ხელოვნება

21 ნოემბერს ბათუმის თეატრში ”ზამთრის ზღაპრის” პრემიერა გაიმართება

17 ნოემბერი, 2015 • • 1553
21 ნოემბერს ბათუმის თეატრში ”ზამთრის ზღაპრის” პრემიერა გაიმართება

ბრიტანეთის საბჭოს ცნობით, უნიკორნ თეატრის რეკომენდაციით, ბრიტანელი რეჟისორი თარეკ ისკანდერი 2015 წლის ზაფხულში შეუდგა მუშაობას.

 

„ზამთრის ზღაპარი“ თანამედროვე დრამატურგის – იგნას კორნალისენის პიესაა, რომლის ინსპირაცია შექსპირის ამავე სახელწოდების პიესა იყო.  ეს არის სპექტაკლი იმის შესახებ, თუ როგორ იდგმება თეატრში შექსპირის „ზამთრის ზღაპარი“ და როგორ ვითარდება შემოქმედებითი ჯგუფის პირადი ურთიერთობები სპექტაკლზე მუშაობის პროცესში.

 

პროექტის „საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ მეშვეობით მეორედ შედგა თანამშრომლობა ბრიტანულ და ქართულ თეატრებს შორის. შარშან, 2015 წელს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“. ეს იყო პირველი ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების  მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბათუმში.

 

„ზამთრის ზღაპარი“ კიდევ ერთი დადასტურებაა წარმატებული თანამშრომლობისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, კერძოდ, აჭარისა და დიდი ბრიტანეთის თანამედროვე ხელოვნების გაცნობასა და კულტურისა და ხელოვნების ორგანიზაციებს  შორის  შემოქმედებითი თანამშრომლობის ხელშეწყობას, აცხადებს ბრიტანეთის საბჭო.

 

თარეკ ისკანდერი დრამატურგი და თეატრალური რეჟისორია. ის იყო ჰეკნიში თეატრ ‘’იარდის’’(Yard) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოცირებული რეჟისორი. მანამდე ლონდონის ნაციონალური თეატრის სტუდიაში როგორც რეჟისორმა  გაიარა რეზიდენტურა. ნაციონალურ თეატრში ასევე ასრულებდა  რეჟისორის მოვალეობას. ის არის ავტორი და რეჟისორი პიესებისა:  Shiver; Qudz; Accidental Death of an Anarchist;  Midnight When Trumpets Cry; Human Remains. მისი სპექტაკლები- The Recognition of Sakuntalaდა Macbeth ავტორიტეტულმა  ბრიტანულმა თეატრალურმა გაზეთმა ‘’ტაიმ აუტმა’’ კრიტიკოსთა რჩეულებად დაასახელა.  ბოლო პერიოდში ბირმინგემის საოპერო კომპანიაში მის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა  ‘’ყინულის გალხობა’’ დიდი აღიარება მოიპოვა.

 

თარეკ ისკანდერიბევრს მუშაობს როგორც თანამედროვე დრამატურგიაში, ასევე კლასიკურ ტექსტებზე. ბოლო ხანებში დაინტერესებულია ,,ექსპერიმენტული’’ მულტი-მედიური ტიპის სპექტაკლებით.

 

ბრიტანეთის საბჭო და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მეოთხე წელია თანამშრომლობენ  აჭარაში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ორი მიმართულებით: საშემსრულობლო ხელოვნების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

ბრიტანეთის საბჭოს ცნობით, პროგრამის ფარგლებში ბრიტანულ კომპანიასთან „Morris Hargreaves McIntyre (MHM)“ თანამშრომლობით შეიქმნა აჭარის რეგიონში აუდიტორიის კვლევისა და რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აუდიტორიის განვითარების სტრატეგიას და აუდიტორიასთან მუშაობის სამოქმედო გეგმას. ჩატარდა ტრენინგების სერია, რომელთა მიზანი იყო თეატრების თანამშრომლებისთვის წარმატებული ბრიტანული გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ბრიტანული თეატრები მაყურებლის მოზიდვის პრობლემას.   

 

2015 წლის გაზაფხულზე კი აჭარაში მოქმედ სახელმწიფო თეატრებში  მივლინებულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა ბაზრის პირველადი შესწავლის შემდეგ თეატრებთან აუდიტორიის მოზიდვის და მარკეტინგული ღონისძიებების გაუმჯობესების საკითხებზე პრაქტიკულად იმუშავეს.

 

პროგრამის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს მოწვევით აჭარაში კულტურისა და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მოღვაწე ოთხი პროფესიონალი აგვისტოს ბოლოს მიმდინარე ედინბურიგის თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა .  მათ საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს თეატრალურ ბიენალეს Edinburgh Showcase და გაცნობოდნენ თანამედროვე ბრიტანული საშემსრულებლო ხელოვნების ულტრათანამედროვე ნიმუშებს.

’ზამთრის ზღაპარი’ - პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში
’ზამთრის ზღაპარი’ – პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში

მასალების გადაბეჭდვის წესი