დღეს გირაოს გარდა აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიებებს ძირითადად არ იყენებს, არის ის, რომ მონიტორინგის სისტემა არ არსებობს.
“ასეთი სამსახურის შექმნა უკვე მექანიზმს ქმნის სხვა არასაპატიმრო ღონისძიების განხორციელების კონტროლზე,”– განაცხადა კბილაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სისტემის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე 7 აპრილს.
ყოფილი მთავრი პროკურორის განცხადებით, დღეს მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს და გადაწყვეტილებას დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს.
“ბრალდებული ციხეში ერთგვარი კომფორტია პროკურორისთვის, ასე რომ, მას უიოლებს ბევრ ამოცანას, თუმცა, ეს არ არის მთლად ჯანსაღი ხედვა. პროკურორი ყოველთვის მომხრეა, რომ მკაცრი ღონისძიება იქნეს გამოყენებული. ამ დროს დაცვის მხარე, ბუნებრივია, ასეთივე ინტერესიდან გამომდინარე, ოღონდ კერძო ინტერესიდან გამომდინარე, მომხრეა პირი იყოს თავისუფლებაში და მოსამართლე ისმენს 2 დაინტერესებული მხარის პოზიციას. მოსამართლეს არ გააჩნია არავითარი წყარო, რომ მან მიიღოს სხვა, ე.წ. დაუინტერესებელი პირისგან მიღებული ინფორმაცია,”– ამბობს კბილაშვილი.
მისივე განმარტებით, ამ პრობლემის გამო სასამართლოს გადადაწყვეტილებებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით მეტწილად შაბლონური ხასიათი აქვს და ხშირად დაუსაბუთებელიც არის.
ამ სამსახურის ამოქმედების შემთხვევაში, მოსამართლის პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაზრდაზე ისაუბრა შეხვედრაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ. ასევე, მოსამართლის განცხადებით, ეს სასამართლო ხარჯების გაზრდასაც გამოიწვევს. მისი თქმით, ბრალდებულის ნასამართლობის, ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ფინანსური რესურსების, სამუშაო სტაჟისა და სხვა ინფორმაცია ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა უნდა მოიძიონ. რაც შეეხება მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობას, როგორც მოსამართლე ამბობს, ეს ინფორმაცია სარწმუნოა, თუკი დამადასტურებელი დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი.
“მოსამართლეს, თუკი მანტია გაცვია, იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ შეაფასო შემდგომში მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ისე, რომ არ დაგვჭირდეს დამხმარე პირის დამატება,”– განაცხადა შეხვედრაზე შორენა გუნცაძემ.
გარდა წინასასამართლო სამსახურის შექმნისა, ორგანიზაციის კონცეფცია აღკვეთის ღონისძების ახალი სახეების დანერგვასაც ითვალისწინებს. ესენია შინაპატიმრობა, ვალდებულებითი გირავნობა და ბრალდებულის ვალდებულება – გამოცხადდეს წინასასამართლო სამსახურში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დღეს აღკვეთის ღონისძების 2 სახეს ითვალისწინებს. ესენია აღკვეთის ღიონისძებები და ის ღონისძებები, რომლებიც შეიძლება აღკვეთის ღონისძიებებთან ერთად იქნეს გამოყენებული. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ უნდა გაუქმდეს ძირითად და დამატებით კატეგორიებად დაყოფა, სანაცვლოდ კი განისაზღვროს ერთი კატეგორია, რომელიც გააერთიანებს როგორც ძირითად და დამატებით სახეებს, ასევე ახალ სახეებსაც.
ორგანიზაცია ”საქართველოს ევროპული არჩევანი” პროექტს ”სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში” USAID- ის დაფინანსებით 2014 წლის აგვისტოდან ახორციელებს. კონცეფცია აღკვეთის ღონისძიების სისტემის რეფორმის შესახებ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა. ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიშის მომზადებისას სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი სისტემები და გამოცდილება შეისწავლეს.