ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობისთვის სტატუსის მოხსნისა და მინიჭების პროცედურა შეიცვლება

4 აპრილი, 2014 • • 1191
კულტურული მემკვიდრეობისთვის სტატუსის მოხსნისა და მინიჭების პროცედურა შეიცვლება

კულტურის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებით, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული კულტურული მემკვიდროების დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მინჭების ან მოხსნის საკითხს, სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა. 

 

დღეს, 17:30 საათზე კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომელზეც უკვე ჩამოყალიბებული მექანიზმი განიხილეს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ცვლილებები სააგენტოსა და სამინისტროს შორის დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში შევა. 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ ცვლილების შემდეგ სააგენტო გაძლიერდება.  

 

“კულტურული მემკვიდრეობის მართვა სპეციალისტების დონეზე იქნება ერთიან ხელში და ერთიანი სტრატეგიით”,- განაცხადა ანთიძემ.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა დღეს გამართული მრგვალი მაგიდის დაწყებამდე განაცხადა, რომ ცვლილების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება, რომ მან ჩაატაროს კვლევა იმისა, თუ რამდენად იმსახურებს ესა თუ ის ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, ხოლო თბილისის ტერიტორიაზე ძეგლისთვის სტატუსის მოხსნას ან მინიჭებას სააგენტო სამინისტროს წარუდგენს წინადადებას, რომელსაც სამინისტრო მთავრობის სხდომაზე დააყენებს. 

 

დასკვნის მომზადების შემდეგ სააგენტოს გენერალური დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოეხსნება თუ არა ძეგლს სტატუსი და დასამტკიცებლად გაუგზავნის მის ზემდგომს, კულტურის სამინისტროს. თავად საბჭოს დასკვნა ისევ რეკომენდაციული ხასიათის იქნება. ალექსანდრე მარგიშვილის განმარტებით, სამინისტრო სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწუვეტილებებს, თუნდაც ეს არ ეთანხმებოდეს საბჭოს რეკომენდაციებს. 

 

მარგიშვილის თქმით, შეიქმნება უწყებათაშორისი სახელმწიფო საბჭო, რომელშიც უნდა შევიდეს ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის, სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თითო-თითო წევრით, ხოლო კულტურის სამინისტრო- ორი წევრით. მარგიშვილის განმარტებით, თუ სააგენტო დააკმაყოფილებს განმცხადებელის მიმართვას ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საკითხზე, უმეტეს შემთხვევაში დაკმაყოფილებული იქნება, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტოს დასკვნას უწყებათაშორისი საბჭო განიხილავს. 

 

“სააგენტოს ნამუშევარს ზედამხედველობას გავუწევთ არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებით, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ინტერესებდან გამომდინარე, სტრატეგიული, თუ გნებავთ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საბჭო”,- ამბობს მარგიშვილი. 

 

მარგიშვილის განმარტებით, აღნიშნული რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები სამინისტროში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მუშაობის თვალსაზრისით.

 

“სახელმწიფოს საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს განპირობებული ყველა კუთხით დანახული და შეფასებული ანალიზით, ხოლო თუ გადავხედავთ ამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს  მუშაობის, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კუთხიდან დანახული, შეიძლება სრულიად სწორად დანახული და სწორად შეფასებული, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით, მაგრამ ეს ცალმხრივად დანახული პრობლემა საბოლოო ანგარიშით ხელს უშლის სახელმწიფოს გადადგას ნაბიჯები წინ”,- ამბობს მარგიშვილი. 

 

სააგენტო ხდება უფლებამოსილი, რომ შეათანხმოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშეებლობის დოკუმენტაცია, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის არების (დაშლის) შეთანხმება, საქართველოს ტერიტორიაზე კარიერის დამუშავება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის მშენებლობის შესახებ დასკვნის მომზადება. 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა უახლოეს დღეებში მთავრობას გადაეგზავნება და დამტკიცდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი