სამართალი

26 მაისის საქმეზე შოთა უტიაშვილი და შსს–ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს

18 თებერვალი, 2014 • • 1467
26 მაისის საქმეზე შოთა უტიაშვილი და შსს–ს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის პირველი მოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი იყო.

 

როგორც უტიაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, 26 მაისის აქციის დაშლას წინ რამდენიმე ფაქტი უძღოდა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ საქმე ეხებოდა კარგად დაგეგმილ პროვოკაციას:

 

“26 მაისამდე ამერიკის საელჩოსთან იმართებოდა აქციები კიწმარიშვილისა და სუბარის მონაწილეობით, ამავე პერიოდში ჩვენ ჩამოგვივიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლიც საფუძველზეც გავაძლიერეთ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოების ზომები, რადგან ჩვენი ინფორმაციით ოქრუაშვილი აპირებდა შემოჭრას. სამხრეთ ოსეთში гру-ს დანაყოფები შემოიყვანეს და ოქრუაშვილს შეეძლო გამოეყენებინა. ჩვენ ჩავკეტეთ საოკუპაციო ხაზი. ამ ყველაფერმა გვაფიქრებინა, რომ საქმე გვქონდა კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან და ჩვენ უნდა მიგვეღო ზომები, რათა ეს პროვოკაცია არ განხორციელებულიყო”, – განაცხადა უტიაშვილმა. მისივე თქმით, არსებობდა ე.წ. შეფიცულთა რაზმები, რომელიც მამაკაცებისგან შედგებოდა, ისინი აქციებში მონაწილეობდნენ და იყვნენ შეიარაღებული პლასტმასის მილებით, დროშის ტარებით და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით:

 

“ისინი აპირებდნენ, რომ შუშის ბოთლში ჩასხმული ბენზინი პოლიციის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, თუმცა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება არ დაფიქსირებულა, რადგან 26 მაისს ძლიერი წვიმა იყო, მანამდე კი პოლიციასთან ასეთი მასშტაბის შეჯახება არ მომხდარა”, – განაცხადა უტიაშვილმა.

 

შოთა უტიაშვილის განცხადებით, აქციის დაშლას ის თვალყურს შტაბში განთავსებული მონიტორიდან ადევნებდა:

 

“მე ტელევიზიით ვნახე, რომ მერიის თანამშრომელმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლილიყვნენ ან სხვა ადგილზე გადაენაცვლათ. ამის შემდეგ მონიტორზე ვნახე, რომ რაზმი წამოვიდა ოპერის მხრიდან, პოლიციის პატარა რაზმი ასევე ჩამოვიდა ჩიტაძის ქუჩიდანაც, რათა გადაეჭრათ ტროსი, რომელიც მომიტინგეებმა გააბეს. რამდენიმე ხნის შემდეგ დავინახე, რომ მონიტორი დაიწმინდა მომიტინგეებისგან. დაშლა დიდხანს არ გაგრძელებულა, 2–3 წუთი, აქციის დაშლის შემდეგ მალევე მინისტრმა დატოვა შტაბი”

 

უტიაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრს ვერ ხედავდა, მაგრამ ვარაუდობს, რომ პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელები დატოვებული ჰქონდა:

 

“ჩემი ინფორმაციით, 170–მდე კაცი დააკავეს, რასაც ვუყურებდი, აქციაზე 2500–მდე ადამიანი იყო, დანარჩენი ხალხი ხომ წავიდა სადღაც, ე.ი. გასავლელები იყო”, – აცხადებს უტიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ აქციის დაშლა უკანონოდ არ მომხდარა და დენსუსის დასკვნას ასახელებს:

 

“ამ დასკვნის მოსამზადებლად აშშ–მა გამოგზავნა ჯგუფი, რათა შეესწავლათ აქციის დაშლა, ისინი ჩამოვიდნენ, შეხვდნენ ხალხსაც, შსს–ს თანამშრომლებსაც, მათ შორის შალვა ჯანაშვილს, მათ ჰქონდათ ფოტო და ვიდეომასალა და შემდეგ დაიწერა დასკვნა”, – აღნიშნა უტიაშვილმა დაკითხვისას.

 

შოთა უტიაშვილი დაკითხა თავად ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმაც, მან უტიაშვილს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის კითხა:

 

“თქვენ გინახავთ, რომ რომელიმე ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ბრალი წაეყენებინათ მიტინგის დაშლის გამო?”, – რაზეც უტიაშვილმა უპასუხა, რომ არ უნახავს.

 

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლაში უშუალოდ მონაწილეობდა.

 

როგორც ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, 26 მაისამდე დაახლოებით 40 კაცისგან შემდგარ რაზმთან ერთად ტელევიზიის შენობაში იმყოფებოდა და იქ მიმდინარე აქციების დროს პერიმეტრის დაცვა ევალებოდა. მისი თქმით, ტელევიზიასთან მიმდინარე აქციების დროს მათ მომიტინგეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, არსებობდა ამის დამადასტურებელი კადრებიც და 26 მაისს სამართალდამცავებს სხვა მომიტინგეების დაკავებასთან ერთად ამ ადამიანების იდენტიფიცირებაც დაევალათ:

 

“26 მაისს ჩვენ ვიდექით თავისუფლების მოედანზე, გვქონდა დავალება, რომ მომხდარიყო დაკავება ადამიანების, ვინც გამოიქცეოდა, ყველასი, ვინც დანაშაულს ჩადიოდა, და ასევე იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ტელევიზიასთან რაზმს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა”, – განაცხადა ფირცხალავამ.

 

მისივე თქმით, აქციის დაშლის დაწყების შემდეგ ისინი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მიმართულებით დაიძრნენ, თუმცა ქუჩა მთლიანად გადაკეტილი არ ყოფილა:

 

“ჩვენთან ჩამოირბინა პოლიციელმა, რომელმაც თქვა, რომ  მომიტინგეები სამართლადმცავებს თავს დაესხნენ, მეტროში ჩასვლას ცდილობენ და კანცელარიისკენ ასვლასო, ამის გამო დავიძარით თავისუფლების მეტროსკენ. შემდეგ აფეთქების ხმა მოისმა და ყველგან ჩაქრა შუქები. თავისუფლების მეტროსთან რომ მივედით, დავინახეთ, რომ ჩვენკენ ბურჯანაძის მანქანები წამოვიდნენ. ლორთქიფანიძისგან ბრძანება გვქონდა, რომ ნებისმიერი მანქანა, რომელიც შევიდოდა ან გავიდოდა, უნდა გაგვეტარებინა ხელუხლებლად. გზა ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ ბურჯანაძის ესკორტის ერთ–ერთი მანქანა პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა და დაიწყო ცხვირით მოწოლა, მოგვაწვა და წავიდა, გადაყარა  ერთი 7 კაცი დაახლოებით 8–10 მეტრზე, დანარჩენმა მანქანებმა ძირს დაყრილ პოლიციელებზე დაიწყეს გადავლა, 4–5 ადამიანი უგონოდ ეგდო, მე მეგონა დაიხოცნენ. ამის შემდეგ კი უკვე პროცესი უმართავი გახდა”, – განაცხადა ირალი ფირცხალავამ. მისი თქმით, ამის შემდეგ ორივე მხარე, მომიტინგეებიც და პოლიციელებიც, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მისი თქმით, სამართალდამცავების აგრესია ერთი პოლიციელის გარდაცვალებამ გამოიწვია:

 

“კინო რუსთაველის სალაროებთან ჯაჭვლიანიც კი ყვიროდა, თუ ვიღაცა მოკვდა, ჩემს ფეხს ვერავინ ვერ დაინახავს ბურჯანაძესთან ახლოსო”, – განაცხადა ფირცხალავამ

 

მისივე თქმით, რამდენიმე პოლიციელს აგრესიულობის გამო ის ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მათი სახელები და გვარები დანაყოფების ხელმძღვანელებს გადასცა:

 

“რამდენიმე პოლიციელი, რომელიც ხალხს ურტყამდა, გავლახე”, – განაცხადა ფირცხალავამ, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ფიზიკურად არც ერთ პოლიციელს არ გასწორებია, უბრალოდ, ისინი კედელთან დააყენა და მიუთითა, რომ აგრესიულად აღარ მოქცეულიყვნენ. ფირცხალავა აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, დაისაჯნენ თუ არა ამის შემდეგ აღნიშნული პოლიციელები.

 

დღევანდელ პროცესზე დაკითხული დაცვის კიდევ ერთი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, რომ აქციის დაშლიდან რამდენიმე დღეში რამდენიმე პოლიციელი მართლაც დაისაჯა, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია:

 

“მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაშლა წარმატებით განხორციელდა, რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე პოლიციელი ძალადობდა მოსახლეობაზე, რამდენიმე პოლიციელი ერთ ადამიანს ურტყამდა და ა.შ. როგორც ვიცი, მოიძიეს ეს ხალხი და დასაჯეს, კონკრეტულად ვინ დაისაჯა, არ ვიცი, ადმინისტრაციის უფლებებში არავის დასჯა არ შედის”, – განაცხადა დაკითხვაზე შოთა ხიზანიშვილმა.

 

პროკურატურის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია აქციაზე დაშავებულების შესახებ, ხიზანიშვილმა განაცხადა:

 

“მე როგორც ვიცი, დაიღუპა ერთი მოქმედი პოლიციელი, ერთი ყოფილი პოლიციელი და კიდევ ორი მოქალაქე”

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხა მერიის იმდროინდელი პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე, რომელმაც ისაუბრა იმის თაობაზე, რომ რამდენჯერმე გააფრთხილა მერიამ აქციის მონაწილეები სანქციის ამოწურვის თაობაზე. ბაჩო დოლიძის განცხადებით, მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს სხვა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, განხორციელდა როგორც ტელევიზიის საშუალებით, ასევე, უშუალოდ რუსთაველის მოედანზე:

 

“მერიის მხრიდან დაშლაზე მოწოდება ვერ იქნებოდა, ჩვენ უბრალოდ შევახსენეთ აქციის მონაწილეებს, რომ გადიოდა სანქცირებული 24-საათიანი ვადა”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

 

26 მაისის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 19 თებერვალს განახლდება. ხვალინდელ სხდომაზე დაიკითხებიან შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და ქალაქის პოლიციის უფროსი გიორგი ხიზანიშვილი. ზეგ, 20 თებერვალს დაიკითხებიან ლიტველი ექსპერტები და ამით 26 მაისის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდება.

 

დასკვნით სიტყვას პროკურატურა 24 თებერვალს, ხოლო დაცვის მხარე 26 თბერვამს წარმოთქვამს, განაჩენი კი სავარაუდოდ 28 თებერვალს გმოცხადდება.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი