ხელოვნება

რატომ შეცვალეს სვეტიცხოველში მელქისედეკ I-ისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები

29 ივნისი, 2015 • • 7596
რატომ შეცვალეს სვეტიცხოველში მელქისედეკ I-ისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები

აღნიშნულ თემაზე “ნეტგაზეთი” კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ თეა ონიანს ესაუბრა. იურისტის განმარტებით, სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვაა შეცვლილი სააგენტოს ნებართვის გარეშე.

 

მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა. ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევაში პროექტს ჯერ საპატრიარქოს რესტავრაციის საბჭო განიხილავს და შემდეგ უგზავნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განსახილველად.

 

თეა ონიანი განმარტავს, რომ 2014 წლის 24 მარტს სააგენტოში საპატრიარქომ ქორეპისკოპოს იაკობის ხელმოწერით შეიტანა ესკიზი ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის შეცვლის თაობაზე, თუმცა სააგენტოს ჰქონდა შენიშვნები, საფლავის ქვის ფერსა და სიმაღლესთან დაკავშირებით.

 

ამის მიუხედავად, საფლავის ქვა მე-11 საუკუნეში აგებულ სვეტიცხოველში სააგენტოს ნებართვისა და შენიშვნების გათვალისწინების გარეშე შეცვალეს.

 

რა რეაგირება მოჰყვება ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის თვითნებურ შეცვლას? ონიანი ამბობს, რომ ეს არ არის ძეგლის იმგვარი დაზიაება ან განადგურება, რაზეც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, აღნიშნული ტიპის დარღვევა იწვევს დაჯარიმებსასაც, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონის მიხედვით, საპატრიარქოს დაჯარიმება არ შეეხება.

 

ონიანის თქმით, ისეთი ჩარევების დროს, რომლითაც ძეგლი მნიშვნელოვნად არ დაზიანდა და ჩადენილია იმგვარი ქმედება, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია, საპატრიარქოს აფრთხილებენ და მასთან მიმართვებითა და კონსულტაციებით ცდილობენ, “რომ რამენაირად აღმოიფხვრას ასეთი ტიპის ქმედებები”.

 

თეა ონიანი ამბობს, რომ სააგენტოს მონიტორები ხვალ, 29 ივნისს წერილობით ანგარიშს მოამზადებენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა სვეტიცხოველში.

 

“ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ვთხვოვთ, რომ გარკვეულწილად მოხდეს ამის კორექტირება. ჩვენთვის ცნობილი არ არის, კიდევ რომელი საფლავის ქვების შეცვლა იგეგმება იქ, მაგრამ რაც განხორციელდება ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული სააგენტოსთან და საპატრიარქოს საბჭოსთან”, – ამბობს თეა ონიანი.

 

თეა ონიანი განმარტავს, რომ საფლავის ქვის ცვლილება არ წარმოადგენდა აუცილებლობას, ეს არ იყო აუცილებელი სამუშაო, რომელიც ძეგლის გადარჩენის მიზნით უნდა ჩატარდეს, თუმცა მისი შეცვლით არ მომხდარა ძეგლის მნივშნელოვანი დაზიანება.

 

მელქისედეკ კათალიკოსისა და ვახტანგ გორგალის საფლავის ძელი ქვები სვეტიცხოვლის ეზოში. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე
მელქისედეკ კათალიკოსისა და ვახტანგ გორგალის საფლავის ძელი ქვები სვეტიცხოვლის ეზოში. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე

საქართველოს საპატრიარქოს არქიტექტორმა თემურ ბერიძემ “ნეტგაზთს” უთხრა, რომ განახლდა სვეტიცხოვლის იატაკი და შეიცვალა ვახტანგ გორგასლისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის საფლავების ქვები.

 

არქიტექტორი ამ ცვლილების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ სვეტიცხოვლის იატაკი ბაზალტის ქვით იყო დაგებული. ბაზალტი სანთელსა და ზეთს ადვილად იღებს, რაც ეკლესიაში სისუფთავის დაცვას შეუძლებელს ხდიდა. თემურ ბერიძის განმარტებით, იატაკის განახლებისას მომწამეთას ქვა გამოიყენეს.

 

“ეს არის მოწამეთას ქვა, არაჩვეულებრივი, თაფლისფერი გამარმარილოებული კირქვა. დაგების კრიტერიუმები რა არის- ზეთს რომ ასხამ, არ უნდა შეისრუტოს და სანთელი არ უნდა შეისრუტოს. ამან აისხლიტა ყველაფერი და ყოველ წუთას არის სისუფთავე სვეტიცხოველში”, – ამბობს თემურ ბერიძე.

 

თემურ ბერიზის განმარტებით, საფლავების ქვების გამოცვლა ორმა მიზეზმა განაპირობა. ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვა იყო გაბზარული და შემდეგ აღდგენილი, თუმცა მაინც ეტყობოდა ბზარი, ხოლო მექლქისედეკ I-ის საფლავის ქვა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში: გაშავებული და გამჭვარტლული.

 

ვახტანგ გორგასლის საფლავის ახალი ქვა. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე
ვახტანგ გორგასლის საფლავის ახალი ქვა. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე

მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ საფლავის ქვები იმდენად დაბლა მდებარეობდა,  ხალხმრავლობის დროს უხდებოდათ კორდონების მოწყობა, რომ საფლავებზე ფეხით არ დამდგარიყვნენ.

 

“ორვე არის წმინდანი და განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს. იმიტომ აიწია, რომ მომლოცველისთვისაც ადვილია მივიდეს, სიწმინდეზე მუხლი მოიყაროს, ემთხვიოს, ვიდრე იატაკს ემთხვიოს”, – განმარტავს თემურ ბერიძე.

 

თემურ ბერიძის განმარტებით, მას სააგენტოსგან გაფრთხილება არ მიუღია. მისი თქმით, სააგენტოს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ საფლავის ქვები დაედაბლებინათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.

 

არქიტექტორის თქმით, ამ პროექტზე საპატრიარქო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, კონკრეტულად სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე, საქმის კურსში იყო.

მელქისედეკ კატალიკოსის საფლავის ახალი ქვა. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე
მელქისედეკ კატალიკოსის საფლავის ახალი ქვა. ფოტო (C): ლაშა ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი