სამართალი

ონისე იაკობაძე: „ჩემი შვილი იმ პოლიციამ დააკავა, ვინც მოკვლით ემუქრებოდა“

13 ივლისი, 2013 • 1969
ონისე იაკობაძე: „ჩემი შვილი იმ პოლიციამ დააკავა, ვინც მოკვლით ემუქრებოდა“


გაქცევა ბათუმში

 

რომან იაკობაძე ადიგენიდან ბათუმში 4 ივლისს, ღამით გამოიქცა. მან ტყე-ტყე ჩამოაღწია თავის შორეულ ნათესავთან. ბათუმში ჩამოსული რომან იაკობაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) მივიდა დახმარების თხოვნით. იმავე ღამეს რომან იაკობაძის შესახებ ინფორმაცია მიიღო ქვეყნის სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.

 

წერილში, რომელიც არჩილ კბილაშვილის სახელზე დაწერა რომან იაკობაძემ, აღწერილია, თუ როგორ აიძულეს პოლიციელებმა მეზობელ სოფელში მცხოვრები ნათესავის – ოთარ ბერიძის სახლში იარაღი ჩაედო, შემდეგ კი სიკვდილის მუქარით დააწერინეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და ხელიც მოაწერინეს.

 

მთავარი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში რომან იაკობაძე წერს, რომ ადიგენის პოლიციის გამომძიებელმა ლევან აბულაძემ და კიდევ ერთმა პოლიციელმა, რომელიც რომან იაკობაძეს გაეცნო როგორც მოადგილე, ბათუმში გამოქცევის წინა დღით, აღიარებით დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ რომანს უთხრეს, რომ ხვალ პოლიციაში დაიბარებდნენ და დააკავებდნენ. „თუ არ ჩაგვიშვებ, ორ-სამ დღეში გამოგიყვანთ, თუ ჩაგვიშვებ, 8 წელს გაგიცოცხლებთ… ან ციხეში მოგკლავთ, ან გარეთ“.

 

რომან იაკობაძე ქურდობისთვის არის ნასამართლევი. ის ციხიდან 2012 წლის 17 აგვისტოს 8-წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. იაკობაძე ადიგენის რაიონის სოფელ კიკიბოში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ ორშაბათს მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებული პრობაციის სამსახურში რეგისტრაციის გავლის მიზნით ჩადიოდა. ლევან აბულაძე სწორედ ამ სამსახურის კარებთან დახვდა იაკობაძეს და მოსთხოვა – „ძველ საავადმყოფოსთან გამოდი“. ეს იყო პირველი შეხვედრა, რაც ასევე ნანახი აქვს პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელს, ოფიცერ ზურაბ კუბლაშვილს.

 

ოფიცერი ზურაბ კუბლაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, პირიქით – კატეგორიულად უარყოფს.

 

რომან იაკობაძის მონაყოლის მიხედვით, ლევან აბულაძე ორშაბათობით პირადად ხვდებოდა პრობაციის ბიუროსთან ან მის მიმდებარედ, სხვა დღეებში კი ტელეფონით უკავშირდებოდა. მუქარისა თუ ფულის შეთავაზების ფონზე პოლიციელი ყოფილ პატიმრისგან ინფორმაციას ითხოვდა – თუ ვის ჰქონდა სოფელში „იარაღი“, „მასალა“ ან „სახერხი გაუფორმებელი“. რომან იაკობაძეს ამის გაკეთება იმიტომ გაუჭირდა, რომ სოფელში მხოლოდ მისი ნათესავები ცხოვრობენ, მაგრამ იაკობაძის შემთხვევაში მუქარამ – „პირობითს გაგიცოცხლებ და ციხეში მიგაბრუნებ“, კარგად იმუშავა. 

 

„დავალება ნათესავისთვის იარაღის ჩასადებად“

 

არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ წერილში რომან იაკობაძე წერს: „პირველი შეხვედრიდან ორ თვეში მითხრა ლევან აბულაძემ, რაღაც საბუთზე უნდა მოგაწერინო ხელი, პირობითი რომ გაქვს, მასზე ვადგენ ოქმსო. მომაწერინა რამდენიმე ადგილას ხელი. დოკუმენტის შინაარსი ჩემთვის უცნობია, რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ წამაკითხეს“.

 

დოკუმენტზე ხელის მოწერის დღესვე, იაკობაძის თქმით, მას თავისივე ნათესავის სახლში იარაღის ჩადება დაავალეს. ეს დავალება ლევან აბულაძისა და კიდევ ერთი პოლიციელის, უბნის რწმუნებულის შმაგი იაკობაძისგან მიიღო. იარაღის ჩადების დეტალური გეგმაც, რომან იაკობაძის თქმით, პოლიციელებმა გაწერეს. მიღებული დავალების თანახმად რომან იაკობაძეს გაუფორმებელი თოფი მურად ჭელიძისთვის (რომან იაკობაძის ნათესავი) უნდა გამოერთმია. „ან იყიდე ეგ თოფი, ან იჩუქე, მერე გადაჭერი კონდახი, ლულა, დასკოჩე და სოფელ დერცერში ოთარ ბერიძის საბძელში, თივაში დამარხე. ამას რომ გააკეთებ, მომწერ სმს-ი შემდეგი შინაარსით: ოთარ ბერიძეს, დერცელში, საქონლის საბძელში, თივის შესანახ ადგილას აქვს გადაჭრილი აბრეზი…“

დავალების მიხედვით, რომან იაკობაძეს თოფის გადაჭრილი ლულა და კონდახი კი საკუთარ სახლში უნდა შეენახა.

 

რომან იაკობაძე ყვება, რომ ამ დავალების შესრულებას თავს თითქმის ერთ თვეს არიდებდა, მაგრამ პოლიციელებმა ის საბოლოოდ გააფრთხილეს, რომ თუ იარაღს არ დატოვებდა ბერიძის სახლში, „გაიწირებოდა ბოლომდე“.

 

გადაჭრილი თოფი ბერიძის სახლში რომან იაკობაძემ 30 ივნისს ღამის საათებში დატოვა. „მითხრეს, რომ 30-ში სახლში არავინ იქნებოდა… იარაღის დატოვებიდან ერთ საათში გავაგზავნე მისი დაბარებული სმს-ი – „ოთარ ბერიძეს, დერცელში საქონლის საბძელში, თივის შესანახ ადგილას აქვს გადაჭრილი აბრეზი“, – ამბობს იაკობაძე.

 

პოლიციამ მეორე დღეს ოთარ ბერიძე იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 

 

პირველ ივლისს რომან იაკობაძე ისევ ჩავიდა პრობაციაში ხელის მოსაწერად. 2 ივლისს კი პოლიციელებმა ის დაიბარეს. ლევან აბულაძეს მანქანაში ახლდა პოლიციელი, რომელიც იაკობაძეს წარუდგა, როგორც „განყოფილების უფროსის მოადგილე“.

 

რომან იაკობაძე პროკურორს წერს: „მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მოადგილემ (სახელი და გვარი არ ვიცი) მითხრა, `შენი გაკეთებული საქმე, როგორც გვინდოდა, ისე არ გამოვიდა და ეხლა რომ გეტყვით, ისე გააკეთებ გააკეთებ, არა და მოგკლავთ“. ვუთხარი – „რაც მითხარით, ყველაფერი გავაკეთე“. მან გინება დამიწყო. ლევან აბულაძემ კი მითხრა, „თოფზე არის შენი თითის ანაბეჭდები, შენ დაგიჭერთ და შენს ოჯახსაც გავაუბედურებთ“. მათი მუქარის მიზეზს მართლა ვერ ვხვდებოდი და ვკითხე – „რა დამრჩა გასაკეთებელი?“ მოადგილემ მითხრა, „მოხვალ პოლიციაში და იტყვი, რომ იარაღი გადავჭერი იმ მიზნით, რომ ღამით მიწევდა მოძრაობა ტყეში… ამ იარაღს ოთარ ბერიძის საბძელში ვინახავდი. გავიგე, რომ ოთარ ბერიძე ჩემი იარაღის გამო დაუჭერიათ. მოკლედ, უნდა მეთქვა, რომ ოთარი არაფერ შუაშია და იარაღი ჩემია. ასე თუ იტყვი, ჩვენ დაგიჭერთ, მაგრამ დაგეხმარებით, რომ 2-3 დღეში გამოგიშვათ. თუ ჩაგვიშვებ, მაინც ვერაფერს დაგვიმტკიცებ, ხელი გაქვს მოწერილი, რომ ხარ ჩვენი საიდუმლო პირი და იარაღზეც არის შენი თითის ანაბეჭდებიო.

 

მე ვუთხარი, რომ მაგას ვერ გავაკეთებდი, რადგან 8 წელი პირობითი მქონდა, რასაც გამიცოცხლებდნენ. მითხრა, რომ უეჭველი დამიჭერდა და ციხეში მომკლავდა.

 

მე ძალიან შემეშინდა. დავპირდი, რომ მივიდოდი და როგორც დამარიგებდნენ, ისე მოვიქცეოდი – რომ არ დავპირებოდი, ალბათ, იქვე მომკლავდნენ“.

 

რომან იაკობაძემ ეს დავალება სრულად შეასრულა, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ყველა დოკუმენტს ხელი მოაწერა. რომან იაკობაძის აღიარების საფუძველზე მისი სახლიდან ამოიღეს გადაჭრილი ლულა და კონდახი, ოთარ ბერიძის სახლიდან კი – თოფი და ეს ყველაფერი ფოტოებზე აღბეჭდეს. „გამომიშვეს ერთი პირობით – მოხვალ ხვალე და დაგაკავებთო“.

 

შებინდებულზე კიკიბოში მისულს მთელი სოფელი შეკრებილი დახვდა. სოფელს აინტერესებდა, რა დაუშავა რომან იაკობაძეს ოთარ ბერიძემ, რატომ ჩაუდო იარაღი.

 

რომან იაკობაძე ამბობს, რომ სოფელს დეტალურად მოუყვა ის, რაც მას ბოლო თვეების განმავლობაში სჭირდა.

 

„ყველამ მხარდაჭერა აღმითქვა“, – ამბობს სოფლის შეკრებიდან ბათუმში ფეხით გამოქცეული რომან იაკობაძე.

 

პოლიციელების განმარტება

 

შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ თქვენ ყოფილ პატიმარს სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულეთ ნათესავისთვის იარაღია ჩაედო, მოგვიანებით კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება? – ამ კითხვაზე გამომძიებელმა ლევან აბულაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა: „კომენტარს არ ვაკეთებ“.

 

კომენტარის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს შმაგი იაკობაძეს. მის კომენტარს უცვლელად ვაქვეყნებთ: „ეს არის ცრუ ინფორმაცია. მაგ რიცხვებში მე ვიმყოფებოდი მივლინებით თბილისში და ახლაც მივლინებით ვიმყოფები ბათუმში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია არის ცრუ. მე არაფერი ვიცი. რასაც მეუბნებით პირველად გავიგე. მე რომან იაკობაძესთან კავშირიც არ მქონია, ფაქტობრივად. სოფელ დერცელს მე ვემსახურები, მაგრამ მე მაგ ადამიანთან არავითარი კავშირი არ მაქვს, არც ვიცნობ“.

 

მის მიერ ნახსენები სამივლინებო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის „ბათუმელებისთვის“ მოწოდებაზე შმაგი იაკობაძემ უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ახლა თავად ბათუმში იმყოფება, ხოლო დოკუმენტები თან არ აქვს.

 

კითხვაზე – ურეკავდა თუ არა რომან იაკობაძეს, პოლიციელი პასუხობს: „ახლა მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე ვემსახურები ხუთ სოფელს, ძალიან ბევრ ადამიანთან დამირეკია და ბევრს დაურეკავს. ზუსტად მახსოვს ორშაბათი დღე იყო, პრობაციაზე მიდიოდა რომანი და დამიკავშირდა, რომ ჩემი სიდედრი რაღაცას მეჩხუბებაო. ჩემი ტელეფონი აქვს ყველა ოჯახს. მეტი მე მაგასთან ურთიერთობა არ მქონია. შოკში ჩავვარდი, ეგეთი რაღაცა არც გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ჩემთვის გაუგებარია მაინცადამაინც ჩემ შესახებ რატომ მოგაწოდათ ინფორმაცია. მე სამსახურში თითქმის 15 დღეა არ ვყოფილვარ“.

 

რომან იაკობაძემ ბათუმში ერთი კვირა დაჰყო. მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ მოუყვა სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს. განცხადება გააგზავნა მთავარი პროკურორის სახელზეც.

 

შს სამინისტროს ცნობით გამოძიება რომან იაკობაძეს ეძებს

 

გუშინ, 13 ივლისს შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ ოთარ ბერიძის გათავისუფლების მიზეზი განუმარტეს: „შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იარაღი ინახებოდა და ნამდვილად ამოღებულია ეგრეთ წოდებული „ობრეზი“. მაგრამ როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ეს იარაღი შეინახა ოთარ ბერიძის სახლში მეორე პიროვნებამ. ოთარ ბერიძე დაკავებული არ ყოფილა, უბრალოდ, მოწმის სახით დაკითხეს და გამოუშვეს. ახლა ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომ დააკავონ მეორე პიროვნება. გამოძიება წარმოებს 236-ე მუხლით“.

 

„ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა პროკურატურაში რომან იაკობაძის განცხადების საფუძველზე საქმის მოკვლევა. არც ის არის დადგენილი, მამუკა მიქაუტაძის საქმის მსგავსად ამ საქმის გამოძიებაზე ექსკლუზივიც შს სამინისტროს დარჩება თუ არა.

 

რომან იაკობაძე დაცვის უფლებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. ონისე იაკობაძე არ გამორიცხავს, რომ წინასწარი დაკავების საკანში გატარებული ღამის შემდეგ მის შვილს კიდევ ერთ „აღიარებით ჩვენებას“ დააწერინებდნენ, რადგან სადაც მოკვლით ემუქრებოდნენ,  პოლიციის იმ განყოფილებამ დააკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი