კინოხელოვნება

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარის ნომინანტია

15 იანვარი, 2015 • • 3102
ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარის ნომინანტია

ამავე კატეგორიაში წარდგენილია ფილმი “ლევიათანი” რუსეთიდან, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება “ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების ცერემონიაზე.  ნომინანტებს შორისაა ფილმები  “იდა” (პოლონეთი), “ტიმბუქტუ” (მავრიკია) და “Wild Tales” (არგენტინა).

 

კინოაკადემია უცხოენოვნი ფილმის კატეგორიაში ნომინანტების შერჩევის პროცესს ორ ეტაპად ყოფს, თავდაპირველად  აკადემიამ 83 ფილმიდან შეარჩია 9 ფილმი, ხოლო აღნიშნული შორთ ლისთიდან საბოლოოდ მხოლოდ 5 ფილმი შეირჩა, მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები”, რომელიც საქართველო-ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია, მაგრამ ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა. 

 

“მანდარინები” 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. 

 

შორთლისტში ასევე მოხვდა ფილმი საქართველოდან, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც  ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინების” მსგავსად აფხაზეთის თემას ეთმობა, თუმცა “სიმინდის კუნძული” ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა.

 

ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. ოსკარის ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი