სამართალი

ყოფილი პატიმარი ვარშალომიძეებს ადანაშაულებს

16 ოქტომბერი, 2012 • 2441
ყოფილი პატიმარი ვარშალომიძეებს ადანაშაულებს

 

ედუარდ კაკაბაძე
ედუარდ კაკაბაძე

ბატონო ედუარდ, თქვენ ევროსასამართლოდან გამოითხოვეთ სისხლის სამართლის საქმე, რამ გაიძულათ ამის გაკეთება?

 

 

2007 წლის სექტემბერში მე დამეწყო გულის შეტევები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თუ საპატიმროში ისევ იმ პირობებში ვიცხოვრებდი, დავიღუპებოდი. ჩემმა ადვოკატმა, ლია მუხაშავრიამ, მკურნალობის მიზნით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რაზეც უარი მივიღე. ამის შემდეგ მივმართე ევროსასამართლოს. სტრასბურგის რეაგირება იყო მყისიერი  – ჩემს საქმეს მიანიჭეს პრიორიტეტი. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ იუსტიციის სამინისტროდან და საპატიმრო პირობების გაუმჯობესება შემომთავაზეს.

 

 

საქმე მივიდა გადაწყვეტილების მიღების სტადიამდე 2010 წლის დასაწყისში. მარტის ბოლოს კი ჩემთან გენპროკურატურიდან მოვიდა ლევან ხარიაშვილი და პირდაპირ მითხრა, რომ თუ საქმეს არ გამოვითხოვდი სტრასბურგიდან, რამეს მოიფიქრებდნენ და 10 წელს დამიმატებდნენ.

 

 

მე, როგორც ერთ კაცს, უკვე არაფრის მეშინოდა, შემეძლო კიდევ დავრჩენილიყავი ციხეში, რადგან ციხეში ყველაფერს ეჩვევი. მაგრამ ჩემი შვილების შემეშინდა, მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი… საქმე გამოვიწვიე. გლდანის ციხიდან 2010 წლის 31 დეკემბერს

 

გამათავისუფლეს შემდეგი შეთანხმებით –  მე და ჩემს ოჯახს არ დაგვიწყებდნენ თვალთვალს. ძველს ყველაფერს დაივიწყებდნენ, მაგრამ რამე ახალ დარღვევას თუ აღმომიჩენდნენ, პასუხს ვაგებდი. 

ჩემი პატიმრობის ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ დამპირდნენ, რომ გამათავისუფლებდნენ, მათ შორის კოდუების ოჯახიც, მაგრამ სულ მატყუებდნენ.

 

გათავისუფლებიდან ამდენი ხნის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ ამაზე ლაპარაკი?

 

ისინი გათავისუფლების შემდეგაც მითვალთვალებდნენ და მისმენდნენ. პრაქტიკულად წელიწადნახევარი სახლში ვიჯექი. ქალაქში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოვედი. არსად არასდროს არ დავდიოდი. 

 

კოდუების ოჯახი ახსენეთ. ვის გულისხმობთ?

 

კოდუები ჩემით 2007 წელს დაინტერესდნენ. ერეკლეს დედა ლაურა ღაჭავა ჩემთან, ზონაში მოვიდა თებერვალში. მათ იცოდნენ ჩემი ახლო ურთიერთობის შესახებ თურქ მილიარდერ, წარმოშობით ქართველ, ისმეთ აჯარისთან. კოდუები დამპირდნენ, რომ მიმართავდნენ პრეზიდენტს ჩემი გათავისუფლების თხოვნით, თუ აჯარისთან დავაკავშირებდი. მე დავთანხმდი. ისმეთ აჯარი და ისმეთ მიქელაძე აპრილის დასაწყისში ჩამოვიდნენ და მეც მომაკითხეს რუსთავის ზონაში. მათ ახლდა ლაურა და მისი შვილი – დავითი. მაშინ მითხრეს, რომ პრეზიდენტი მალე მოაწერდა ხელს შეწყალებას…

 

როგორ გაიგეს, რომ თქვენ ასე ახლოს იცნობდით ისმეთ აჯარის?

 

 

აჭარის რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირს პროკურატურაში იბარებდნენ. არსებობდა „ტრიო“, რომელიც 1937-იანი წლების მსგავსად წყვეტდა ნებისმიერი ადამიანის ბედს. 2004 წლის ივნისის ბოლოს მეც დამიბარეს. აჭარის პროკურატურის მეორე სართულზე დამხვდნენ რამაზ ჟღენტი, ბორია გურიელიძე, რომელიც მერიაში იურისტი იყო და რესან კონცელიძე. შეიძლება სხვებთან სხვები იყვნენ, მაგრამ მე ესენი შემხვდნენ. ერთადერთი ქაღალდი ედოთ მაგიდაზე, რომელზეც გვარები ჰქონდათ ჩამოწერილი. მითხრეს, რომ ფული უნდა მიმეტანა. რესანს მივმართე – არ იცი, რომ მე ბინაც კი არ მაქვს ბათუმში-მეთქი. შენ შესახებ ბევრი კარგი ვუთხარი, მაგრამ მეტი არაფრის გაკეთება შემიძლიაო. რამაზ ჟღენტმაც იგივე მითხრა, მასთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მქონდა. ვიცით, რომ შენ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ მუშაობდი აბაშიძესთან და ფული უნდა მოიტანოო. ვაჭრობის შემდეგ მითხრეს, რამდენსაც შევძლებდი, იმდენი მიმეტანა.

 

 

ვთხოვე, მოეცათ რამდენიმე დღე… დავურეკე ისმეთ აჯარის. მან მკითხა, რისთვის მჭირდებოდა ამდენი ფული. ავუხსენი, რომ უნდა გადამეხადა. მეორედ როცა დავურეკე, მითხრა, ნუ ღელავ, აღარავინ შეგაწუხებსო. ამის შემდეგ ნამდვილად არ შევუწუხებივარ, მაგრამ დამიბარეს და სხვა რამე მთხოვეს –  აჯარი უნდა ჩამომეყვანა საქართველოში. პირველად ეს ლევან ვარშალომიძემ მთხოვა.

 

 

გავფრინდი სტამბულში და აჯარისგან თანხმობის შესახებ ვარშალომიძეს ტელეფონით ვაცნობე. აჯარი ჯერ თბილისში ჩავიდა პრეზიდენტთან, შემდეგ – ბათუმში. ინვესტიციის რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა – მანქანათმშენებელი ქარხნის ან პოლიგონის ტერიტორიაზე ქალაქის აშენება.

 

მალე მოლაპარაკების პროცესიდან მე ამომაგდეს – შეხვედრებს დამირ მანჯგალაძე უწევდა ორგანიზებას. ცოტა ხანში გაოგნებულმა აჯარიმ მითხრა, მე ინვესტიციის განხორციელება მინდა, მაგრამ თქვენთან ინვესტიციის სხვაგვარი გაგება აქვთ, შეიძლება ნახევარი საქართველო ავაშენო, მაგრამ ფულს არ მივცემო. დამავალა, რომ ეს ამბავი ვარშალომიძისთვის გადამეცა, მეც სიტყვასიტყვით გადავეცი. მას ამაზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.   

 

 

ვარშალომიძეებმა ჩათვალეს, რომ ეს საქმე მე ჩავშალე… დაიწყეს ჩემი დევნა და სამ თვეში დამაკავეს კიდეც. მანამდე მათ პრეზიდენტს მოახსენეს, რომ აჯარი უზარმაზარი ინვესტიციას გეგმავდა და ეს რომ არ გამოვიდა, ამაში დამნაშავე მე ვიყავი. ამ გზით მიიღეს პრეზიდენტისგან თანხმობა ჩემ დაკავებაზე. მე ზუგდიდში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ საქმე ჩემ წინააღმდეგ როლანდ ახალაიამ აღძრა.

 

 

თქვენ ბრალი არ აღიარეთ. ეს როგორ მოახერხეთ?

 

 

მე ვერ ვაღიარებდი იმ დანაშაულს, რაც არ მქონდა ჩადენილი. აღიარების მოთხოვნით ჩემ მიმართ ძალადობა არასოდეს გამოუყენებიათ.

 

 

თქვენ ამბობთ, რომ აპირებთ იბრძოლოთ იმ ქონების დასაბრუნებლად, რომელიც ახლა ცნობილ ბიზნესმენს ეკუთვნის

 

 

ჩემი მთავარი მიზანი, როცა ამ საკითხზე გადავწყვიტე საუბარი, იყო ის, რომ საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია: ჯერჯერობით მაინც, ნურც ბინას და ნურც კომერციულ ფართობს ნუ იყიდიან ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში. მიწა, რომელზეც ეს სახლი დგას, ჩემია და მე არ ვაპირებ მის დათმობას.

 

 

ამ ქონების წართმევა პირველად კომპანია „არსის“ სახელით მოინდომეს. მაგრამ მაშინ სტრასბურგში ჩემი საქმე მიიღეს წარმოებაში და ამიტომ ქონების მიტაცებაზე ხელი აიღეს.

 

 

2010 წლის თებერვალში სასამართლომ ამ მიწის ნახევარი –  375 კვადრატული მეტრი ჩემს მეუღლეს გადასცა, მაგრამ საჯარო რეესტრმა მიწის დარეგისტრირებაზე მაშინ უარი გვითხრა, ქონებას სანამ ყადაღა ადევს, ვერ დავარეგისტრირებთო. 

ჩემს საკუთრებას 2012 წლის იანვარში დაჩქარებული ტემპით მოხსნეს ყადაღა და ეგრევე გაყიდეს.

 

 

მე ვაპირებ ამ მიწისთვის ბრძოლას, უნდა გავარკვიო, ვინ და როგორ იყიდა. ამიტომაც მინდა თქვენი გაზეთით გავაფრთხილო საზოგადოება, რომ თავი შეიკავონ ჩემს მიწაზე აშენებულ კორპუსში ბინის ან კომერციული ფართობის ყიდვისგან. ამ შენობის მესაკუთრეებს ვთავაზობ, სასამართლო განხილვამდე მშენებლობაც შეაჩერონ.

 

როგორც ვიცით, იმ ტერიტორიაზე კორპუსს თენგიზ ბაკურიძე აშენებს. მას არ შეხვედრიხართ?

 

 

მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ის აპირებდა ჩემი მიწის ხელში ჩაგდებას? არ ვიცი, მან ეს მიწა იყიდა თუ სხვა გზით ჩაიგდო ხელში, მაგრამ მგონია, რომ თვითონ უნდა მოსულიყო ჩემთან –  2012 წლის დასაწყისში უკვე თავისუფალი ვიყავი, მით უფრო, რომ იცოდა, სადაც ვცხოვრობდი…

 

 

თქვენ თქვით ციხიდან გამოსვლის შემდეგ დევნის გაგრძელებაზე. რას გულისხმობთ?

 

 

ის, რაც ჩემმა შვილებმა ჩემი პატიმრობის დროს გადაიტანეს, იყო კოშმარი. წარმოუდგენელია, როცა ვიღაცა გეგმავს შენი და შენი ოჯახის განადგურებას. მე ამაში ბრალს ვდებ პირადად ლევან ვარშალომიძესა და მის მამას, რადგან პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩემი არსებობა არ იცოდა. ხუთი წელი სრულად უკანონოდ ვიყავი დაკავებული, 2011 წლიდან კი უკვე საგადასახადო კუთხით შემომიტიეს –  ჩემი შვილების კომპანიაში 2007 წლის საგადასახადო დეკლარაციაში დაშვებული შეცდომა „აღმოაჩინეს“.

 

 

ამის საფუძველზე 2007 წლიდან 2012 წლამდე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი შეაფასეს 45 ათას ლარად, რასაც დაუმატეს 45 ათასი ჯარიმა და საურავი –  ჯამში, 125 ათასი ლარით დამაჯარიმეს.

 

 

ჩემმა შვილებმა არ იციან ქართული ენა, არ იციან ბუღალტერია, ამიტომ მე დავიწყე საგადასახადოში სიარული მოლაპარაკებაზე. 2012 წლის თებერვალში კანონი შეიცვალა –  ადრე თუ 25 ათასი ლარის ზიანზე იწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, თებერვლიდან 50 ათასი ლარის ზიანზე იწყებოდა იგივე პროცედურა. ჩვენ შემთხვევაში ძირი თანხა იყო 45 ათასი ლარი… როგორც კი აღმოაჩინეს, რომ ვერ იწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, საქმე გადასცეს ფინანსურ პოლიციას.

 

 

ფინანსური პოლიცია მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩვენთან, კითხვაც კი არ დაუსვამთ, არავითარი დოკუმენტი არ მოუთხოვიათ. მერე რამდენჯერმე დამიძახეს მათთან და ერთ დღესაც წარმომიდგინეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჩემმა შვილებმა სახელმწიფოს 88 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია დაუმალეს.

 

საქმე იმაშია, რომ ჩემს შვილებს აქვთ პატარა საცხობი. დოკუმენტების მიხედვით, ისინი წლების განმავლობაში ამ საცხობისთვის ყოველდღიურად ყიდულობდნენ საშუალოდ ოთხ ტომარა ფქვილს. ერთ დღესაც 500 ტომარაზე ავარდა, მეორე დღეს კი ისევ 4 ტომარა იყიდეს. ანუ ამ 500 ტომრის დოკუმენტი ყალბია. ფინანსურის ხალხს ვკითხე, თუ გჯერათ ამ დოკუმენტის ნამდვილობა, მაშინ მაჩვენეთ ის კაცი, ვინც ფქვილი მოიტანა, ან ვინ მოაწერა ხელი ტვირთის მიღებაზე-მეთქი. ის მაინც ეკითხათ, თუ მართლა წამოიღეს ამდენი ფქვილი, რატომ არ ითხოვს „ბარაქა 2005“ ამის ფულს – 88 ათას ლარს? იქნება საბანკო გადარიცხვა მაინც მაჩვენონ. არაფერი აქვთ.

 

 

მოკლედ, არ მომისმინა და 350 ათასი ლარით დამაჯარიმეს: ფქვილის ღირებულება 88 ათასი ლარი, 88 ათასი –  ჯარიმა, რომელსაც დაემატა თავისი საურავი, პლუს საგადასახადოს მიერ გამოწერილი 125 ათასი ლარი და ჯამში 350 ათასი ლარი მიიღეს. ჩემს შვილებს ამდენი თანხა ცხოვრებაში არ უნახავთ. მე უკვე ვხვდებოდი, რომ იძულებული გავხდებოდი, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ დამეთმო ქონება, სადაც ვცხოვრობ ოჯახთან ერთად, ან ისევ ციხეში წავსულიყავი.  

 

ზოგჯერ ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა ციხიდან არ გამოვსულიყავი. ბედნიერი ვარ ხელისუფლების შეცვლით, რადგან გაჩნდა შესაძლებლობა, დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მომიწყვეს.

 

 

მე ვაპირებ მატერიალური და მორალური კომპენსაცია მოვითხოვო. პრინციპის ამბავია, იმ ძროხების დაბრუნებასაც კი ვაპირებ, რომლებიც 2004 წელს წამართვეს და ვარშალომიძის ნათესავს მისცეს. ერთ ძროხაში 1150 დოლარი გადავიხადე უკრაინაში, უკრაინის კანონმდებლობით ამ ძროხების ქვეყნიდან გაყვანა იკრძალებოდა, მაგრამ რადგან ხერსონი და ბათუმი დამეგობრებული ქალაქები იყვნენ, მოგვცეს უფლება, წამოგვეყვანა ძროხები მესამე ქვეყანაში გაყვანის უფლების შეზღუდვით. მე ვიყიდე 25 ძროხა და 25 სახელმწიფომ იყიდა. ერთი ძროხა 45 ლიტრ რძეს იწველიდა დღეში… 2004 წელს ჯიშის 175 პირუტყვი ვარშალომიძის ნათესავებს 14 400 ლარად მიყიდეს. ჩვენ კი დაგვრჩა ძროხების ფოტოები და პასპორტები.    

 

 

უნდა მოვითხოვო ყველაფერი, რა მორალური და მატერიალური ზიანიც მომაყენეს. მე ამას მოვითხოვ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძისგანაც, რომელმაც იცოდა, რომ არაფრის გამო მასამართლებდა, მაგრამ მაინც მომისაჯა 6 წელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი