კინოხელოვნება

ქარიშხლის მბრძანებელი

8 აგვისტო, 2011 • • 1718
ქარიშხლის მბრძანებელი
ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წელს გამარჯვებისთვის 10 ფილმი იბრძოდა. „ქარიშხლის მბრძანებელი“ – ასე დაარქვეს ქართულ კინოგაქირავებაში, უფრო სწორად ქართულ პირატულ პორტალებზე ქეთრინ ბიგელოუს ფილმს, რომელიც ოსკარების ცერემონიალზე არ ყოფილა ომის თემაზე შექმნილი ერთადერთი ფილმი. ომსა და სისხლისმღვრელ ბრძოლებს აღწერდა ჯეიმს კემერონის „ავატარიც“ და ქვენთინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებიც“. მაგრამ კინოაკადემიამ საუკეთესოდ ბიგელოუ დაასახელა და თანაც არა მხოლოდ საუკეთესო ფილმის, არამედ საუკეთესო რეჟისორურის ნომინაციაში.  
 
ის, რომ ტარანტინო წელს ოსკარს ვერ აიღებდა „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალის შედეგების შემდეგაც მისახვედრი იყო. ტარანტინოს ზედმეტი ევროპელობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ ამერიკული კინოსამყაროს გული მოეგო. არა იმ თვალსაზრისით, რომ ფილმი ევროპაშია გადაღებული და ევროპულ კულტურულ კოქტეილს გვთავაზობს, სადაც ამერიკელები ნახევრადშეშლილ და ინფანტილურ სუბიექტებს წარმოადგენენ. დღეს ამერიკაში ტარანტინო ყველაზე რენესანსული რეჟისორია, არა უნარებით, არამედ მსოფლმხედველობით და ანდრე ბაზენს რომ ამ საუკუნეშიც ეცხოვრა და ნაკლებად პურიტანული ყოფილიყო, ორსონ უელსის მერე რენესანსული აზროვნების მაგალითად ალბათ ტარანტინოს დაასახელებდა. თუმცა ეს იქით იყოს. თანაც ქვენთინი, რომელიც საქართველოშიც ასე ძალიან უყვართ, ამჯერად სამგანზომილებიანი გამოსახულებით არის დაინტერესებული და იქნებ მომდევნო წელს ოქროს ბიჭუნას მოპოვებაში ამ ტექნოლოგიურმა სიახლემ მაინც უშველოს. 
 
 
საუკეთესო ფილმის შერჩევისას კინოაკადემიამ არც „ავატარი“ შეიმჩნია. ვიზუალური ეფექტებისთვის და გამოსახულების სიკეთეებთან დაკავშირებული სხვა პრიზებით ამ ფილმის აღნიშვნა ძაღლისთვის ძვლის გადაგდებას უფრო გავდა, ვიდრე ჟიურის გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად კამათითა და აზრთა წინააღმდეგობებით მიიღება ხოლმე. 



The Hurt Locker – Official Trailer 


მაინც რა აღამოაჩნდა კეტრინ ბიგელოუს „ქარიშხლის მბრძანებელს“ ისეთი, რამაც ასე ძალიან იმოქმედა ოქროს სამკაულით მორთულ პატიოსან კინოელიტაზე? სწორხაზოვნების ზეიმი? ფილმის მოყოლა ერთი წინადადებით საკმარისია და ეს წინადადებაა „ომი ნარკოტიკია“. დიახ, მთელი ფილმი ამ ერთადერთი ფრაზის მტკიცებაა, რადგან სხვა ფრაზებს ამ სურათში ვერ ამოიკითხავთ. ძალიანაც რომ ეცადოთ, მაინც გაიგებთ და მითუმეტეს ვერ დაინახავთ სხვა მნიშვნელობას, რომელიც ოსკაროსანმა რეჟისორმა ფილმში ჩადო. კინოაკადემიამ არჩევანი ამ საოცარ სწორხაზოვნებაზე გააკეთა, ჩათვალა, რომ წელს ალეგორიების, მრავალფეროვანი აზრობრივი საკვებისა და მხატვრული ღირებულებებისთვის დრო არ ითმენდა. ჩათვალა, რომ მემარჯვენე საზოგადოებისთვის მორიგი დღესასწაული უნდა მოეწყო. აბა ანტიამერიკულად შერაცხულ „ავატარს“ ხომ არ გადასცემდა ოსკარს საუკეთესო ფილმისთვის, საზოგადოების ხორცმეტ ფრეშსს ხომ არ მიაკუთვნებდა მას ან მთუმეტეს „უსახელო ნაძირლებს“, სადაც საერთოდ გაუგებარია რა ენაზე მეტყველებენ?
 
 
იმპერიალისტურ პოლიტიკაზე მინიშნებები და ომის მხატვრული განზოგადება, ისტორიით ხულიგნური თამაში და კინემატოგრაფის შესაძლებლობების ზღაპრულ ჭრილში ექსპლუატაცია ანუ ის რასაც „ავატარში“ და „უსახელო ნაძირლებში“ სხვა ყველაფერთან ერთად ნახავთ, აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ბულვარზე მოსეირნეებს ნაკლებად სჭირდებათ. მეტი ვიზუალური რეალიზმი, სისხლი, Home Video და à la documentary უფრო მისაღებია და მტკივნეულია. ჩვენ ვღელავთ იმაზე, რაც ხდება ერაყში, ჩვენ ვიცით რომ ამერიკელი სამხედროები ცხვრის ფარასავით უყურებენ ერაყელებს, შემდეგ კი მათ მიერ მოწყობილ ნაღმებზე პანტა-პუნტით ფეთქდებიან… და გამარჯვებულად ვაცხადებთ ფილმს, რომელიც ომის საშინელებებზე უკიდურესად პრიმიტიული კინემატოგრაფიული ხერხებით მოგვითხრობს. 
„ 
 
ქარიშხლის მბრძანებელი“ ის შემთხვევაა, როცა მაყურებელი უნდა დანებდეს ერაყის მიწაზე აფეთქებული ნაღმის ნამსხვრევების პოეტურ მიმობნევას, ერთ ტონიან სკაფანდრში გამომწყვდეული სერჟანტის გამალებული ქშენის ხმას, ასაფეთქებელ მოწყობილობად ქცეული ერაყელი ბიჭუნას სხეულთან მარტოდ დარჩენილი სამხედროს მოზღვავებულ სენტიმენტებს და დანარჩენ იაფფასიან ხრიკებს, რასაც ბიგელოუს მიხედვით ჭეშმარიტი კინემატოგრაფიული რეალიზმი ჰქვია. 
 
 
ფილმი კინოთეატრ „საქართველოში“ ოსკარების ცერემონიალის გამართვის შემდეგ გავიდა. „ქარიშხლის მბრძანებელის“ კინოთეატრში ნახვის მსურველებს ეს შესაძლებლობა კიდევ ორი დღე, კვირის ბოლომდე ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი