სამართალი

წართმეული ‘ჰამერის’ საქმე, რომელშიც აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი ფიგურირებს

10 დეკემბერი, 2012 • 2286
წართმეული ‘ჰამერის’ საქმე, რომელშიც აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი ფიგურირებს

რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენი – მალხაზ რომანაძე და მისი მეგობარი 2010 წელს დააკავეს და ორი მუხლით გაასამართლეს. ბრალდება – თაღლითური გზით მიწის მითვისება. მალხაზ რომანაძეს სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა. ის თავიდან ბრალს არ აღიარებდა:

 

“ბათუმში ვერა დოლიძემ გამასამართლა. ქუთაისში რომ გადავიდა საქმე, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა დავის გაგრძელებას. საპროცესოს დავთანხმდი, ჩემი შრომით აწყობილი ბიზნესი რუსეთშიც თავზე რომ არ დამქცეოდა”, – ამბობს რომანაძე.

 

ციხეში მყოფ ბიზნესმენს 1 მილიონი ლარი გადაახდევინეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ციხიდან გამოსვლის წინა დღეს კი უთხრეს, რომ “ჰამერს” თუ არ აჩუქებდა სახელმწიფოს, არსადაც არ გაუშვებდნენ. პატიმარი დათანხმდა. ჰამერი სახელმწიფოს ნაცვლად ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში მცხოვრებ ქემალ ჭაღალიძეს გადაუფორმეს.

 

თენგიზ კახიძეს, ანუ მალხაზ რომანაძის ადვოკატს, საკუთარი თვალით აქვს ნანახი, წართმეული “ჰამერით” აჭარაში კუდის უფროსი თემურ პატარიძე რომ გადაადგილდებოდა.

 

თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში
თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში

თემურ პატარიძე, რომელსაც “ბათუმელების” უკვე მეორე რესპონდენტი ახასიათებს, როგორც “ძვირადღირებული მანქანის წამრთმევს”, ახლა კუდში აღარ მუშაობს (პატარიძე ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია).

 

პატარიძის მოადგილე გენადი სურმანიძე “ბათუმელებთან” საუბარში ვერც “ჰამერს” და ვერც ბიზნესმენ რომანაძეს “ვერ იხსენებს”.

 

“ჰამერი” პატრონს 2012 წლის 9 ნოემბერს ჯემალ გოგიტიძემ დაუბრუნა. ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს:

 

“ორთაჭალის “სტაიანკიდან” წამოვიყვანე მანქანა. მძღოლის ფუნქცია მქონდა, მანქანა პატრონისთვის უნდა მიმეყვანა. ჩემმა ახლობელმა – ელდარ ჯაყელმა მთხოვა”.

 

ელდარ ჯაყელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმში მუშაობდა. ცოტა ხნის წინ სამსახურიდან ისე დაითხოვეს, მიზეზი არ აუხსნიათ. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს. ამბობს იმასაც, რომ 65 ათას-დოლარიანი მანქანა ნამდვილად გადაუფორმეს, მაგრამ ეს მანქანა თვალით არ უნახავს:

 

“პოსტზე ვიდექი, ჩემი დეპარტამენტიდან მოვიდნენ, ვიღაც გოგი იყო, ბიჭებიც იდგნენ, სამსახურშიც ყველამ იცოდა, ახალ უფროსს გელა ურბანსაც ვუთხარი, პოლიციაშიც ვაპირებდი საჩივრის დაწერას. თქვეს, აგერ ამას გადავუფორმოთ. გადმომიფორმეს. არაფერი მიკითხავს და ვერც ვიკითხავდი. უფროსობა რომ გეტყვის ასე უნდა გააკეთო, კითხვას დაუსვამ?” 

 

ელდარ ჯაყელმა არ იცის, ვინ სარგებლობდა მის სახელზე რიცხული მანქანით. არ იცის, ასევე, სხვაც ბევრი რამ. იცის, რომ თუ დაკითხვაზე დაუძახებენ, გამოძიებას ყველაფერს ეტყვის. 

 

რომანაძის საქმის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია პროკურორი დავით ჭარბაძე. სწორედ მან გააფორმა ერთმილიონიანი საპროცესო გარიგება. პროკურორი იხსენებს, რომ რომანაძემ თავად ისურვა სახელმწიფოსთვის “ჰამერის” ჩუქება და ამის დამადასტურებელი წერილიც აქვს. 

 

ადვოკატ თენგიზ კახიძეს კი სხვა ვერსია აქვს:

 

“დავით ჭარბაძის კაბინეტში შევხვდი კუდის თანამშრომელს – გამაცნეს როგორც დავითი. მან მითხრა, თუ “ჰამერს” არ გადააფორმებდა რომანაძე, ისე გარეთ ვერ გამოვიდოდა. პროკურორ ჭარბაძეს გაოცება ეტყობოდა, მაგრამ მანქანა მის კაბინეტში, მისი თანდასწრებით მოითხოვეს”.

 

დავით ჭარბაძე არ ეთანხმება ადვოკატს. ამბობს, რომ მის მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება კანონის დაცვით შედგა. პროკურორს არ გაურკვევია, რატომ გაუჩნდა პატიმარ რომანაძეს სახელმწიფოსთვის მანქანის ჩუქების სურვილი. 

 

მალხაზ რომანაძის საქმეში ერთი ქალი ფიგურირებს – მაკა გურგენიძე. ის გონიოში მიწას ყიდდა, ბიზნესმენს კი მიწის ყიდვა უნდოდა. საჩივრის თანახმად, რომანაძე გურგენიძემ მონახა.

 

საჩივარში წერია, რომ რომანაძემ 100 ათასი დოლარი გადაიხადა მიწის სანაცვლოდ, გურგენიძეს კი ეგონა, რომ მიწა არენდით გასცა. მხარეებმა იჩივლეს, მაგრამ რომანაძე დააკავეს, გურგენიძეს კი ფულიც შერჩა და მიწაც (გურგენიძესთან დაკავშირება ამ ეტაპზე “ბათუმელებმა” ვერ მოახერხა – ავტ).

 

“რომანაძის საქმის” მეორე ეპიზოდში ქობულეთის ბაზრის მიმდებარე 1702 კვადრატული მეტრი მიწის თაღლითური გზით მითვისებაზეა საუბარი. რომანაძე ამ მიწით სარგებლობდა და პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულების საფუძველზე დაირეგისტრირა. 

 

რომანაძეს 15 წელი სწორედ მიწის ამ ორი ნაკვეთის მითვისებისთვის მიუსაჯეს.

 

გია ქარცივაძე, საიას იურისტი ამბობს, რომ თავისი თუ ნაცნობი ადვოკატების პრაქტიკაში არ ახსენდება არც ერთი საქმე, როცა ვინმეს ამ სახის ზიანი 1 მილიონი ლარით აქვს ანაზღაურებული.

 

ბიზნესმენი სახელმწიფოს 1 მილიონის დაბრუნებას არ სთხოვს. მას პირობითი სასჯელის მოხსნა სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი