ხელოვნება

ლიტერატურის მუზეუმმა ორი ახალი ჟურნალის პრეზენტაციას უმასპინძლა

6 თებერვალი, 2013 • • 2059
ლიტერატურის მუზეუმმა ორი ახალი ჟურნალის პრეზენტაციას უმასპინძლა

“ახალი საუნჯე” პროზისა და პოეზიის ახალ ნიმუშებთან ერთად თარგმანებსა და კრიტიკულ რევიუებს გვთავაზობს. მისი პირველი ნომერი 2013 წლის იანვრისთვის მომზადდა. გუშინ კი ლიტერატურის მუზეუმში მეორე, თებერვლის თვის ნომრის პრეზენტაცია შედგა, რომელზეც მკითხველს ჟურნალის ავტორები შეხვდნენ. ეს, სარედაქციო ჯგუფის თქმით, ტრადიციად დაინერგება და ჟურნალი ყოველი მომდევნო ნომრის გამოსვლისას პრეზენტაციაზე მიიწვევს მკითხველს.

მთავარი რედაქტორის, შოთა იათაშვილის თქმით, ჟურნალს ყოველთვიურად ორი მწერალი ეყოლება სტუმარად, ანუ ორი პერსონალიის პორტრეტი. სასურველია ერთი ქართველი იყოს, მეორე – უცხოელი. “ახალი საუნჯე” კი თავს მოუყრის მათ ტექსტებს, მათ შესახებ დაწერილ რეცენზიებსა თუ გამონათქვამებს. თუმცა ამჯერად ყველაფერი ისე აეწყო, რომ ნომერს ორივე მთავარი გმირი რუსი პოეტია.

“რუსული პოეზიის ორი პოლუსი” – იოსიფ ბროდსკი და დიმიტრი პრიგოვი, ერთი თაობის, თუმცა რადიკალურად განსკვავებული ბიოგრაფიის ორი პოეტია და შოთა იათაშვილსაც, მისივე თქმით, ამ ორ შემოქმედს შორის არსებული კონტრასტების ჩვენება მოეჩვენა საინტერესოდ, რითიც თითქოს დაარღვია ჟურნალის ახლად ჩამოყალიბებული კონცეფცია. თუმცა, მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველი გახადა ის.

იოსიფ ბროდსკის ახალი თარგმანები ბათუ დანელიას ეკუთვნის, დიმიტრი პრიგოვის თარგმანები კი, შოთა იათაშვილისა და გიორგი ხასაიას შესრულებულია. პოეტი და “ირიბი მოქმედების კიბერ თეატრის” “დასის” წევრი, გიორგი ხასაია, თავის სტატიაში პრიგოვზე შესახებ წერს: “ასეთი ფიგურები საშუალებას იძლევიან, კულტურული კონვენციების რუხი ფარდების გადაწევით დავინახოთ სხვა ცა”, და იქვე მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ შეიყვანა პრიგოვმა სიტყვა “დინოზავრი” კლასიკურ რუსულ პოეზიაში, რათა დინოზავრებით გატაცებული შვილიშვილისათვის კლასიკური პოეზიის “რიმეიქი” უფრო საინტერესო გაეხადა.

დავით ჩიხლაძე
დავით ჩიხლაძე

“ახალი საუნჯის” ან ნომერში იხილავთ დავით ჩიხლაძის ლიტერატურულ პორტრეტსაც, რომელსაც შოთა იათაშვილის, ნინო დარბაისელის, ეკა ქევანიშვილისა და სხვა ავტორების რეცენზიებთან ერთად თან ახლავს ერეკლე დეისაძის ტექსტი: “ჩიხლაძის ტექსტები მოუწესრიგებელ ოთახს ჰგავს, რომელშიც ტრადიციული ქართული ნარატივით დანაყრებული მკითხველი დამლაგებლად ვერ გამოდგება, მაგრამ მას შეუძლია საინტერესო პროცესის თანამონაწილე გახდეს.”

ზაზა კოშკაძე
ზაზა კოშკაძე

ალან გინზბერგი
ალან გინზბერგი

ზაზა კოშკაძე რუბრიკაში “სიმულაცია” ალენ გინსბერგის “ამერიკის” თარგმანს გვთავაზობს, გვერდით კი ამ ლექსის მოტივებსა და ინსპირაციებზე შექმნილ საკუთარ ლექსს –”ამიერიკის” შთამბეჭდავ ქართულ ვარიანტს– „საქართველო“, რომელშიც ამერიკულ პრობლემებსა და თავისტკივილებს ქართულით ცვლის. საქმე აქაც ცუდად არის და იქაც. და მაინც, “საქართველო, მე შენსკენ ვარ სინამდვილეში, რაც არ უნდა გარყვნილს მეძახდე.”

ჟურნალის ამ ნომერში ასევე წაიკითხავთ ზურაბ ლეჟავას მოთხრობას “მისტერ პიტკინის აჩრდილი მოსკოვის თავზე”. აგრეთვე, რეზო გეთიაშვილის, თემურ ჩხეტიანის, გიორგი ლობჟანიძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ლელა სამნიაშვილის, გიორგი ბუნდოვანის, ნენე გიორგაძის, ალეკო ცქიტიშვილის, გიორგი კეკელიძის, ზურა მელიქიძის, დავით რობაქიძის, ალექს ჩიღვინაძის ლექსებსა და დათო ბარბაქაძის რადიკალურ პოეტურ ექსპერიმენტს,  გია არგანაშვილის კრიტიკულ წერილს „ორი პოეტი – ორი განდეგილი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და აკაკი წერეთლის „გამზრდელის“ პარალელურ ანალიზს ეთმობა. აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ, ერთი თავი ლუის კეროლის წიგნიდან „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა გიორგი გოკიელის მიერ. განყოფილება “არტ ჰაუსის” გვერდები კი გია ეძგვერაძისა და მიხეილ ხუნდაძის პროექტს ეთმობა „დასავლეთი დასავლეთის თვალით“, რომელიც მათი დიალოგით იხსნება და მოსდევს გია ეძგვერაძის წერილი მიჰაელ ჰანეკეს ფილმის „Funny games”-ის შესახებ.

“ახალი საუნჯის” პროფილი პოეზია და ლიტერატურაა, “Art-ხომლი” კი კინოსტუდია ,,ხომლისა” და გამომცემლობა ,,საუნჯის” ერთობლივი პროექტია და მისი ავტორები თეატრზე, კინოსა და თანამედროვე ხელოვნებაზე წერენ. ჟურნალის რედაქტორის, ნინო სადღობელაშვილის თქმით, ამ ჟურნალის მკითხველთა აუდიტორია ახალგაზრდებით შემოისაზღვრა და ჟურნალი შეეცდება მათი პრობლემები, იდეები და აზრები აირეკლოს.

ორივე ჟურნალი გაყიდვაშია და ქართველ მკითხველს, ახალი ქართული პროზაული ნაწარმოებებისა და ლექსების, კრიტიკული რევიუებისა და ახალი თარგმანების გაცნობა “Art-ხომლისა” და “ახალი საუნჯის” ფურცლებზე 4–5 ლარის სანაცვლოდ შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი