მუსიკა ფირზე

რიჩარდ ბელია, ფოტოგრაფი, რომლის კოლექციაშიც– ნირვანას, პოლ მაკარტნის, რედიოჰედის, იჯი პოპის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ფოტოებია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის მუსიკოსის თვალებში გაჩენილ ნაპერწკალს იჭერს, რომელიც მათ დაკვრის დროს უჩნდებათ.

რიჩარდ ბელია, ფოტოგრაფი, რომლის კოლექციაშიც– ნირვანას,პოლ მაკარტნის, რედიოჰედის, იჯი პოპის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ფოტოებია, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის მუსიკოსის თვალებში გაჩენილ ნაპერწკალს იჭერს, რომელიც მათ დაკვრის დროს უჩნდებათ.

ფრანგი ფოტოგრაფი, თბილისში, ევროპის სახლში, პირად გამოფენას თავადვე მასპინძლობდა.

ბელია ის ფოტოგრაფია, რომელიც მუსიკას ფირზე გადმოსცემს. არ უყვარს დადგმული ფოტოები და არასოდეს იღებს. ის რაც მოსწონს, მუსიკოსების დაკვრის პროცესში გადაღებაა.

სწორედ ამიტომ, არასდროს მუშაობს სტუდიაში: “ძნელია, ხელოვნურ ვითარებაში დაიჭირო ის ნაპერწკალი მუსიკოსის თვალებში, რომელიც მას დაკვრის დროს აქვს…ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი განათება და ემოციაა შენი მოდელის თვალებში”, – ამბობს ბელია.

ბევრს არ მოგზაურობს, უბრალოდ, საჭირო მომენტში საჭირო ადგილას აღმოჩნდება ხოლმე.

უკვე 30 წელიწადია მუსიკოსების ფოტოებს იღებს. სანამ ფოტოაპარატს ხელში აიღებდა, პიანინოსა და გიტარაზე დაკვრა სცადა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. სურდა, რაიმე შეექმნა და თან მუსიკასთან  ყოფილიყო ახლოს.

პირველი ფოტო წვეულებაზე გადაიღო, რომელზეც ჰიპები უკრავდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მისი გატაცება როკ-ფოტოგრაფიით.

პირველი ჯგუფი, რომელსაც გადაუღო,  the cure იყო. 25 წლის შემდეგ უკვე პოპულარული ბენდის წევრებმა რიშარი მოძებნეს  და დიდი ხნის წინათ გადაღებული ფოტოები სთხოვეს.

ასე გაუმართლა Radiohead-ისა და Nirvana-ს შემთხვევაშიც. მათი ფოტოები ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როცა ისინი ნაკლებად ცნობილი იყვნენ.

“როცა მინდა რომელიმე მუსიკოსს გადავუღო, უბრალოდ, მას ამის შესახებ ვთხოვ. მთავარია, შეგეძლოს ცნობილ ადამიანებს ისე მიუდგე, როგორც ჩვეულებრივებს, ხოლო ჩვეულებრივებს, როგორც – ცნობილებს.” – ამბობს იგი.

 

რიჩარდ ბეილი, ფოტო ანა გაბელაია
რიჩარდ ბეილი, ფოტო ანა გაბელაია

ალბათ, სწორედ ამ მიდგომის წყალობით აქვს კოლექციაში– პოლ მაკარტნის, ნირვანას, რედიოჰედის, იჯი პოპის, დევიდ ბოუის და სხვა ცნობილი მუსიკოსების ფოტოები.

თუ ძალიან სურს, რომელიმე გარდაცვლილი მუსიკოსის ფოტო ჰქონდეს, მისი ცხოვრების რაიმე დეტალს პოულობს, როგორიცაა: გიტარის ჩასადები, მუსიკოსის მიერ გაკეთებული წარწერები კედელზე, ჯაზ-კლუბის წევრობის ბარათი და სხვ. ის იმ ნივთებს იღებს, რომლებიც  მის ყოფილ მფლობელთან რაიმე კავშირშია.

1982 წელს მეტალიკას კონცერტზე რიშარმა ჯებირებს მომწყდარი მსმენელი გადაიღო და შემდეგ ეს ფოტო მისი ერთ-ერთი წიგნის გარეკანად აქცია. 19 წლის მერე, თავისი დაბადების დღის წინ, მეილზე მოუვიდა შეტყობინება: გამარჯობა, მე ვარ ბიჭი შენი წიგნის ყდიდან, შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ? დღეს რიშარი და “ბიჭი ყდიდან” მართლაც კარგი მეგობრები არიან.

30 წლის მუშაობის განმავლობაში, იგი იღებდა ფოტოებს ფრანგული და მსოფლიო მედიისთვის, თუმცა ახლა თავისუფალი ფოტოგრაფია. იღებს რასაც უნდა და როცა უნდა – ძირითადად, შავ-თეთრ ფერებში. გამოცემული აქვს 2 წიგნი: “ an eye on music” და “ sex and the rock’n roll”. თავის წიგნებს თვითონვე ბეჭდავს და მათ მხოლოდ გამოფენებზე ან ინტერნეტის საშუალებით ყიდის.

 “მინდა, საკუთარი თავის პატრონი ვიყო. თუ რაღაც კარგი გამომივა – გამიხარდება, თუ არა – გული დამწყდება, მაგრამ არავინ შეწუხდება ამით. ეს, თითქოს, ურთიერთობაა ჩემსა და ისევ ჩემს თავს შორის.”

7 ოქტომბერს რიშარ ბელიამ მსურველებისთვის როკ-ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩაატარა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფოტო რაღაც ისტორიას გვიამბობდეს. მთავარია, ემოცია დაიჭირო. ფოტოგრაფია ბერძნულად სინათლით ხატვას ნიშნავს. ვფიქრობ, მე სწორედ მხატვარი ვარ, რომელიც ფერების ნაცვლად სინათლეს იყენებს.”

არტისტერიუმ 3-ის ფარგლებში, 14 ნოემბრამდე ევროპის სახლში  დამთვალირებელს შეუძლია 3 ფრანგი ფოტოგრაფის – ალენ დისტერის, პიერ იბრისა და რიშარ ბელიას – როკ-ფოტოგრაფია იხილოს.

რიჩარდ ბელიას ფოტო
რიჩარდ ბელიას ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა გაბელაია