სამართალი

უნდა არსებობდეს თუ არა ციხე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის

27 ნოემბერი, 2012 • • 1701
უნდა არსებობდეს თუ არა ციხე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის

სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში სასჯელს ათასზე მეტი ადამიანი იხდის. ისინი, ძირითადად, ყოფილი სამართალდამცავები და სახელმწიფო მოხელეები არიან. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია მიღებული.

 

მაგალითად, აშშ–ში თუ პოლიციელი ან რომელიმე თანამდებობის პირი გაასამართლეს, მას სხვა პატიმრებთან ერთად ციხეში არ ათავსებენ. ციხის ადმინისტრაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ახდენს საფრთხის იდენტიფიცირებას და თუ მიიჩნევენ, რომ გასამართლებულ პოლიციელს შესაძლოა პატიმრების მხრიდან ანგარიშსწორება დაემუქროს, მას ცალკე, უსაფრთხო განყოფილებაში მოათავსებენ.

 

მერილენდის უსაფრთხოებისა და გამოსასწორებელი სამსახურის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი უენდელ ფრენსი The Baltimore Sun–თან ინტერვიუში კონკრეტულ დამნაშავე პოლიციელებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი სხვა, ჩვეულებრივი პატიმრებისგან იზოლირებულ განყოფილებაში მოიხდიან სასჯელს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

 

“ამ გადაწყვეტილებით ნაკლები შანსი იქნება, რომ ისინი ვინმეს მსხვერპლი გახდებიან. ეს უსაფრთხოების საკითხია”,
 – აცხადებს უენდელ ფრენსი.

 

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროექტის კოორდინატორი ირინა გაბუნია ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა მიღებულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში.

 

“ყოფილი მაღალჩინოსნები, სისტემაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იყვნენ განცალკევებული პატიმართა ძირითადი კონტიგენტისაგან. კონკრეტულად როგორი მოდელები არსებობს, ციხის მინიმალური სტანდარტები ამასთან დაკავშირებით არაფერს საუბრობს, მაგრამ სკანდინავიის ქვეყნებში, ბრიტანეთში, იქ, სადაც გამართული სისტემები არსებობს, მსგავსი პრაქტიკა მიღებულია. გონივრულსაც წარმოადგენს ამ ადამიანთა განცალკევება დანარჩენი პატიმრებისგან, რადგან შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს მათ მიმართ ძველი წყენა, რაც მათ ყოფილ საქმიანობას უკავშირდება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ირინა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს კანონი ან ბრძანება, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო რეგულაციაც.

 

“პატიმრები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან და ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე, თითოეული ქვეყნის პენიტენციური სისტემა თავად წყვეტს, როგორ განათავსოს მსგავსი პატიმრები ციხეებში”, – ამბობს “ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროექტის კოორდინატორი ირინა გაბუნია.

 

იმის გამო, რომ ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია გლდანის N8 საპყრობილედან N7 საპყრობილეში, იქ, სადაც სასჯელს “კანონიერი ქურდები” იხდიან, გადაიყვანეს, ახალაიას ოჯახის წევრები და მეგობრები მის პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდნენ და მისი გადაყვანა მოითხოვეს სასჯელარსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში. სწორედ ამ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიციელები.

 

“ეს არის საპყრობილე, სადაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოათავსა ირაკლი ოქრუაშვილი, ისიც იყო ჯერ შს მინისტრი და შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ეს მოხდა მისი უსაფრთხოების გამო, ჩვენც ერთადერთი, რაზეც ვზრუნავთ, არის უსაფრთხოება. მატროსოვის ქუჩაზე მდებარე საპყრობილეში არის ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ძალიან ბევრს აქვს ძალიან დიდი პრეტენზიები ბაჩო ახალაიას მიმართ. გარდა ამისა, იქ არის სხვა ინფორმაციებიც, რომლის შესახებაც არ ღირს ამჟამად საუბარი, ცოტა დროის გასვლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზეც ვილაპარაკოთ. შემდეგ დღეებში, თუკი ჩავთვლით, რომ იქ გადაყვანა არის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამისთვისაც მზად ვართ”, – ასე უპასუხა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებისა და ახლობლების პრეტენზიებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ბენაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ბაჩო ახალაია არაერთხელ მოინახულეს საპყრობილეში, რათა დარწმუნებულიყვნენ მის უსაფრთხოებაში. სოფიო ბენაშვილის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელ საპყრობილეში იქნება ბაჩო ახალაია, მთავარია მისი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული.

 

ბაჩო ახალაიას ე.წ. კანონიერი ქურდების ციხეში ჩასმით პრობლემას ვერ ხედავს “ციხის საერთაშორისო რეფორმის” პროექტის კოორდინატორი ირინა გაბუნია:

 

“არსებით დარღვევას იმიტომ ვერ ვხედავთ, რომ მისი განთავსება ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში იქნებოდა თანაბარ საფრთხის შემცველი იმიტომ, რომ თუ მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული, მას შესაძლოა ნებისმიერ ციხეში აღმოაჩნდეს მტერი, თუნდაც, ყოფილ თანამდებობის პირთა შორის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი