სამართალი

გენერალურმა ინსპექციამ დაზარალებულ ჟურნალისტებზე მოკვლევა დაიწყო

20 ივნისი, 2011 • 1183
გენერალურმა ინსპექციამ დაზარალებულ ჟურნალისტებზე მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო საქმის მოკვლევა 26 მაისის საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულ ჟურნალისტებზე. 

სახალხო დამცველმა  ჟურნალისტების ახსნა–განმარტებები მთავარ პროკურორს გადაუგზავნა. მოკვლევა სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

17 ივნისს გენერალურმა ინსპექციამ ახსნა–განმარტება ჩამოართვა გაზეთ “გურია ნიუსის” ჟურნალისტ ნატო გოგელიას,  სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტ მალხაზ ჭკადუას, ასევე “ნეტგაზეთის” ოთხ თანამშრომელს – თამაზ კუპრეიშვილს, კონსტანტინე სტალინსკის, ნინო კახიშვილს და ნესტან ცეცხლაძეს. 

იმ ჟურნალისტების ინფორმაციით, რომლებმაც ახსნა-განმარტება უკვე მისცეს, გენერალურ ინსპექციას აინტერესებდა ჟურნალისტების დაზარალების ისტორიები, სამედიცინო ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, შეძლებენ თუ არა დაზარალებულები იმ ადამიანების ამოცნობას, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

“მათ აინტერესებდათ დეტალები, თუ შევძლებდით რომელიმე სპეცრაზმელის იდენტიფიცირებას; მახსოვდა თუ არა მათი სახეები. როგორც გვითხრეს, აინტერესებდათ ადგილმდებარეობაც, სადაც შეგვექმნა პრობლემები. როგორც თქვეს, იქ იყო სხვადასხვა დანაყოფი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, სწორედ ამიტომ, მათ აინტერესებდათ კონკრეტული დეტალები. წართმეული ტექნიკის დაბრუნება არ შემოუთავაზებიათ” – ამბობს ნატო გოგელია.

“იტერპესნიუსის”  რედაქტორის ბაია ცანავას თქმით, მისმა თანამშრომელმა – მალხაზ ჭკადუამ, რომელიც 25 მაისის ღამეს დააკავეს, ჩვენება უკვე მისცა: “მას ჰკითხეს, რამდენად შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც დააკავა და მოაყოლეს, თუ როგორ დააკავეს; შესაბამისად, იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, მალხაზმა ჩააყენა ამის შესახებ საქმის კურსში სამართალდამცავები და, ფაქტობრივად, ის ახსნა-განმარტება მისცა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საჯაროდაც საუბრობდა”. 

გენინსპექციაში, ჯერჯერობით, არ დაუბარებიათ “მედია.გე”-ს რედაქტორი დათო მჭედლიძე, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე, სააგენტო “პირველის” ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე; ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც დაზარალებულები – კოალიცია “მედია ადვოკატირებისათვის” მიმართვაში, რომელიც კოალიციამ  შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა. 

“ნეტგაზეთის”  თანამშრომლებმა 30 მაისს თავადაც მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით, რასაც რეაგირება, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. განცხადებაში ჟურნალისტები პროკურატურას სთხოვენ, პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიებას, დამნაშავე პირების დადგენას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხისგებაში მიცემას, წართმეული ვიდეოკამერებისა და გადაღებული ვიდეომასალის დაბრუნებას.

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმე 26 მაისს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე აღძრული არ არის. 

26 მაისის აქციის გაშუქებისას 18-მა ჟურნალისტმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მათ წაართვეს ტექნიკაც.

 

ამავე თემაზე:

26 მაისს დაშავებული ჟურნალისტები

ჟურნალისტების ცემის ფაქტები

მრგვალი მაგიდა ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე

ნეტგაზეთის ჟურნალისტები მთავარ პროკურორს მიმართავენ

 

Media.ge-ს რედაქტორი სცემეს

ნინო კახიშვილი: როგორ წამიყვანეს პოლიციაში

დაიხოცნენ თუ არა მომიტინგეები

თაზო კუპრეიშვილი: როგორ მცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი