სამართალი

რა იცვლება ნარკომომხმარებლებისთვის

13 დეკემბერი, 2012 • • 2277
რა იცვლება ნარკომომხმარებლებისთვის

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, რომლის ინიციატორია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსიდან 273–ე მუხლის ამოღებას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირს პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვისთვის ეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120–დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთითა ვადით ერთ წლამდე.

 

აღნიშნული კანონპროექტის ავტორების მიერ შეფასებულია როგორც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გასწორება და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონმდებელთა ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” პროექტის კოორდინატორი, იურისტი ნინო ბალანჩივაძე. მისი თქმით, არც ევროპულ და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლის წესით არავინ ისჯება. ნარკოპოლიტიკის დარგში “ალტერნატივა ჯორჯიას” საქმიანობა მოიცავს: ეროვნული ნარკოპოლიტიკის კონცეფციის შემუშავებას, 2007-2009 წლების ეროვნული ნარკოპოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, პირველი ეროვნული ნარკოპოლიტიკის კონფერენციის (2005 წელი) ჩატარებას, ისევე როგორც საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლში შედის მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთმანეთისგან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით და გასაღების მიზნით შეძენა–შენახვა–გადაზიდვა. შესაბამისად, განსხვავებულია სასჯელები. დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ცალ–ცალკე არსებობს ტერმინები- ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები, ცვლილებით კი ყველა მსგავსი ნივთიერება ერთიანდება ერთი ტერმინის ქვეშ და მათ ეწოდება ფსიქოაქტიური ნივთიერებები. კანონპროექტის ავტორთა თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანიც კვლავ კანონმდებლობის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებაა.

 

კანონპროექტის მიხედვით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში შეტანილი ნივთიერებების მცირე ოდენობით დამზადება, შენახვა, შეძენა, გადაზიდვა ისჯება ჯარიმით, ან 7 წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება 6–დან 12 წლამდე პატიმრობით.

 

რაც შეეხება ნარკოტიკის გასაღებას მცირე ოდენობით, ეს ითვალისწინებს 9–დან 17 წლამდე პატიმრობას, განსაკუთრებით დიდი ოდენობა კი- 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.

 

კანონპროექტს თან დართული აქვს ფსიქოაქტიური ნივთიერებების სია და იქვე განსზღვრულია მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მაგალითად, გამომშრალი კანაფის მცირე ოდენობად ითვლება 50 გრამი, დიდ ოდენობად -500გრ, განსაკუთრებით დიდი- 5 000გრ.

 

კოკაინის მცირე ოდენობად განსაზღვრულია 0.06გრ, დიდი ოდენობა – 0.6გრ, განსაკუთრებით დიდი – 6გრ.

 

რაც შეეხება ნედლ მარიხუანას, მცირე ოდენობაა 10 გრამი, დიდი ოდენობა -100 გრ, განსაკუთრებით დიდი – 1 000 გრ. გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად, 20, 200 და 2 000 გრამი.

 

“ალტერნატივა ჯორჯიას” პროექტის კოორდინატორი ნინო ბალანჩივაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს კანონმდებლობის ლიბერალიზციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას ბოლო ოთხი წლის მანძილზე უშედეგოდ ელოდნენ ყოფილი პარლამენტისგან. თუმცა ნინო ბალანჩივაძე არ ეთანხმება ჯარიმების იმ ოდენობას, რაც ნარკოტიკების მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული.

 

„ჩვენთვის ეს მიუღებელია იმიტომ, რომ მომხარებლები და მათი ოჯახები დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, უმუშევრები და დღეს არსებულ 500–ლარიან ჯარიმასაც ვერ იხდიან და 3500 ლარს როგორ გადაიხდიან? რა თქმა უნდა, ვერ გადაიხდიან და მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, შესაბამისად, შეიძლება სახლიდან რაღაც ნივთების გატანა დაიწყონ, ვალები აიღონ, ან წვრილმან დანაშაულს, ქურდობას, თაღლითობას მიჰყონ ხელი. სწორედ ამიტომ მაღალ ჯარიმებს ჩვენ არ ვეთანხმებით“, – განუცხადა იურისტმა ნინო ბალანჩივაძემ ნეტგაზეთს.

 

მისივე  მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა ნარკოტიკის მოხმარებისთვის ჯარიმა 300, მეორე ჯერზე 600 და შემდეგ 3500 ლარია გათვალისწინებული, ჯარიმა მაინც მაღალია.

 

„ნარკოტიკების მომხმარებლები ამ ნივთიერებებს რეგულარულად მოიხმარენ და, როგორც წესი, წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება დაჯარიმდნენ. შესაბამისად, დაბალი პირველადი ჯარიმა ბევრს არაფერს არ ნიშნავს“, – მიიჩნევს ბალანჩივაძე.

 

“ალტენრატივა ჯორჯიას”  წარმომადგენელს მიუღებლად მიაჩნია მკურნალობის შეთავაზება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში: “ადამიანმა თუ ვერ გადაიხადა ეს 3 500 ლარი, შესაბამისად, ვერც იმკურნალებს, რადგან როცა ჯარიმას გადაიხდის, მხოლოდ შემდეგ შეუძლია მკურნალობა მოითხოვოს. თუ თანხა არა აქვს, ვერც იმკურნალებს და დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით. მკურნალობა კარგია, მაგრამ ეს სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაფინანსებული და მას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სთავაზობდნენ ნარკომომხმარებელს“.

 

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებისთვის მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მხოლოდ იმ შემთხვეაში, თუ გარკვეული გარემოებები იქნება გათავლისწინებული კანონპროექტში. გიგი წერეთელი ამბობს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე წინა ხელისუფლების პირობებში მუშაობდა, თუმცა მიღება ვერ მოესწრო. მისი თქმით, ეს იგივე კანონპროექტია, ოღონდ ამჟამად ინიციატორებში გიგი წერეთელის ნაცვლად კობა დავითაშვილი წერია.

 

“ეს კანონპროექტი არის პრაქტიკულად თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ, თუმცა ამის შემდეგ ექსპერტების დაახლოებით 2–3- წლიანი მუშაობა იყო. ამან დაგვანახა, რომ დეკრიმინალიზაციამდე, პირველ ეტაპზე, უნდა შექმნილიყო რეაბილიტაციის, მკურნალობისა და პრევენციის გაცილებით სერიოზული სისტემა. დეკრიმინალიზაციას რაღაც სეგმენტში მოყვება ნარკოტიკების მოხმარების ზრდა, ასევე, არალეგალური იმპორტის მეტი მცდელობა. როდესაც ხვდებიან, რომ სადღაც რაღაც მოეშვა, ეს ინდუსტრია მაშინვე ცდილობს, რომ თავისი პროდუქცია შეიტანოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სისტემამ ჩაკეტოს ისე, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში ნარკოტიკული პროდუქცია არ იყიდებოდეს, რაც საკმაოდ კარგად ხდებოდა ბოლო პერიოდში. და მეორე, რაც იყო ჩვენი ამოცანა: მომხმარებლისთვის, რომელიც დამოკიდებულია წამალზე და აქვს ეს სირთულე, ციხე არ ყოფილიყო საუკეთესო გამოსავალი“, – მიიჩნევს გიგი წერეთელი. მისივე მოსაზრებით, ჯარიმები უნდა არსებობდეს, როგორც შემაკავებელი და ეს ისევ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

 

“ეს რომ არ იყოს რაღაც პოპულიზმი, უნდა გავიაროთ და გავიაზროთ ამ საკითხის კარგი და ცუდი მხარეები. მე მგონია, რომ სამართალდამცავი სისტემა ამას ადვილად არ დაეთანხმება. მე დავუჭერ მხარს იმას, რომ გარკვეულ ნაწილში მომხმარებლებისთვის გვქონდეს რაღაც ჯარიმები, მაგრამ არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება ჩემ მიერ მხარდაჭერილი, რომელიც გამოიწვევს ნარკოვითარების უარესობისკენ შეცვლას საქართველოში“, – განუცხადა გიგი წერეთელმა „ნეტგაზეთს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი