სამართალი

ხარძიანის მკვლელობა – სასამართლო დავები და ეჭვები ყოფილ მაღალჩინოსნებზე

31 მარტი, 2015 • 2346
ხარძიანის მკვლელობა – სასამართლო დავები და ეჭვები ყოფილ მაღალჩინოსნებზე

ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადვოკატ ლამარა კობალაძის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.

 

ვის და რას ედავებოდა ხარძიანი?

 

როგორც ლამარა კობალაძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, საქმის წარმოება სასამართლოში ბესარიონ ხარძიანმა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საქმე “კუს ტბა კალადან” და “კუს ტბა პალასიდან” წილების დაბრუნებას ეხებოდა.

“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ წილების გადაცემა მოხდა იძულების ქვეშ დადებული გარიგებით,” – ამბობს ადვოკატი.

საჯარო რეესტრიდან 2011 წლის აპრილის ამონაწერით ირკვევა, რომ “კუს ტბა პალასში” ბესარიონ ხარძიანი 12,5%-ს ფლობდა. მფლობელებს შორის არის მარინა მგალობლიშვილი (რომელიც, უდესიანის მიერ 2008 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, უდესიანის ცოლია) 22.5%-იანი წილით  და კიდევ 6 მეწილე. ამავე წლის სექტემბრის ამონაწერით კი ძველი პარტნიორებიდან მხოლოდ 2 – ვახტანგ კიკაბიძე და ირმა კეკელიძე არიან დარჩენილნი, 55%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში დარეგისტრირებული “უოლმილ სერვისია”.

 

რაც შეეხება “კუს ტბა კალას”, 2010 წლის მონაცემებით, ხარძიანს აქ 26,5%-იანი წილი ჰქონდა, გია უდესიანს კი – 11,5%; მარინა მგალობლიშვილს – 11%. რეესტრიდან 2014 წლის ამონაწერით ახლა მას ოფშორში რეგისტრირებული 3 კომპანია (მათ შორის “უოლმილ სერვისი”) და ვახტანგ კიკაბიძე (7%-იანი წილით) ფლობენ.

ადვოკატის განმარტებით, წილების დათმობასთან დაკავშირებით გარიგება  2011 წლის 20 აპრილს შედგა, როდესაც ბესარიონ ხარძიანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან სასამართლოში დავა დაიწყო და პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა. კობალაძე ამბობს, რომ სწორედ ხარძიანის მკვლელობის წინა დღეს იყო სხდომა, რომელიც 13 მაისისთვის გადაიდო.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში მოპასუხე სააქციო საზოგადოება “უოლმილ სერვისია”. თუმცა იქვე დასძენს, რომ ამტკიცებენ იძულებას არა “უოლმილ სერვისიდან”, არამედ მესამე პირებისგან მომდინარე იძულებას. ადვოკატის თქმით, გია უდესიანის გვარი კი ამ პროცესში თავად მხარეების მიერ დასახელდა.

 

გია უდესიანი 2008 წლამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წლის ოქტომბერში “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იგი საქართველოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და თან ” სიტუაციას გაერიდა”.

 

ლამარა კობალაძის თქმით, სასამართლოში გამოიკვეთა, რომ ხარძიანი ციხეში “განსაკუთრებულ პირობებში” ჰყავდათ.

“განსაკუთრებული შეზღუდვები ჰქონდა, როგორც ხდება ხოლმე, აყურებინებდნენ, რომ სხვებს ცემენ, ამას უკეთებენ, მერე საკანში შემოიყვანდნენ ისეთ პიროვნებას, ვინც რაღაც საშინელებებს იტყოდა, რომ მასზე ზემოქმედება მოეხდინათ, რომ თუ ისიც არ დამორჩილდებოდა შეთვლილ წინადადებებს “კუს ტბის” წილის დათმობასთან დაკავშირებით, მასაც ასეთი რამ დაემართებოდა,“- ამბობს ის.

ადვოკატის თქმით, ბესარიონ ხარძიანმა, ვიდრე “კუს ტბის” საქმეზე სამოქალაქო დავას წამოიწყებდა, მანამდე საჩივრით მიმართა პროკურატურას მასზე ზეწოლისა და იძულების საკითხებზე. იმის გასაგებად, დაიწყო თუ არა გამოძიება პროკურატურამ ხარძიანის საჩივარზე და რა ეტაპზეა ძიების პროცესი, “ნეტგაზეთი” პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საკითხს გაარკვევდნენ.

ბესარიონ ხარძიანი
ბესარიონ ხარძიანი

ვის ადანაშაულებენ მოკლულის ახლობლები?

 

ლამარა კობალაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ პროკურატურაში ამ საქმეზე დაკითხვისას დაასახელა ხარძიანმა გვარები, რომლებიც მას ხელს უშლიდნენ ქონების დაბრუნებაში. ადვოკატი ამბობს, რომ არც ლაშა ნაცვლიშვილის და არც ზვიად ჯანყარაშვილის გვარები იმ სამოქალაქო საქმეში, რომელსაც აწარმოებს, არ ყოფილა ნახსენები.

ხარძიანის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებს ახსენებს მოკლულის ახლობელი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. მკვლელობის დღეს, 28 მარტს “იმედის” ეთერით მან განაცხადა, რომ უდესიანის გარდა ამ საქმეში ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილის გვარები ფიგურირებს.

 

“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან,”- განაცხადა მაშინ კორძაიამ.

 

ზვიად  ჯანყარაშვილი  შსს–ს  გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მან ეს თანამდებობა 2014 წლის აპრილში დატოვა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გახდა, თუმცა მალევე ამ პოსტიდანაც წავიდა. ის  პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

 

რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, ის კბილაშვილის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს მისი მოადგილე იყო.

 

ირაკლი კორძაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯანყარაშვილს და უდესიანს საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათ. კონკრეტულ ინფორმაცია კორძაიამ ჩვენთან საუბრისას არ დაასახელა და განაცხადა, რომ თუ პროკურატურა ამ ამბით დაინტერესდება, ინფორმაციას სიამოვნებით მიაწვდის.

“მე ვარ ჟურნალისტი და წყაროს მინდა დავასახელებ, მინდა არ დავასახელებ. მაგრამ მე მინდა, რომ დავასახელო, და მინდა, რომ ეს წყარო დავასახელო პროკურატურაში,“- განაცხადა მან.

კორძაიას განცხადებას მალევე მოჰყვა განცხადებები როგორც მთავრობის კანცელარიის, ასევე ჯანყარაშვილის ადვოკატების მიხრიდან. ორივე მხარე მას დოკუმენტაციის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ის კონკრეტულ დოკუმენტურ დასაბუთებას არ წარმოადგენს, ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად. რაც შეეხება ჯანყარაშვილის ადვოკატებს, მათ პრესკონფერენცია გამართეს და კორძაიას დოკუმენტების წარმოსადგენად ვადა კვირის ბოლომდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადეს, რომ სასამართლოს მიმართავენ.

 

ხარძიანის კიდევ ერთმა ახლობელმა, დაჩი ცაგურიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ უდესიანი ხელმძღვანელობდა ციხეში მის წამებას და წილები მან დაათმობინა. სხვა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით ცაგურია ამბობს, რომ ხარძიანისგან იცოდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ახლა მედიაშია გავრცელებული.

 

ცაგურია განმარტავს, რომ ბესარიონ ხარძიანი ერთადერთი გამონაკლისი არ იყო და უდესიანი “ამ სტილით შოულობდა ფულს”. კიდევ ერთი ბიზნესმენი, დავით ბეგიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლაში უდესიანიც მონაწილეობდა, ხარძიანის მკვლელობაში ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ადანაშაულებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება ხარძიანის საქმეს დროულად გამოიძიებდა, ეს ფაქტი აღარ მოხდებოდა.  მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს იმ ადამიანიების მიმართ ტერორი, რომლებიც სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის იბრძვიან.

“ის საკმაოდ გულდაწყვეტილი იყო ამ გამოძიების პროცესით და მათ შორის, ასახელებდა ამ გვარებსაც. ასახელებდა ნაცვლიშვილს. მე კონკრეტულად ვიცი, რომ ნაცვლიშვილთან სახლშიც იყო მისული და ურთიერთობის გარკვევა უნდოდა ამ საკითხზე, ეძებდა გზებს ხელისუფლებასთან, ვისთანაც მივიდოდა და სიმართლეს იპოვიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა კარი მას დახურული დახვდა და ამ შედეგამდეც მივიდა,”- ამბობს ბეგიაშვილი ხარძიანზე.

რაც შეეხება თავად ბესარიონ ხარძიანის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, 2014 წლის დეკემბერში “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ მის საქმეს ლაშა ნაცვლიშვილი “ბლოკავდა”. ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ქონებას გია უდესიანი და ბადრი ქურასბედიანი ართმევდნენ.

ხარძიანის მკვლელობის საქმეს თბილისის მთავარი პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი