ნეტგაზეთი | კულტურა და მშვიდობა კულტურა და მშვიდობა – Netgazeti

კულტურა და მშვიდობა

“მარჯანჯა” 130 ლარად, “მოღალატეები” სპორტის სასახლეში და სამხრეთ ოსეთის “სახალხო არტისტი” რუსთაველის სცენაზე – კულტურა თუ რუსული პროპაგანდა?

ნომბერის დასაწყისში რუსული კინოფესტივალი თბილისში მეხუთედ გაიმართა, თუმცა წელს ის შეცვლილი სახელით ჩატარდა. თბილისში თავიდან ბევრი ვერ მიხვდა, რომ “ღია კინოფორუმი” რუსული კინოფესტივალის ახალი ვერსია იყო. ფესტივალზე რუსული ფილმების გარდა ფილმები თურქეთიდან, ირანიდან და უკრაინიდანაც წარმოადგინეს, თუმცა უმეტესობა კვლავ რუსული კინოწარმოების პროდუქტი იყო.

ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი რუსეთში მოღვაწე ადვოკატი კონსტანტინე ლუზინიან-რიჟინაშვილია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კინოფესტივალი მათი პირადი სახსრებით ფინანსდება.

წელს “ღია ფორუმის” კინოფესტივალს ფინანსური მხარდაჭერა თბილისის მერიამაც გაუწია, რაც დისკუსიის საგანი გახდა. ამის მიუხედავად, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი წერეთელი ამბობს, რომ კინოფესტივალის კონცეფცია თბილისის, როგორც რეგიონის კულტურული ცენტრის სტატუსის შენარჩუნების იდეას მიესადაგება.

ფესტივალის კურატორები ვერ ასახელებენ, ზუსტად რა რაოდენობის მაყურებელი ჰყავს მათ ფილმებს.

კინოფესტივალის გარდა, რუსი მომღერლები თუ მსახიობები ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნად არტისტებად რჩებიან.

16 აგვისტოს რუსული შანსონების შემსრულებელმა, მომღერალმა მიხაილ შუფუტინსკიმ ბათუმში Music Promotion-ის მოწვევით, კონცერტი გამართა. კომპანიის ხელმძღვანელის, ნინო დავითაიას ინფორმაციით, კონცერტს 3000 ადამიანი დაესწრო.

ხმაურიანი აღმოჩნდა თბილისის სპორტის სასახლეში გასული წლის 7 დეკემბერს გამართული მომღერალ გრიგორი ლეპსის კონცერტი.

სპორტის სასახლესთან კონცერტის დაწყებამდე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ლეპსის კონცერტზე დამსწრეებს ქვეყნის მოღალატეებს უწოდებნენ.

მომღერალი გრიგორი ლეპსი. ფოტო: ინტერმედია
მომღერალი გრიგორი ლეპსი. ფოტო: ინტერმედია

ასევე, ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, მის ჟურნალისტ ნინი მეტრეველს გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდუსერმა თავისუფლება აღუკვეთეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტი, რომელმაც თბილისში ჩამოსულ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა, ამტკიცებდა, რომ ოთახში ჩაკეტეს და იქიდან არ უშვებდნენ – მოითხოვდნენ გადაღებული ინტერვიუს წაშლას. ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ლეპსს ჰკითხა, უხერხულობას ხომ არ უქმნიდა მისი კონცერტის გარშემო შექმნილი ვითარება და პოლიტიკური კონტექსტი.

თავად კონცერტის ორგანიზატორის, “ტრიდა პრომოუშენის” წარმომადგენლი, ლელა ასლანიკაშვილი კი ტელეკომპანიას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგვიანებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისს საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი თბილისს საკუთარი თეატრალური დასით ესტუმრა. კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი საზოგადოებრივი მაუწებლის ეთერში, გადაცემა “მაღვიძარაში” აცხადებდა, რომ კულტურული დიალოგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის საშუალება იქნებოდა.

იმჟამად, 2012 წელს, საზოგადოების ნაწილი  მსახიობის მიერ განსახიერებულ ერთ-ერთ სასცენო დადგმაზე აპელირებდა. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბეზრუკოვმა ქართულად თქვა ფრაზა “ხელქვეითი უნდა იყოს მორჩილი და მთრთოლვარე” და ჰალსტუხის ღეჭვა დაიწყო.

2014 წლის მაისში გასამართი მისი კიდევ ერთი სპექტაკლი კი გაუქმდა. მიზეზად ბეზრუკოვის არაპოლიტკორექტული განცხადებები დასახელდა. მსახიობი რუსეთის პრეზიდენტს, ვლდიმერ პუტინს მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.

სექტებერში ბეზრუკოვი თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა “სახალხო არტისტის” წოდებით დააჯილდოვა.

სერგეი ბეზრუკოვი თბილისში ფოტო: GN
სერგეი ბეზრუკოვი თბილისში ფოტო: GN

არის თუ არა მსგავსი კულტურული ღონისძიებები რუსული მხრიდან საქართველოში რბილი ძალის გატარების მცდელობა?

რუსეთმა რბილი ძალის აქტიურად გამოყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ 2000-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. ამ მეთოდით სასურველ შედეგებს მხარე არაძალისმიერი მეთოდებით აღწევს. რბილი ძალის გამტარებელი უპირატესობას იდეოლოგიურ და ინტელექტუალურ რესურსებს ანიჭებს.

როგორც ტარტუს უნივერსიტეტის [ესტონეთი] პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ანდრეი მაკარიჩევი ამბობს, რბილი ძალის თავისებურება სწორედ იმაში მდგომაროებს, რომ მისი “გადათარგმნა” და სწორად აღქმა ჩვეულებრივ სამიზნე ჯგუფს, მის მომხმარებელს არ შეუძლია. ამიტომ რბილი ძალის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას კულტურა და ხელოვნებით მანიპულირება წარმოადგენს.

ღონისძიებათა ორგანიზატორები ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის კავშირს უმეტესწილად უარყოფენ და აცხადებენ, რომ კულტურული კავშირი მეზობელ ქვეყნებს შორის საკმაოდ მჭიდროა, რაც არც ერთ მხარეს არ აზარალებს.

“იმას ვერ გავექცევით, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, თაობები გავიზარდეთ ამ კულტურულ კავშირებზე, ბევრი ქართველი ხელოვანი მეგობრობს იქაურ კინოხელოვანებთან და უფრო მეტიც, თავად იქ მოღვაწეობენ. ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი, ეს უნდა იყოს კეთილი ნების გამოხატვა და ხელს უნდა უწყობდეს დაპირისპირებულ მხარეთა შორის სიტუაციის დათბობას,” – აცხადებს “ღია ფორუმის” კინოფესტივალის დირექტორი მაკო ჯაოშვილი.

მოსაზრებას არ ეთანხმება კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო დაწესებულებები არასასურველი პოლიტიკის გამტარებელი არ გახდებიან. ხოლო ყველა ადამიანი, რომელიც ცდილობს ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის ურთიერთკავშირი უარყოს, უბრალოდ დემაგოგია.

“ჩვეულებრივ მაყურებელსა და მსმენელს ვერ აუხსნი, რომ ხელოვნება შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს უნდა ესმოდეს იმ მხატვარს, რომელიც უარყოფს ამას. ის ჩემს თვალში არის უნამუსო მხატვარი,”- ამბობს თეო ხატიაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი აცხადებს, რომ რუსული კულტურის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტები საფრთხის შემცველია, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეიძლება ფიქრობდეს.

“რუსეთს ნამდვილად აქვს დიდი კულტურა; ჰყავს დღემდე გამორჩეული წევრები, მათი ვიზიტებიც ნორმალური მოვლენაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი ცნობადობა და გავლენა შესაძლებელია გამოყენებული იყოს პროპაგანდისათვის. რეალურად, რბილი ძალის გამოყენება რუსეთისათვის საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე რთულია,” – აცხადებს გია ნოდია.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში შეზღუდულია, რადგან პოლიტიკური კონფრონტაციის პირობებში მას ხანგრძლივად ფუნქციონირება არ შეუძლია.

სოჭის ოლიმპიადის გახსნა
სოჭის ოლიმპიადის გახსნა

“კულტურული ღონისძიებები შეიძლება არც იყოს სტრატეგიულად განსაზღვრული. რბილი ძალის სამოქმედო ინსტრუმენტებში შედის, როგორც ღონისძიებები, კონცერტები, ასევე, რელიგია, ისტორიული გამოცდილება. ეს არის იდეოლოგიურ-კულტურული განზომილება. ყველაფერი დამოკიდებულია შემსრულებელზე, მის ხარისხზე და არა მხოლოდ მის წარმომავლობაზე,” – ამბობს კანაშვილი.

გიორგი კანაშვილის თქმით, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს რადიკალიზმი სხვადასსხვა საკითხში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება, ამიტომ მოთხოვნა, რომ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს მსგავსი ღონისძიებები, წინდაუხედავია.

“ჩვენ თუ ვაშენებთ ავტორიტარული ტიპის საზოგადოებას, მაშინ ზუსტადაც უნდა დავაწესოთ აკრძალვები. და ამ აკრძალვების არსებობა არ მიგვიყვანს სხვაგან – ეს არის ზუსტად რუსული მმართველობის ტიპი.”

კანაშვილის თქმით, უფროსი თაობების შედარებით ლოიალური დამოკიდებულება რუსი ხელოვანების მიმართ განპირობებულია წარსულის მონატრებით. ეს ნოსტალგია უკავშირდება მათ თვალში ცხოვრების უკეთეს ხარისხს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს უფროსი თაობისათვის კავშირია საკუთარ ახალგაზრდობასთან. უფროსი თაობა იმედგაცრუებულია არსებული რეალობით.

“რბილ ძალასთან ბრძოლა არ არის საჭირო, არც დაპირისპირება. ყველაზე კარგი პასუხი არის ეფექტური, ევროპული მოდელისკენ ეტაპობრივი სიარული. რუსული რბილი ძალა არის იქ ძლიერი, სადაც არის საბჭოთა კავშირის ნოსტალგია. თუ უჩვენებ საზოგადოებას იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს აქვს, მას თავად აღარ გაუჩნდება იმ კონცერტზე წასვლის სურვილი,”- ამბობს კანაშივილი.

პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ რუსული რბილი ძალის კონცეფცია განსხვავდება ზოგადად ცნების კლასიკური გაგებისაგან. ის არ არის იმდენად რუსეთის პირდაპირ პროპაგანდაზე გათვლილი, რამდენადაც საქართველოს მოკავშირე ქვეყნების დისკრედიტაციაზე.

“ის ოპონენტების დისკრედიტაციის გზით ცდილობს საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას. ერთ-ერთი მეთოდი არის ანტიდასავლური პროპაგანდა, რის მიხედვითაც დასავლური იდეოლოგია, დემოკრატიული ფასეულობები არის სიცრუე,” – ამბობს გია ნოდია.

მათი თქმით, ეს სწორედ ერთ-ერთი კომპონენტია რის გამოც უფროსი თაობები კვლავ განიცდიან ერთგვარ მიჯაჭვულობას და რბილი ძალის სამიზნე მოწყვლადი ჯგუფი ხდება.

“ხელოვნების არ უნდა გვეშინოდეს. უნდა მოძებნო ზუსტი ალტერნატივა. ადამიანმა უნდა მოუსმინოს და უყუროს იმას, რაც უნდა, უბრალოდ, უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება; უნდა ნახოს ორივე და განსაზღვროს რა მოსწონს,”- ამბობს გიორგი კანაშვილი.

დასწრებიხართ საქართველოში რუსი არტისტების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებს? იქნებ გაგჩენიათ პროსტესტის გრძნობა ასეთი კულტურული ღონისძიებების მიმართ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი