კინოხელოვნება

ინტერვიუ ჯიმ სტარკთან

26 თებერვალი, 2013 • 1193
ინტერვიუ ჯიმ სტარკთან

გაკავშირებთ თუ არა რაიმე ჯეიმზ დინის გმირთან ნიკოლაზ რეის ფილმში Rabel without a cause, რომელსაც ჯიმ სტარკი ჰქვია. ეს თქვენი ფსევდონიმია თუ უბრალოდ დამთხვევა?

 

დიდად სასიამოვნოა, რომ ასეთ ფილმებს აკეთებენ, თუმცა მე უფრო ძველი ვარ, ვიდრე ფილმი. ჯიმ სტარკი ჩემი ნამდვილი სახელია.

 

თქვენ და ჯიმ ჯარმუშმა ერთმანეთი აღმოაჩინეთ. შემდეგში კი მსოფლიომ აღმოგაჩინათ თქვენ. რა გზა განვლეთ იურისტობიდან გავლენიან კინოპროდიუსერობამდე?

 

რაღაც წვეულებაზე ვიყავი, სადაც ერთი ლამაზი გოგო გავიცანი. ის კინოსკოლაში სწავლობდა. მისთვის თავის მოწონება მინდოდა და ვუთხარი, რომ ვიყავი იურისტი, ოღონდ ფილმებზე ვმუშაობდი. ამით მასზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობდი. რამდენიმე კვირის შემდეგ გოგონამ დამირეკა და მითხრა, რომ მის შეყვარებულს მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროდიუსინგი გაუკეთა და ახლა სჭირდებოდათ იურისტი, რათა ნამუშევარი სრულმეტრაჟიან ფილმად ექციათ. თავიდან გოგონას შეყვარებულს არ მოვეწონე, რადგან მას იურისტები საერთოდ არ უყვარდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე ბეისბოლის გუნდი გვიყვარდა და შემდეგში ამან საქმე გააიოლა. ამ გოგონას სახელი სარა დრაივერია, ხოლო შეყვარებულის – ჯიმ ჯარმუში. 2 წელი ვიმუშავე მათთან, როგორც იურისტმა, ჩემს პირველ ფილმზე Stranger than Paradise.

 

საქართველოში თქვენ სწორედ ჯიმ ჯარმუშთან თანამშრომლობით გიცნობენ. თუმცა სხვა რეჟისორებთან და სხვა პროექტებზეც გიმუშავიათ, მაგალითად The doom Generation.

 

ჯიმ ჯარმუშთან ერთად რამდენიმე ფილმზე მუშაობის შემდეგ მივიღე წერილი ერთი ახალგაზრდა რეჟისორისგან, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან მოწონდა ჩემი საპროდიუსერო ნამუშევარი და თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა. ეს გახლდათ გრეგ არაკი და ვიმუშავე  მასთან ფილმზე The Living End და The Doom Generation.

 

ჯიმ სტარკი
ჯიმ სტარკი

რა ეტაპი იყო მნიშვნელოვანი თქვენს კარიერაში და რომელ ფილმზე მუშაობაა ყველაზე საინტერესო?

 

ეს არის ორი ფილმი, რომლის სცენარზე ვიმუშავე. ერთი არის ისლანდიური Cold fever, რომელიც იდეის დონეზეც ჩემი იყო, ხოლო მეორე- Factotum. ეს ის ორი პროექტია, რომლებშიც ყველაზე მეტად ვიყავი ჩართული კრეატიული თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუმცა, ამავე დროს, ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ბევრ საინტერესო რეჟისორთან მიმუშავია. ჯიმ ჯარმუშის და გრეგ არაკის გარდა, სხვებთანაც, რომლებსაც წარმატებული და ძალზედ კარგი ფილმები ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ მათ ფესტივალებზე პრიზები აიღეს, ხალხს მოსწონდა ისინი და თავისი ერთგული მაყურებელიც ჰყავდა.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე ამერიკული დამოუკიდებელი კინოს არენა – კინოფესტივალები თუ სხვა რამ? ვიდეოგაქირავება ისევ ისეთივე პოპულარობით სარგებლოს, თუ ის სხვა რამ ჩაანაცვლა და კერძოდ რამ?

 

იმ ხნის განმავლობაში, რაც მე ვხედავ და ვმონაწილეობ, ეგ ბიზნესი ძალიან შეიცვალა. ადრე, როცა ჯიმ ჯარმუშთან, გრეგ არაკისთან ვმუშაობდი, მაშინ ჩვენი ფილმები მთელ მსოფლიოში იყიდებოდა და 30-მდე ქვეყნის კინოთეატრებში აჩვენებდნენ. ეს დაახლოებით 90-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. მას შემდეგ სულ უფრო და უფრო გართულდა კინოთეატრებში ფილმების გაშვება. ტელევიზიითაც კი პრობლემაა, რომ შენი ფილმი მაყურებელს აჩვენო. დღესდღეობით თანამადროვე ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გასავალი ფესტივალებია. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც. შენ თვითონ შეგიძლია ორგანიზება გაუწიო, გარკვეული თანხა გადაიხადო და 10-15 ქვეყნის  სპეციალურ, პატარა კინოთეატრებში აჩვენო შენი ფილმი. ყოველ წელს „სანდენსის“ კინოფესტივალზე ხდება რამოდენიმე ფილმის არჩევა, სტუდიების და სხვადასხვა დისტრიბუტორების მიერ, ამის შემდეგ ფილმს შანსი ეძლევა, ამერიკის ბევრ კინოთეატრში აჩვენონ. ამ რიცხვს მიეკუთვნება ახლა ოსკარზე წარდგენილი Beasts of the Southern Wild. თუმცა, ასეთი ერთი-ორი მაგალითია იმ ათასობით ფილმიდან, რომელსაც დღეს აკეთებენ დამოუკიდებელ კინოში. მცდელობებია ფილმების ინტერნეტით გაყიდვისაც. არსებობს ასეთი პორტალი Wiod. არ არის რთული შენი ფილმის იქ მოხვედრა. გაცილებით რთულია, ხალხი აიძულო, სწორედ შენი ფილმი გადმოტვირთოს და ნახოს. ზოგჯერ არის, რომ ძალიან წარმატებულ ფილმებსაც მხოლოდ 500 ან 1000 „ჩამოტვირთვა“ აქვთ და მეტი არა. არის კიდევ ერთი ვარიანტი – სოციალური ქსელების დახმარებით, შენი მაყურებლის წინასწარ შექმნა. მაგრამ ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. 6 თვე ან 1 წელი შეიძლება დაგჭირდეს, რომ ეს აუდიტორია მოამზადო. ამას არც ისე ბევრი ადამიანი აკეთებს და რეალურად არც ისე ბევრმა იცის.

 

თქვენ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში უკვე მეორედ ხართ. რამ განიპირობა თქვენი ასეთი ხშირი ვიზიტი? გახდა თუ არა საქართველო თქვენი აღმოჩენა? რამდენად ხართ დაინტერესებული ქართული კინოს პრომოუშენით ან რომელიმე ქართულ პროექტში მონაწილეობის მიღებას ხომ არ გეგმავთ?

 

მე მიყვარს საქართველო. გამორჩეულად ქართული სამზარეულო. ჩემი რჩევით ამერიკის საელჩომ საქართველოში ჩამოიყვანა ჩემი მეგობარი, რომელიც ქართული სამზარეულოს ექსპერტია. ამ შემთხვევით მეც ვისარგებლე და მას ჩამოვყევი. ამავე დროს, შევეხმიანე ჩემს მეგობრებს, კინოსკოლის წარმომადგენლებს. მათ ვუთხარი, რომ თუ გინდათ, მასტერკლასი ჩავატარო, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მათაც გაეხარდათ და მე დღეს აქ, კინოსკოლაში ვარ. ვფიქრობ, რომ ახლა ქართული კინოსთვის ძალიან საინტერესო პერიოდი არის. მეც ძალიან მომწონს აქაური სიტუაცია. თუ იქნება ის პროექტი, რომელიც მე დამაინტერესებს, გამიხარდება, რომ  ჩავება და საინტერესო რეჟისორთან თუ სცენარისტთან ვითანამშრომლო. საქართველო საინტერესო ქვეყანაა, აქ ჩამოსვლას ისევ ვგეგმავ.

მასალების გადაბეჭდვის წესი