ახალი ამბები

საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ლოპოტის სპეცოპერაციის მსხვერპლებს შორის

17 სექტემბერი, 2012 • 2249
საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ლოპოტის სპეცოპერაციის მსხვერპლებს შორის

გაუცხოებული დუისი

დუისში 12 საათისთვის ჩავედი. ამ სოფელში დაახლოებით ათასი ოჯახი ცხოვრობს. შეუძლებელია იმის თქმა, რომ სოფელში ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტები ამ სოფლის ყველა კუნჭულში ყველასთვის ერთნაირია.

ვაჰაბიტების მეჩეთთან რამდენიმე ახალგაზრდა კაცი ტრიალებს გამორჩეულად გრძელი წვერით. იქვე არიან თავსაფრიანი გოგონებიც. ვეკითხები, ლოპოტის ხეობაში გარდაცვლილების სახლებს ხომ არ მიმასწავლიან. უარის ნიშნად თავს აქნევენ. უკვე ნახევარი საათი გადის.

“ის მაინც მითხარით, ამხელა სოფელში ზევით წავიდე თუ ქვევით, საითკენ არის გარდაცვლილების სახლი?” – ახლა უკვე კაცს ვეკითხები.

“ზევითაც შეგიძლიათ წასვლა და ქვევითაც”, – მპასუხობს.

ქალი ცნობისმოყვარედ მაკვირდება. მასთან საუბრის თემას ვცვლი და ვეკითხები, სად შეიძლება ვისადილო.

“მე აქაური არა ვარ, არ ვიცი”, – მივიღე პასუხად. ვეკითხები – გარდაცვლილებიდან რომელიმეს სახლი ხომ არ იცის. თვალით მანიშნა.

გამოდის, ერთ-ერთი მოკლულის – ბაჰაუდინ ალდამოვის სახლის წინ ვტრიალებდი ამდენ ხანს. გამიმხილა, რომ ასლან მარგოშვილის სახლი ქვევით იყო, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის – ზევით. ესენი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდები არიან.

სახლი უკვე ვიცი, მაგრამ ვცდილობ გამვლელისგან გავიგო, ალდამოვებთან მისვლით რაიმე წესს ხომ არ ვარღვევ.

“მიდი და თავად გეტყვიან”, – იყო პასუხი.

“ძველი მეჩეთისკენ წადი, იქ უფრო დაგელაპარაკებიან” – მეუბნება ისევ ნაცნობი ქალი.

ძველი მეჩეთი სოფლის მთავარი გზიდან მოშორებით დგას. გზადაგზა ყველას ვეკითხები, ლაფანყურის ოპერაციის შესახებ რა იციან. პასუხს ისევ არავინ მცემს. მამაკაცებთან აღარ ვჩერდები. უკვე წამოსვალზეც ვფიქრობ. სამი საათი სრულდება.
გონებაში კავკასიელების სტუმართმოყვარეობის ამბავი მიტრიალებს. კიდევ ერთ ქალს ვაჩერებ. ქალი, რომელმაც ის-ისაა ზურგი უნდა მაქციოს, გავაჩერე და გაბრაზებით ვუთხარი, მათი სტუმართმოყვარეობის შესახებ რასაც ვფიქრობდი. ის ჩემკენ შემობრუნდა.

– “თქვი, რა გინდა”.

იქვე ძელსკამი დგას – “თუ უფლებას მომცემთ ჩამოვჯდები”.

დამთანხმდა.

– “განა პირველად უშვებდნენ, მაგრამ ახლა მოკლეს… რუსების შეეშინდათ და მაგიტომ. მაგათ ხელში იარაღი აქედან გასვლის მერე გაჩნდა. ერთი ტყვიაც არ უსვრიათ, ჩვენებიც და ქართველებიც ნაღმზე აფეთქებულან, პოლიციის ნაღმზე”, – ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც ოთხი წინადადება მითხრა ლაფანყურში დაღუპულებზე.

ამ ქალის დახმარებით სხვა ეზოში მოვხვდი. იქ უფრო ბევრ რამეს ამბობენ.

“მაგათ სულ უშიშროებასთან ჰქონდათ საქმე. ახლა რუსების შესყიდულები ყოფილან და ამბავი გაუგიათ რუსებსა. ამიტომაც დახოცეს. იმ რუსებს აქამდე მოღწევა კი უნდათ და თუ ამათ დაიჭერდნენ, მოვიდოდნენ კიდეც. პანკისში ჩეჩნები ცხოვრობენ. რუსები ჩეჩნებს რომ დასდევენ, ეგ ვინ აღარ იცის”.

ქალი სპეცოპერაციის დროს დაღუპული ოთხი ჩეჩენის შეურაცხყოფაზე ჰყვება:

“დედა იყო ერთის ჩამოსული. შვილი საფლავში აჩვენეს, თურმე ოთხივე ცხედარი ერთმანეთის ზემოდან ეყარა, ვის თავი სად ჰქონდა და ვის ფეხები. ამ ქალმა თავისი შვილი მარტოკა კბილით იცნო, ისე იყო ცხედარი დასახიჩრებული. თხოვა, ცხედარი მომეცითო და არ მისცეს. წესიერად მაინც დამამარხვინეთო და – არა. დედის თვალწინ თურმე ტრაქტორით მიაყარეს ერთმანეთზე დაყრილ ცხედრებს მიწა”.

გზას ვაგრძელებ გამყოლებთან ერთად. სხვების მონაყოლიც ზუსტად ისეთივეა, რაც აქამდე მოვისმინე. ვაჰაბიტების შესახებ ვეკითხები:

“პანკისს ხელისუფლება ვაჰაბიტების მეშვეობით რომ აკონტროლებს, აქამდე ვინმე მალავდა?! თქვენთან იეღოველები რომ არიან, ჩვენთანაც ეგრეა ვაჰაბიტები. აღარ თვრებიან. ადრე თუ სულ ჩხუბი იყო, ახლა აღარავინ ჩხუბობს, არც ცოლებს სცემენ და არც მშობლებს ეჩხუბებიან. ოღონდ ერთია – ჯიჰადი აქვთ გამოცხადებული…

იცი, როგორი ხალხი შემოვიდა ჩეჩნეთიდან – ვის თვალწინ მოუკლეს დედა, შვილი გააუპატიურეს. ზოგს მთელი ოჯახი ამოუხოცეს და მარტო თვითონ გადარჩა. აი, იმათ ძალიან უჭირთ ამის დავიწყება. ბევრი ჩეჩენი წავიდა საზღვარგარეთ და იქედან გამოაცხადეს ჯიჰადი, ანუ შურისძიება. ზოგი ქისტიც მას მერე გახდა ვაჰაბიტი”.

ჩემს ჩანაწერებში ქისტების სახელებმა და ტელეფონების ნომრებმა იმატა. ოღონდ ყველა მოითხოვს, რომ ვინაობა არ უნდა დავასახელო:

“ჩვენი სახელები რა საჭიროა?! მოკლული ბიჭების საქმეში ყველანი ერთნი ვართ – ქისტები გვქვია”.

მეგზურ გოგონებთან ერთად გზად “ქართული ოცნების” ოფისში შევიარე. ცდილობენ ლოპოტის ხეობაში მომხდარ სპეცოპერაციაზე ცოტა თქვან. ასმათ ალხანაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ მათ ხელს ისე აქტიურად ვეღარ უშლიან:

“დაღუპული ბიჭების ამბავმა იმოქმედა. 98 პროცენტი “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს. ჯერ ხალხი შოკშია, სხვისი შვილების გამო ეშინიათ”.

 

“ნაციონალების” ოფისთან კი დეპუტატობის კანდიდატის, პეტრე ცისკარიშვილის მანქანა დგას. ცისკარიშვილი ამომრჩეველთან შესახვედრად არის ასული. ოცამდე დუისელთან ერთად ოფისშია შეკეტილი. კარი შიგნიდან ურდულითაა დაკეტილი. დაკაკუნების შემდეგ ოდნავ შეღებული კარიდან თავი გამოყო დუისის გამგებელმა და თქვა, რომ შენობაში ვერ შემიშვებს.

ჩაკეტილ კარს მიღმა 20-მდე მოქალაქე ზის – ლოპოტის ოპერაციას განიხილავენ. კარიდან მომხსენებლის ხმა ისმის: – “დოკუ უმაროვი არ არის ის კაცი, ჩეჩნები ტყუილად რომ ენდობოდნენ. არ ვფიქრობთ, რომ ის უუნაროა. მაგრამ ესენი უფრო “ფეესბეს” აგენტები იყვნენ. სწორი იყო, როგორც მოიქცა ხელისუფლება”.

შეხვედრიდან გამოსულებს შორის ერთი ვაჰაბიტი მამაკაცი და ბიზნესმენი ჯაბრაილ ხანგოშვილიც არიან – ფოტოკამერის დანახვისთანავე ვაჰაბიტმა საქართველოს დროშა აიფარა. პეტრე ცისკარიშვილმა კი თქვა, რომ “სალაპარაკოდ არ სცალია”.

მმართველი პარტიის ოფისიდან პანკისელ მამაკაცს გარდაცვლილი ბაჰაუდინ ალდამოვის სახლთან მივყავარ. ის სახლში შედის და ცოტა ხანში ალდამოვის მამასთან ერთად გამოდის. უფროსი ალდამოვი ამბობს, რომ ორშაბათს, 17 სექტემბერს განცხადებას გააკეთებს.

ჩემი მასპინძელი თავის სახლში მეპატიჟება ღამის გასათევად. ამბობს, რომ არ იცის, რას იტყვის მამა ალდამოვი ორშაბათს.

“არ მიკითხავს და არც მინდა ვიცოდე, რას იტყვის. ამბავმა რომ გაჟონოს, თავის მართლება მომიწევს, რომ მე არ მითქვამს”.

დაძინებამდე მასპინძლის სახლში კიდევ ორ ადამიანს ვხვდები:

“იარაღს როგორ შეინახავ, რომ დაიარო ერთ ხანჯალს ვერ იპოვი ხეობაში. ტოტალურად აკონტროლებენ ყველა ადამიანს. აქამდე ქისტები მთავრობას აძლევდნენ ხმას, მაგრამ ახლა ისინიც კი აღარ მისცემენ ხმას, ვინც მაგათთან მუშაობს. 800 ქისტი ჩავიდა თელავში ივანიშვილის აქციაზე, ამდენი ქისტი აქციაზე ვინმეს უნახავს? – არა. ნაბადი აჩუქეს ივანიშვილს. ამის მერე შემოგვითვალა სააკაშვილმა, გავიმარჯვებ და ქისტებს მერე მოვუვლი – ჭიანჭველებივით გავსრესო. მოვიდეს და გაგვსრისოს”.

დუისში ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურად ყველა განადგურებულია:

“ეს ჩვენთვის მაგალითი იყო – პირდაპირ გვითხრეს, რომ არაფრად ვუღირვართ და ნებისმიერ მომენტში ასე მოგვექცევიან. თუნდ ცუდი რამ მართლა ჩაედინათ იმ ბიჭებს, ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც გამოეხატა გულისტკივილი სააკაშვილს, ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ქისტებს გვითანაგრძნობს. ჩვენ ხომ ის ეროვნული უმცირესობა ვართ, ვისაც საქართველოსთვის არც ერთხელ, არც ისტორიულად და არც დღეს, არ უღალატია არც ერთ ქისტს. ასი პროცენტით ვიცით ქართული. ყველა ეთნიკური უმცირესობა თავის მშობლიურ ენაზე სწავლობს სკოლაში, ჩვენ კი ჩეჩნურად, ჩვენ ენაზე წერა-კითხვა არ ვიცით. ჩვენ ბეჩავ ხალხს ამუშავებენ იმ იდეოლოგიით, რომ თუ არ დავწყნარდებით, რუსი მოვა, მაგრამ ეს აღარ იმუშავებს. ასე ჩუმად ყოფნა დიდხანს აღარ გაგრძელდება. ჭექა-ქუხილი იყო, ახლა სიტუაცია ცოტა დაცხრა, ქისტები აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს. ველოდებით, როდის დაგვიძახებენ დაღუპულების ოჯახები. კაცი არ დარჩება პანკისში, ვინც მათ გვერდით არ დაუდგება”.

ჩემი მასპინძლის სახლი გათენებამდე დავტოვე. დილის შვიდი საათისთვის თბილისისკენ მიმავალმა სამარშრუტო ტაქსმა ჩამოიარა. ტრანსპორტში ძირითადად ქალები ისხდნენ.

 

რა იციან დუისში

1. საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ლოპოტის ხეობაში ჩრდილოკავკასიიდან შემოსული დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს, ტყუილია. დუისისთვის ფაქტი ის არის, რომ ეს ჯგუფი აქედან იქით მიდიოდა. მეტიც, ამ ჯგუფს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი აცილებდა.

2. ბაჰაუდინ ალდამოვი, იგივე ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, პირობითი პატიმარი იყო. სწორედ ამის გამო ის კვირაში ერთხელ პოლიციაში მიდიოდა და ქვეყნიდან გაუსვლელობას ხელწერილით ადასტურებდა. დუისში ამბობენ, რომ მათ ამის უტყუარი მტკიცებულება აქვთ.

3. ასლან მარგოშვილი – კიდევ ერთი მოკლული, პედაგოგის შვილია. ეს განათლებული ოჯახია, ყველასთვის მოულოდნელი იყო ბიჭის ამ ჯგუფში მოხვედრა. არათუ ამ ოჯახში, მათ გვარშიც კი თითქმის წარმოუდგენელია, ვინმე ვაჰაბიზმის იდეოლოგიას მისდევდეს… ასლანი გამორჩეულად ნიჭიერი იყო, თბილისში სწავლობდა, განსაკუთრებით კარგად ერკვეოდა რუკაში, ოთხი ენა იცოდა. ეტყობა, ის სწორედ ამისთვის დასჭირდათ.

ავსტრიაში წასული ასლანი უტყუარი მტკიცებულებით საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. 13 მარტის შემდეგ ის სოფლის მეჩეთში ნახეს. საქმე იმაშია, რომ ასლანის მამა მძიმედ იყო ავად. მაშინ ითქვა, რომ ასლანის დაჟინებული მოთხოვნით ის სოფელში ამოიყვანეს, ოღონდ სახლში არ მიუშვეს. ასლანი და თედოც (მამა) მიიყვანეს ვაჰაბიტების მეჩეთში – მამა-შვილი იქ შეხვდა ერთმანეთს. მერე ასლანი ისევ წაიყვანეს. სოფელში ამის თვითმხილველები არსებობენ.

4. ჯგუფი, რომელშიც ჩეჩნები და ქისტები იყვნენ, პირველად არ გადასულა იქით მხარეს. ეს ხალხი და მათი მიმდევრები იკრიბებოდნენ ერთ-ერთ სახლში. მათ საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებიც ხვდებოდნენ.

5. მოკლულების ცხედრების დაკრძალვა არ დაანებეს ოჯახებს. მათი ცხედრები მიიტანეს და განბანეს ერთ-ერთ სახლში. მოკლულები დამარხეს ადგილობრივმა ვაჰაბიტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა – ახლობლებს მათი ნახვის უფლება არ მისცეს.

6. გვამები იყო შეურაცხყოფილი. ერთ-ერთს სახეზე სამხედრო ჩექმის ნაკვალევი ეტყობოდა. დუისში ამბობენ, რომ ამ ჩექმის ზომას ინახავენ.

“ცალხელა აჰმედი”, ანუ ხელისუფლების მთავარი შუამავალი


დუისში იციან, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის სამი შუამავალი მუშაობდა. ერთ-ერთი “ცალხელა აჰმედი”, იგივე აჰმედ ჩატაევია. მან ხელი რუსეთის არმიასთან ომში დაკარგა. დუისში ამბობენ, რომ ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ ჩატაევს უკვე თბილისში განგრენის გამო ფეხიც მოკვეთეს.

ჩატაევი ავტორიტეტია პანკისელი ვაჰაბიტებისთვის, ახლო ურთიერთობა აქვს ჩეჩნეთის გადახვეწილ ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებასთან. პანკისელ ვაჰაბიტებს ხელისუფლება აჰმედ ჩატაევის მეშვეობით აკონტროლებს.

დუისელების თქმით, აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ მიიყვანა ჯგუფთან მოსალაპარაკებლად. ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც გაირკვა, რომ ჯგუფის გადაადგილებისა და მისი წევრების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა რუსეთის დაზვერვაში. საზღვართან საჯარისო შენაერთებს რუსეთმა ანტიტერორისტული ოპერაციისთვისაც კი მოუყარა თავი. ჯგუფის წევრები სახლებში სწორედ ამიტომ ვეღარ დააბრუნეს.

“სახლებში წადითო, რომ ეთქვათ, წამოვიდოდნენ. ბიჭებს უთხრეს, რომ ციხეში უნდა წასულიყვნენ. ჯგუფმა ამაზე უარი თქვა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მათი განადგურება. აჰმედ ჩატაევი როგორც კი მიხვდა, რომ ჯგუფს წირავდნენ, მათთან დარჩა. ჩატაევი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა”.

დუისში ამბობენ, რომ დოკუ უმაროვის განცხადება, თითქოს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია, აჰმედ ჩატაევის ცოცხლად გადარჩენამ განაპირობა.

“ეს ყველაფერი, ალბათ, აჰმედის დასახსნელად გაკეთდა” – ამ საკითხზე დუისში ეს განმარტება აქვთ.

შუამავლად აჰმედ ჩატაევთან ერთად კიდევ ერთი ქისტი ფიგურირებს. დუისში მის გვარს არ ასახელებენ:

“ის თბილისში ცხოვრობს და ცუდი გზით გამდიდრდა. თბილისში ბევრი მდიდარი ქისტი არ ცხოვრობს, ამიტომ შეგიძლიათ თავად მოძებნოთ”, – ამ მოტივით ამბობენ უარს მოლაპარაკებაში ჩართული ქისტის ვინაობის გამხელაზე.

ქისტი მამაკაცების ჯგუფმა ოპერაციის “მოლაპარაკების დეტალები” თანამემამულესთან სწორედ თბილისში დააზუსტეს.

ქისტებისთვის საქმეში არსებობს მესამე ადამიანიც და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი სანდრო ამირაძეა. ამირაძეზე ითქვა, რომ ჯგუფი მას მიჰყავდა და გარდაცვლილი ქისტების ახლობლებთანაც ის მივიდა – მათ გასაჩუმებლად.

რანაირად დაემუქრა? – “მათ სხვა შვილებიც ჰყავთ, თანაც, თვითონაც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან”.

ქისტებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა “დივერსანტთა ჯგუფის” შემადგენლობის ზუსტი ვინაობა და მათი შესაძლებლობები.

“ჯგუფში მხოლოდ 3-4 კაცი იყო გამოცდილი მებრძოლი, დანარჩენები ისეთი ბიჭები იყვნენ, ვისაც ყოველდღე ვხედავდით, აი, ისეთები, სიგარეტის ფული რომ არ აქვთ. რითი უნდა ეყიდათ ის იარაღი, რაც კადრებში აჩვენეს?!”.

ქისტებმა იციან ის, რაც იცის ხელისუფლებამ – დახოცილებისა და ცოცხლად გადარჩენილების ვინაობა. აქამდე დასახელებულების გარდა, კიდევ სამი მოკლულის გვარს ასახელებენ, მაგრამ კატეგორიულად ითხოვენ, რომ ეს არ უნდა დაიწეროს. სოფლების დასახელებაზე ვთანხმდებით – სამი მოკლულიდან ერთი ჯოყოლოელია, მეორე– ომალოელი, მესამე –ბირკიანელი. სამივე ქისტი საქართველოს მოქალაქეა. მათი გვარები ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

ცოცხლად დარჩენილები

საქართველოს ხელისუფლება სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ექვს ცოცხლად გადარჩენილ “დივერსანტს” ეძებდა ტყეში. იპოვა თუ არა ისინი, არ უთქვამს. გავრცელებული ჭორის – თითქოს მათ თურქეთში გააღწიეს, საიდანაც დარეკეს ოჯახებში, რომ კარგად არიან– დუისში არ სჯერათ.

“თურქეთში ვერ გავიდოდნენ. ისინიც ხელისუფლებას ჰყავს და სპეციალურად დაარეკინეს, რომ აქ არ ვეძებოთ… მაგრამ ღმერთი ისე როგორ გაგვწირავს, ერთი მათგანი მაინც რომ არ გადარჩეს?!”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციას ლაფანყურში, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის სამი სპეცრაზმელია, დანარჩენები– ე.წ. “დივერსანტების ჯგუფიფს” წევრები. მათგან, შსს-ს ცნობით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7, რომელთა შორის ორია საქართველოს მოქალაქე. 

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი