სამართალი

ჩვენება №2: გიგი კალანდაძემ ყური ამიწია

7 ნოემბერი, 2012 • 1089
ჩვენება №2: გიგი კალანდაძემ ყური ამიწია

“2011 წლის დაახლოებით სექტემბრის თვიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 2011 წლის ოქტომბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, საღამოს საათებში, როდესაც ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ სახლში, ჩემს მობილურ ტელეფონზე ნომრით 5XX XX-XX-XX დამირეკა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც მითხრა, რომ იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. მან მითხრა, რომ სურდა ჩემთან გასაუბრება და მთხოვა გავსულიყავი გარეთ, ქუჩაში, გაჩერებასთან. მე ეგრევე ჩავიცვი და გავედი გარეთ, სადაც დამხვდა სამხედრო პოლიციის მანქანა, საიდანაც გადმოსულმა სამხედრო პოლიციელებმა დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. იმ მომენტში ჩემთვის არავის არ აუხსნია, თუ რატომ მადებდნენ ხელბორკილს და ვიყავი თუ არა დაკავებული. მითხრეს უბრალოდ, რომ უნდა წავეყვანე თავდაცვის სამინისტროში. იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვა-ცხრა საათი, უკვე ბნელოდა, როცა მიმიყვანეს თავდაცვის სამინისტროში.

 

იგი ამბობს, რომ მეხუთე სართულზე აიყვანეს, სადაც  მისი თანამოსამსახურეები: ქ., ბ., დ., დ., გ. და ხ.. დახვდნენ:

 

“ამ დროს მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდნენ გიგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური შამათავა, ორივე მათგანმა მისაღებში ყველას გვაგინა. ამ დროსაც ჩემთვის უცნობი იყო, თუ რა დავაშავე და რატომ ვიყავი მიყვანილი მინისტრის მისაღებში. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სათითაოდ შეყვანა მინისტრის კაბინეტში. როგორც მახსოვს, პირველი შეიყვანეს დ. ამ დროს კალანდაძე და შამათავა ისევ მინისტრის კაბინეტში იყვნენ. რა საუბარი შედგა დ.-სთან, ან მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა, ჩემთვის უცნობია, რადგან როდესაც დ. გამოიყვანეს, ქვემოთ ჩაიყვანეს და იმის შემდეგ მე ის აღარ მინახავს. შემდეგ, როგორც მახსოვს, შეიყვანეს ბ., რომელიც როდესაც გამოიყვანეს, სახეზე იყო აწითლებული, დააყენეს ჩვენგან მოშორებით და ცოტა ხანში ისიც ქვემოთ ჩაიყვანეს.

 

მოწმე ამბობს, რომ ამის შემდეგ ვინ როგორ შეიყვანეს, თანმიმდევრობას ვერ იხსენებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველანი ჩაყავდათ ისე, რომ რიგში მდგომები ერთმანეთთან კონტაქტს ვერ ახერხებდნენ:

 

“პირადად მე მინისტრის კაბინეტში არ შევუყვანივარ არავის. ჩემი აზრით, მე ვიყავი ბოლო და უბრალოდ გამოვრჩი. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით ერთი საათიდან საათნახევრამდე. ამის შემდეგ ყველანი ჩაგვიყვანეს ქვემოთ, ჩაგვსვეს ცალ-ცალკე სამხედრო პოლიციის მანქანებში და წაგვიყვანეს …-ში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში. მე პირადად ვიჯექი სამხედრო პოლიციის მანქანაში. როდესაც მიგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში ყველანი შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთ ბრიფინგის ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა შემადგენლობა. ჩემი აზრით, ყველანი, რადგან ამ დროს ბრიგადაში გამოცხადებული იყო განგაში. ოთახში იყო ასევე მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური შამათავა. ასევე იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადსხვა პირები, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მათი სახელები და გვარები არ ვიცი.

 

ბრიფინგის ოთახში საუბარი დაიწყო მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის ჯარისკაცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით და ვლანძღავდი ოფიცრებს და არ მოგვწონდა ჯარის სისტემა თურმე. აღნიშნული საუბრები იყო ჩაწერილი. სწორედ ამ დროს გავიგე, თუ რატომ ვიყავი მიყვანილი.”

 

იგი ამბობს, რომ მან მოსთხოვა ოფიცრებს, ამაზე მათთვის პასუხი გაეცა, თუმცა ახალაია არ დაელოდა და თავადვე თქვა, რომ მათ პირადად დასჯიდა და დამლაგებლებად დანიშნავდა:

 

“შემდეგ გვკითხა, რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს,  როგორც მახსოვს, ვიდექით ხუთი  სამხედრო მოსამსახურე – მე, ქ., ბ.,  გ.  და ხ. ამ დროს მხოლოდ მე გამოვთქვი, რომ მქონდა პრეტენზია და არ ვიმუშავებდი დამლაგებლად, რა დროსაც ბაჩო ახალაიამ გაიცინა და მითხრა, რომ მაინც მაიძულებდა მუშაობას, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას მერჩივნა, დავეჭირე ან დავეხვრიტე, რაზეც მან უბრძანა გიგი კალანდაძეს, წასულიყვნენ ჩემს სახლში, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ იარაღი. მე ვუპასუხე, რომ სახლში არანაირი იარაღი არ მქონდა. მან მითხრა, რომ აბა რაზე დაგიჭიროო, თან დაამატა, რომ სახლში მქონდა აკაესიც, გლოკიც, მაკაროვიც და ტყვია–წამალიც. ასევე წამოეღოთ სახლიდან ყველაფერი, თუ რამე ფასიანი გამაჩნდა. მიუხედავად ასეთი ბრძანებისა, ჩემთან სახლში არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩემი აზრით, მან შემდეგ გადაიფიქრა.

 

ბრიფინგის ოთახში ჩვენ ვიყავით დაახლოებით საათნახევრიდან ორ საათამდე. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ზემოაღნიშნულ ჯარისკაცებს სცემდნენ და აგინებდნენ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. როგორც მახსოვს, ქ. და ხ. სხვა ოფიცრებმაც სცემეს, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ ვიცი. პირადად მე მაგინა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ. გიგი კალანდაძემ უკნიდან პატარა ბავშვივით ყური ამიწია. ასევე ცემა დამიპირა შამათავამაც.

 

ცოტა ხანში ჩვენ წაგვიყვანეს ისევ თავდაცვის სამინისტროში, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კარებთან მცველებად დააყენეს სამხედრო პატრულის ორ-ორი თანამშრომელი, ჩვენ აკრძალული გვქონდა დაჯდომა, საჭმლის ჭამა და წყლის დალევა. ასევე ყოველ 5 წუთში უნდა გვეყვირა– „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“. ამ დროს ჩვენს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი, როგორც მახსოვს, გვარად გ., მაიორის წოდებით, მას ჰქონდა მეგრული კილო, საშუალო სიმაღლის, მსუქანი აღნაგობის, შესაძლოა გვარი მეშლებოდეს, მაგრამ მისი ამოცნობა შემიძლია. ჩვენი ასეთი წამება გაგრძელდა სამი დღე.”

 

დაზარალებული ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას არ ჰქონია ოჯახთან კავშირი, ასევე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო იგი:

 

“მე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში არ მივსულვარ, მხოლოდ ოცი დღის შემდეგ მივედი, რა დროსაც ჩავაბარე ჩემი აღჭურვილობა. თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ მე დამავალდებულეს, არ დამეტოვებინა ქალაქი, ქალაქში ჩემი ყველა მოძრაობა წინასწარ მობილური ტელეფონით შემეტყობინებინა ვინმე მ-სთვის, რომლის გვარი არ ვიცი, ხოლო ტელეფონის ნომერია 5XX XX-XX-XX. მე ასე, მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2012 წლის დადგომამდე. თუ რა ფორმით, რა საფუძვლით ვარ დათხოვილი შეიარაღებული ძალებიდან, ჩემთვის უცნობია, რადგან მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია არანაირ სამანდატო კომისიაზე, სადაც განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი. ამას დავამატებ, რომ სამხედრო პოლიციაში მე რაღაც განცხადებაზე მომაწერინეს ხელი, რომლის შინაარსიც არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა. თუ იმ განცახდებაში მითითებულია, რომ მე მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა, არ არის სიმართლე და მასზე ხელი მოწერილი მაქვს მოტყუებით.

 

მე ჩემს ჩვენებაში კონკრეტულად დავასახელე ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა, მე მათ სამივეს ვიცნობდი სახეზე, რადგან ისინი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი სახეები იყვნენ ზოგადად შეიარაღებულ ძალებში.”

 

ჩვენების ბოლოს დაზარალებული აცხადებს, რომ მას სურს კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მისი სამსახურიდან უკანონოდ გამოგდებაში და არაადამიანურად მოექცნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი