მელიქ რაისიანი 1999 და 2004 წლების პარლამენტის მოწვევის დეპუტატია. ის პარლამენტში 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა.
2012 წლის გაზაფხულზე რაისიანმა „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭირა მხარი. კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელის გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, მელიქ რაისიანი ახალქალაქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილილიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიქ რაისიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ორი დღის წინ გამოტანა. მისი ადვოკატის თეიმურაზ კუტივაძის ინფორმაციით, რაისიანს თაღლითობაში ედება ბრალი:
„სასამართლოზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, მან მალვინა მატარიძეს 2007 წელს 38 ათასი ლარი დეპუტატის ავტორიტეტის გამოყენების სანაცვლოდ გამოსძალა. მელიქიანი მატარიძეს გადასახადების დამალვაში დახმარებას დაპირდა. თუმცა სასამართლოზე ვერ წარმოადგინეს იმის მტკიცებულება, რომ რაისიანმა ეს ფული აიღო, ან ვინმეს რამეს დაპირდა.”
საქალაქო სასამართლომ რაისიანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გოგლა ჟვანია ამბობს, რომ მელიქ რაისიანს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭირა მხარი:
“ეს პიროვნება საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა ახალქალაქში. ის “ნაციონალური მოძრაობის” სიით 2004 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ახლა კი ისეთი საქმე ამოუქექეს, რომელიც 2007 წელს მოხდა. საინტერესოა, მელიქიანი 2007 წელს არ იყო დამნაშავე, როცა “ნაცმოძრაობის” წევრი იყო და ახლა გახდა თაღლითი, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყო ურთიერთობა?“
ამ საქმის გარდა, მელიქ რაისიანი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. ამ საქმის არსებით განხილვას ახალქალაქის სასამართლო 16 აგვისტოს დაიწყებს.
კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი გოგლა ჟვანია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „მელიქ რაისიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ოფისის მფლობელია. არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ახალქალაქში არსებული შენობის მფლობელი გეორგი მხჩიანია. თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ხელშეკრულება გაყალბებულია და შენობის ფაქტობრივი მეპატრონე მელიქ რაისიანია,“ – ამბობს გოგლა ჟვანია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გეორგი მხჩიანი ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მხჩიანმა ახალქალაქის ცენტრში მდებარე ქალაქის ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრზე (1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით), საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების მიზნით, დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რის შემდგომაც შენობა და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებად.
აღნიშნული ფართის მესაკუთრე, რომელშიც ამჟამად კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბია განთავსებული, მხჩიანი 2005 წელს გახდა.
მელიქ რაისიანის ადვოკატი თემურაზ კუტივაძე ამ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თენგიზ მაისურაძისგან ძიების დროს მოპოვებული მასალების გადმოცემას ითხოვდა. თუმცა კუტივაძეს მხოლოდ ის მასალები გადაეცა, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატისათვის მასალების გადაცემის შემდგომ პერიოდში იქნა მოპოვებული.
თეიმურაზ კუტივაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართა.
სახალხო დამცველი გამომძიებლის თენგიზ მაისურაძის წინააღმდეგ (რომელიც მელიქ რაისიანის საქმეს იძიბდა), დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს. გიორგი ტუღუშმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს 2012 წლის 8 აგვისტოს მიმართა შესაბამისი რეკომენდაციით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა თავისი ქმედებით დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები:
„კანონის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს იმ მომენტისათვის არსებული მასალის სრული მოცულობით გადაცემის ვალდებულებას,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სახალხო დამცველის მიერ უწყებაში გაგზავნილი მიმართვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან და თავად დაუკავშირდებიან.