სამართალი

შსს-მ დანაშაულის სტატისტიკა გააყალბა

24 ივნისი, 2014 • • 2262
შსს-მ დანაშაულის სტატისტიკა გააყალბა

პოლიტიკოსების კამათის ფონზე შს სამინისტრო დღემდე მალავდა დანაშაულის შესახებ ზუსტ სტატისტიკას. გასულ კვირას სამინისტრომ ეს ტრადიცია დაარღვია და ინფორმაცია გამოაქვეყნა. “ბათუმელები” გასულ კვირას სწავლობდა, რამდენად ზუსტია შსს-ს მონაცემები.

 

გასულ კვირას ახალი ბულვარის მიმდებარედ, ადლიაში მცხოვრებმა გენო გელაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

 

“ეს უბანი საპატრულო პოლიციისგან მივიწყებულია. მე-13 რაიონს ვეძახით. თითქმის ყოველ საღამოს გვიწევს საპატრულო პოლიციის გამოძახება (ძირითადად ავტომობილებით და მოტოციკლებით მთელი ღამის განმავლობაში სანაძლეოზე გამართული “ქუჩური რალის” გამო). იქნებ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ აქ მცხოვრებნი? იარაღები ჩვენც კი გვაქვს (სამი სანადირო თოფი მეც მაქვს სახლში). საკუთარი ძალებით დავიცვათ ჩვენივე უსაფრთხოება? (წერილებსა და საჩივრებზე რეკომენდაციებს არ ვიღებთ – შედეგი არ გამოიღო არც ერთი ხელისუფლების პირობებში)”.

 

 



გენო გელაძე მის უბანში საღამოობით გამართული ჩხუბისა და სროლის შესახებაც წერს, ასევე იმაზე იუწყება, რომ საპატრულო პოლიცია მათთან არ პატრულირებს.

 

განცდა მოქალაქეებში, რომ ისინი კრიმინალებისგან დღითიდღე დაუცველები არიან, შესამჩნევად მატულობს. ამ ფონზე შს სამინისტრო, ახალი ხელისუფლების პირობებში, პირველად აქვეყნებს 2013 წლის პირველი ხუთი თვის და 2014 წლის პირველი ხუთი თვის რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ მონაცემებს. ამ მონაცემების მიხედვით, წელს დანაშაული 9,8%-ით არის შემცირებული: 2013 წლის ხუთ თვეში სულ დარეგისტრირებული ყოფილა 13 215 დანაშაული, ხოლო წელს იმავე პერიოდში ეს რიცხვი 11 912-მდე იკლებს.

 

სამოხელეო დანაშაული

 

რამდენად ზუსტია მონაცემები, რაც გასულ კვირას შს სამინისტრომ გამოაქვეყნა? – სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ხუთი სამოხელეო დანაშაულის შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გახსნილია 3 საქმე. მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, გასულ ხუთ თვეში შს სამინისტროს არც ერთი ისეთი საქმე არ დაუფიქსირებია, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება (332-ე მუხლი).

 

შსს-ს ვებ-გვერდზე დღემდეა განთავსებული იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქმე ეხება ბათუმის საკრებულოს წევრის – მამული ჟღენტის ბრალდების შემთხვევას: შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საკრებულოს ყოფილ დეპუტატს სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენეს 2014 წლის 23 მარტს, ანუ იმ პერიოდში, რა პერიოდზეც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია საუბარი და ნათქვანია, რომ ასეთი სახის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია..

სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან
სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან

 

შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (332-ე მუხლი) და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე და კიდევ რამდენიმე პირიც ჰყავთ დაკავებული. ამ მოქალაქეებს ბრალი 2014 წლის 11 თებერვალს წაუყენეს. ეს ინფორმაციაც შსს-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან
სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან

 

გარდა ამისა, დანაშაულის შესახებ მონაცემები თვეების მიხედვით აღრიცხული აქვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც. მისი 2014 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოში სამოხელეო დანაშაულის არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. შს სამინისტროში ამასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ საქსტატს, სავარაუდოდ, პროკურატურის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული.

 

დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ

 

დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ – შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამ გრაფასაც შეიცავს. სამინისტროს მონაცემებში წერია, რომ წელს, ხუთი თვის განმავლობაში, ამ სახის არც ერთი დანაშაული არ მომხდარა, მაშინ როცა ბათუმელმა შოთა გუჯაბიძემ შს სამინისტროს მიმართა 2014 წლის 11 იანვარს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაზე წარმოებული უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.

 

ამ საქმეზე პოლიციამ შოთა გუჯაბიძე დაკითხა კიდეც. დაკითხვას წინ უსწრებდა პოლიციელების მიერ თხოვნა განცხადების გამოტანაზე, რაზეც შოთა გუჯაბიძემ კატეგორიული უარი განაცხადა.

 

შს სამინისტროს პრესსამსახურმა ძეგლზე უნებართვოდ წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით 17 ივნისს “ბათუმელებთან” კომენტირებისას განაცხადა, რომ საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს მოკვლევა.

 

ტრეფიკინგი

 

შს სამინისტრო ირწმუნება, რომ წელს ტრეფიკინგის კუთხით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა წლებში. ასე მაგალითად, სამინისტროს წელს, ხუთ თვეში, ტრეფიკინგის არც ერთი შემთხვევა არ გამოუვლენია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სამინისტროს ერთადერთი შემთხვევა აქვს დაფიქსირებული და ის შემთხვევაც გაუხსნია.

 

არადა, შს სამინისტრომ 2014 წლის 9 მაისს აჭარის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან
სქრინშოტი შსს-ს ვებ-გვერდიდან

 

ტრეფიკინგის მუხლით კიდევ ერთი პირის დაკავებაზე 15 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად გატარებული ღონისძიების შესახებ…

 

ამის მიუხედავად, ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ტრეფიკინგის თვალსაზრისით საქართველოში არავითარი პრობლემა არ არსებობს. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, “საქართველო არის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული, მიმღები ქვეყანა ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების, კაცებისა და ბავშვებისთვის. ანგარიშის მიხედვით, ქალები უფრო მეტად სექსუალური, ხოლო კაცები და ბავშვები შრომითი ექსპლუატაციის ობიექტები არიან. გოგონები და ქალები საქართველოდან არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და რუსეთში. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსინდუსტრიაში საქართველოში, კერძოდ, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი და გონიო”.

 

ანგარიშის მიხედვით, “საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად, თუმცა არ იშურებს ძალისხმევას ამისთვის”.

 

იმავე ანგარიშში პოლიციის კვალიფიკაცია ასეა შეფასებული: “პოლიციამ დააპატიმრა პროსტიტუციაში ჩართული უამრავი ქალი, რომელთა უმრავლესობა არ დაკითხულა იმ კუთხით, რომ შესაძლოა ისინი იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლები და პოტენციური მსხვერპლები შესაძლოა იძულებულნი გახდნენ ჩვენებები მიეცათ ბორდელების მფლობელებისა და სუტენიორების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია ანგარიშში რაიმე ფაქტი, მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ ტრეფიკინგთან დაკავშირებულ დანაშაულებში”.

 

თუნდაც ამ ფაქტების საფუძველზე შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ გასულ კვირას შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები შეიცავს გარკვეულ უზუსტობას? – სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: “ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მიმართეთ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს”.

 

ნარკომანია

 

შს სამინისტროს მონაცემებით, დანაშაულის ყველაზე მაღალი სტატისტიკა ნარკომანიასა და ნარკომანებზე მოდის. ეს დანაშაულის ლამის ერთადერთი კატეგორიაა, რომელიც შს სამინისტროს ცნობით, 2013 წლის პირველ ხუთ თვესთან შედარებით გაზრდილია: წელს, ხუთი თვის მონაცემებით, მთლიანობაში 2 467 ნარკოტიკული დანაშაულია დაფიქსირებული, აქედან 2 422 საქმე გახსნილია. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებით, 1704 დანაშაულიდან 1591 გაუხსნიათ.

 

ნარკოტიკის გამეორებით მიღებისთვის წელს 1660 პირი დასჯილა, გასულ წელს – 1084. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის პირველ ხუთ თვეში, მაგალითად, მარიხუანასა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალების გამეორებით მოხმარებისთვის დაჯარიმებულებმა ბიუჯეტში მინიმუმ 2 მილიონი ლარი შეიტანეს.

 

შს სამინისტროს მონაცემებით, 21 წელს მიუღწეველი ან ნასამართლეობის მქონე თუ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით დასჯილი პირებიდან 133-ს ცივი იარაღი აღმოაჩნდა.

 

გაუპატიურება

 

შს სამინისტროს მონაცემებით, შარშანდელ ხუთ თვესთან შედარებით, წელს გაუპატიურების ფაქტებმაც იკლო – შარშან ხუთ თვეში გაუპატიურების 26 შემთხვევა დაფიქსირებულა, წელს – 16. სტატისტიკაში ამ კუთხით კიდევ ერთი მუხლია გამოყოფილი – “დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ” (მ.137-141). ეს მუხლი წელს 59-ჯერ დარღვეულა, შარშან – 71-ჯერ.

 

ოჯახში ძალადობა

 

ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით წელს ოჯახური ძალადობის კუთხითაც კლების ტენდენციაა. ერთსა და იმავე პერიოდში შარშან ოჯახში ძალადობის 180 შემთხვევა დაფიქსირებულა, საიდანაც 133 გახსნილია, ხოლო წელს 165 შემთხვევიდან 151-ია გახსნილი.

 

წელს ოჯახში ძალადობაზე არასათანადო რეაგირების, მათ შორის ქმრების მიერ ცოლების მოკვლის შემაშფოთებელი სტატისტიკის გამო, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ საკითხზე განმარტება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკეთა და თქვა, რომ “ოჯახში მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრა რიგითი მოვლენა ვერ იქნება”.

 

სასტიკი დანაშაულისა და სხვათა სტატისტიკა

 

შს სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის პირველ ხუთ თვეში, ისე როგორც შარშან იმავე პერიოდში, 38 ადამიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში წელს ცხრაჯერ დაფიქსირდა, შარშან – 15-ჯერ. თვითმკვლელობამდე მიყვანის 214 ფაქტი გასული წლის პირველ ხუთ თვეში დაფიქსირებულა, 179 – წელს. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლით აღძრული საქმეებიდან შარშან მხოლოდ 2 საქმე გაუხსნიათ, წელს – 1.

 

მკვლელობის მცდელობის შესახებ შს სამინისტროს მონაცემები ასე გამოიყურება: 2014 წელი – 53; 2013 წელი – 75.

 

ასევე აღრიცხულია 4 დანაშაული სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ, ასეთი დანაშაულის რაოდენობა შარშან ამავე პერიოდში 0 იყო.

 

შსს-ს დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს მათ გამოავლინეს ტერორიზმის 3 შემთხვევა, აქედან, მათივე დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ ერთია გახსნილი.

 

27.67%-ითაა გაზრდილი ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი, მიმდინარე წელს 849 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

წინა წლის ორი ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკა

 

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკის გარდა, ერთადერთი მონაცემი დანაშაულის დეტალური სტატისტიკის შესახებ ექსკლუზიურად “ნეტგაზეთს” ჰქონდა მოპოვებული. „ნეტგაზეთმა“ მაშინ 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე საქართველოში მომხდარი დანაშაულებების სტატისტიკა გამოითხოვა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, მაშინ გაირკვა, რომ დანაშაულის სტატისტიკა წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად თავის ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია. მაშინ შს სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებდა, ოღონდ სიტყვიერი განცხადებით.

 

შს მინისტრი სტატისტიკის შესახებ

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ზუსტია და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალმა მოიმატა, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

“ის, ვინც ცდილობს, რომ მოახდინოს სამინისტროს დისკრედიტაცია, არის მიუღებელი ჩემთვის. თქვენ თვითონვე განიხილავთ სამინისტროს სტატისტიკას, შეხედავთ, გაუმჯობესებულია მდგომარეობა, კრიმინოგენური სიტუაცია, ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ეს არის დაზუსტებული, არანაირი ცდომილება არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური ავანტიურისთვის შექმნან საზოგადოებაში განცდა, რომ კრიმინალმა მოიმატა ქვეყანაში. ეს არ შეესაბამება რეალობას. ეს არის კარგად გაწერილი ანტიპიარი სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ, რითაც საზოგადოებაში უნდათ განწყობის შექმნა, რომ ქვეყანაში არის კრიმინოგენური სიტუაცია დაძაბული”.

პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე
პოლიციის დღე ბათუმში. ფოტოზე: ყოფილი შს მინისტრი და ამჟამად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი