სამართალი

ადვოკატი: როგორც ვიცი, ადეიშვილს მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი

16 ივლისი, 2013 • • 1423
ადვოკატი: როგორც ვიცი, ადეიშვილს მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი

ადეიშვილის გვარი ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წითელი ცირკულარით ძებნილი პირების სიაში დღემდე არ იძებნება.

ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

საქართველოს საგამოძიებო უწყებები აცხადებდნენ, რომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის თვის დასაწყისში  გადაუგზავნეს, თუმცა მას შემდეგ უკვე 5 თვე გავიდა და ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა ამ დრომდე არ დაწყებულა.

“მე ამას დარწმუნებით ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ამის [ძებნის არ დაწყების] მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ინტერპოლის კონსტიტუციის თანახმად, ძებნაზე არ სვამენ პირს, თუ აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდებოდეს მის მიმართ. ჩემთვის უცნობია ისიც, რეალურად მიმართეს თუ არა მათ ინტერპოლს ძებნასთან დაკავშირებით, მე ეს წერილი არ მინახავს. თუ სახელმწიფომ ინტერპოლს მიმართა და ინტერპოლმა ძებნაზე არ დასვა პირი, ალბათ, მას თავისი არგუმენტები აქვს”, – აცხადებს იუსტიციის ექსმინისტრის ადვოკატი ოთო კახიძე.

მარტის თვეში საქართველოს შს სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების შეფერხება გარკვეულ დოკუმენტაციას  უკავშირდებოდა. მარტში შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს პრობლემა დოკუმენტაციას უკავშირდება. მისი თქმით, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში მიმდინარეობდა ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლა და ქართულ მხარეს ამ უწყებაში დამატებითი საბუთების გადაგზავნა დასჭირდა. მან არ დაააკონკრეტა, თუ რა დამატებითი მასალების გადაგზავნა გახდა საჭირო ინტერპოლის გენერალურ კომისარიატში.

 

“ნეტგაზეთმა” ადეიშვილის საკითხზე შსს–ს პრესსამსახურს ივლისის თვეშიც მიმართა, თუმცა მათ ამ დრომდე არ უპასუხიათ კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ადეიშვილის ძებნა: “გავარკვევთ და დაგირეკავთ”.

იუსტიციის ექსმინისტრს საქართველოში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილმა ერთ–ერთ სახელმწიფოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცედურებიც დაიწყო.

“თავშესაფრის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, როგორც ვიცი, და ამას ვერ დაგიდასტურებთ რაიმე წყაროთი, როგორც გაგებული მაქვს, მას უკვე მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი”, – აცხადებს ადეიშვილის ადვოკატი ოთო კახიძე და თავს იკავებს დააკონკრეტოს, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი და არის თუ არა ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრი.

ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების ერთადერთი ექსმაღალჩინოსანია, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა და წითელი ცირკულარით ძებნა ინტერპოლმა ამ დრომდე არ დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი