“უფლებადამცველთა გაერთიანებამ” შეთანხმებაზე ხელმოწერა წინასაარჩევნოდ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას გაუგზავნა, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასაც”. აღნიშნულ დოკუმენტში შეთანხმება ორ პუქტადაა ჩამოყალიბებული და გულისხმობს შემდეგს:
1. გადახედილ უნდა იქნას 2004 წლიდან დღემდე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლის შედეგად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები და მოხდეს მათი სრული რეაბილიტაცია.
2. გაუქმდეს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი.
შეთანხმების ინიციატორი, ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” მოსვლის შემდეგ დაინერგა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, “რომელმაც პროკურატურა რეპრესიულ მანქანად ჩამოაყალიბა და ეს სისტემა ბიუჯეტის შევსების საშუალებად იქცა”.
“ეს არის მახინჯი ინსტიტუტი. სისხლის სამართლის საქმეების 85% საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ცუდი ისაა, რომ არ ხდება საქმების არსებითი განხილვა, ადამიანს დააკავებენ ყალბი მტკიცებულებებით, ყალბი მოწმეთა ჩვენებებით და ეუბნებიან, რომ თუკი გააგრძელებ ბრძოლას, მაქსიმალურ სასჯელს მიიღებ, თუ გადაიხდი თანხას, სასჯელი შეგიმსუბუქდება.
ამის შემდეგ განსასჯელი ეკითხება თავის ადვოკატს, რა შანსები არსებობს საქმის მოგებისთვის. დღევანდელ საქართველოში ამის შანსები არის მიზერული. სტრასბურგიც იწელება ძალიან დიდხანს. გამამართლებელი განაჩენიც 1–2%–ს არ სცდება. შესაბამისად, ადვოკატი საქართველოში გადაიქცა მაკლერად, საპროცესო შეთანხმება კი ბიუჯეტის შევსების ერთ–ერთ წყაროდ”, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
მჟავანაძე ამბობს, რომ ყველას, ვისაც 2004 წლიდან დღემდე იძულებით გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რასაც დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც ეთანხმებიან.
კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, ვინ მიაღწია საპროცესო შეთანხმებას საკუთარი ნებით და ვის ძალადობით მოაწერინეს ხელი, ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს:
“დღევანდელი რეპრესიული მანქანის არსებობის პირობებში შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა და ამიტომ გააფორმა საპროცესო შეთანხმება. ადამიანს საპროცესო შეთანხმების მიღწევა ურჩევნია წლობით ციხეში ჯდომას. ათასობით ადამიანია ამ მდგომარეობაში. უბრალოდ, ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ, რადგან აქვთ შიში და იმის განცდა, რომ ამ უკანონო ქვეყანაში ვერ მიაღწევენ სამართალს”, – ამბობს “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი და დასძენს, რომ მის ორგანიზაციაში მიდიან ადამიანები, რომლებიც მასთან ამის შესახებ საუბრობენ, თუმცა, საჯაროდ საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ.
“ძალადობით რომ სრულდება საპროცესო შეთანხმებები, ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების საქმე. ადამიანებს ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი და თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გაიხსენეთ სიმონ კილაძის საქმე, რომელიც კანცელარიაში მუშაობდა და ისიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამ ადამიანებმა ხმამაღლა რომ ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ, მათ სასჯელს დაუმატებენ, ამიტომ სხვების ვინაობას ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ”, – განუცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ “ნეტგაზეთს”.
შეთანხმების დოკუმენტს ხელი შვიდმა პარტიამ მოაწერა და ესენია: “კახა კუკავა–თავისუფალი საქართველო”, “სამართლიანი საქართველოსთვის”, “გიორგი თარგამაძე– ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანება”, “სახალხო პარტია”, “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “თავისუფლების გზა–ზვიად გამსახურდიას გზა”.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება”, ისინი ეთანხმებიან შეთანხმების პირველ პუნქტს, რაც გულისხმობს 2004 წლიდან დღემდე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლის შედეგად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვას და მათ სრულ რეაბილიტაციას.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას, ამას “ქართული ოცნება” არ იზიარებს და ამის შესახებ სარჩევნო ბლოკის მოსაზრებები საარჩევნო პროგრამაშიცაა ჩამოყალიბებული.
“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ “საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტის გამოყენება გასცდა ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს, იქცა იძულების მექანიზმად და შეუნიღბავად ემსახურება მართლსაწინააღმდეგო მიზნებს – არასასურველ პირებთან ანგარიშსწორებას გაუმართლებლად დიდი თანხების გადახდევინებით ან, პირიქით, მავანთათვის უსამართლო შეღავათების მიცემას”.
“ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ კუთხით რეფორმას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, “საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, კერძოდ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. საპროცესო შეთანხმების დადების დროს გაიზრდება მოსამართლის როლი და უფლებები. ამასთან, გადამწყვეტი იქნება არა ის, რომ ფულის გადახდით შეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ის, რომ მოხდეს ორგანიზებული თუ სხვა სახის დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების ხელშეწყობა.
აიკრძალება საპროცესო შეთანხმების დადება არასრულწლოვანთა საქმეებზე და უპირატესობა მიენიჭება აღდგენით მართლმსაჯულებასა და რესოციალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას”.
რაც შეეხება ხელისუფლებას, აღნიშნულ ინსტიტუტს ის სისხლის სამართლის რეფორმის ერთ–ერთ წარმატებულ ნაბიჯად აფასებს.
საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს ცნობით, საპროცესო შეთანხმების მხარეები არიან პროკურორი და ბრალდებული. ამ შემთხვევაში პროკურორის ინტერესია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება, რაც, იუსტიციის სამინსიტროს მოსაზრებით, გამოიხატება შემდეგში: 1. მართლმსაჯულების სისწრაფესა და სახელმწიფო რესურსების დაზოგვას ხელს უწყობს განაჩენის დადგომის გამარტივებული ფორმა – სასამართლო კამათისა და მტკიცებულებებზე დავის გარეშე; 2. სისტემის ეფექტურობას უზრუნველყოფს ბრალდებულის დაინტერესება გამოძიებასთან თანამშრომლობით, რის შედეგადაც საპროცესო შეთანხმება ეხმარება სახელმწიფოს სხვა დანაშაულებათა გახსნაში, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და ბრალდებულის რესოციალიზაციაში. ბრალდებულის ინტერესია, რომ თავიდან აიცილოს საქმის არსებითი განხილვის შედეგად შესაძლო მკაცრი სასჯელი.
იუსტიციის სამინისტროს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებით ეფექტურია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რადგან ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება დანაშაულებრივი დაჯგუფების ზედა ეშელონებზე გასვლა.
რაც შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულებს, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ხელს უწყობს საქმეების სწრაფად დასრულება, დროისა და რესურსების ეფექტიან გადანაწილებას.