კინოხელოვნება

ჯო რაიტის “ანა კარენინა” და ტარანტინოს “ჯანგო”

23 იანვარი, 2013 • • 3337
ჯო რაიტის “ანა კარენინა” და ტარანტინოს “ჯანგო”

ჯანგო/ანა კარენინა“გათავისუფლებული ჯანგო”,  ქართულ თარგმანში კი- უბრალოდ “ჯანგო”, კვენტინ ტარანტინოს რიგით მერვე მხატვრული ფილმია და  ყოფილი მონის, ჯანგოს (ჯეიმი ფოქსის გმირი) ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ტყვეობას თავს აღწევს და მსახიობ კრისტოფ ვალცის კრიმინალებზე მონადირე გმირთან ერთად შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, პლანტაციიდან პლანტაციაში დაიარება, რათა თავისი მეუღლე ბოროტი(!) პლანტატორის, ლეონარდო დი კაპრიოს გმირისგან დაიხსნას. ლეონარდო დი კაპრიო და ჯეიმი ფოქსი, რომლებიც პირველად მოგვევლინნენ ტარანტინოს ფილმის გმირებად, ეკრანზე სემუელ ლ. ჯექსონსა და კრისტოფ ვალცთან ერთად წარსდგებიან. ფილმი ეპიკური ვესტერნია და მისი შეფასებისას კრიტიკოსები კვლავ მიმართავენ ტარანტინოს კუთვნილ სტანდარტს – “ჯანგო წმინდაწყლის ტარანტინოა” , წერს TIME Magazine – რადგან “ტარანტინომ” უკვე დიდი ხანია შექმნა სტილი, რომელსაც საკუთარი საზომი აქვს და იმდენად ნაცნობია, აღწერასაც აღარ საჭიროებს.

 

ზოგადად, ამერიკული კრიტიკის შეფასებები “გათავისუფლებულ ჯანგოზე” მეტნაკლებად ერთგვაროვანი და უმეტესად დადებითია. მაგალითად, “მაიამი ჰერალდის” მიხედვით, Django Unchained ყველაზე ბრუტალური ფილმია, რომელიც ტარანტინოს ოდესმე შეუქმნია. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს სხვა კრიტიკოსებს, აღნიშნული ფილმი ტარანტინოს ყველაზე სრულყოფილ და ცოცხალ სურათად, ან 2012 წლის ყველაზე მხიარულ ფილმად დაასახელონ.  

 

ტარანტინოს ეპიკური სპაგეტი–ვესტერნის შესაფასებლად ყველაზე ხშირად სწორედ  სიტყვა “სრულყოფილს” იყენებენ. “ჯანგოში” თავად ტარანტინოა ბორკილებახსნილი (unchained), ქმნის რა თავის ყველაზე დამაინტრიგებელ, პროვოკაციულ … გესლიან და სრულყოფილ გასართობ ფილმს”, – ტარანტინოს თაყვანისმცემელი აღმოჩნდა Los Angeles Times–იც.

 

თუმცა, მაგალითად, ნიუ იორკ პოსტი ტარანტინოსგან  მხოლოდ “ბრწყინვალე ფილმის” შექმნით არ კმაყოფილდება და რეჟისორისგან მაინც ახალი სივრცეების გარღვევას ელის, რასაც, კაილ სმიტის აზრით, ამჯერად ტარანტინო ვერ ახერხებს:

 

“Django Unchained შესაძლოა მიგნება ყოფილიყო 2005–ში. თუმცა მას შემდეგ, რაც ტარანტინომ და მისმა მეგობრებმა წლები დახარჯეს 60–70–იანი წლების ჟანრული კინოს გადამღერებით, ეს სპაგეტი -ვესტერნი უკვე მიკრო–ტალღური ღუმელიდან გამოღებულ, ხელახლა შეცხელებულს ფილმს წააგავს”.

ფილმის მსოფლიო პრემიერიდან რამდენიმე დღეში ცნობილმა აფროამერიკელმა  რეჟისორმა, სპაიკ ლიმ ტარანტინოს ახალი სურათი “მისი წინაპრების უპატივცემულობაში” დაადანაშაულა.  ლიმ, რომლის ბოლო ფილმი Red Hook Summer  სამხრეთ ბრუკლინის რასობრივ და კლასობრივ პრობლემებს ეხება, განაცხადა, რომ არც აპირებს “ჯანგოს” ნახვას და თავის უკმაყოფილებას ტვიტერზე აფიქსირებს: “მონობა ამერიკაში არ არის სერჯიო ლეონეს სპაგეტი- ვესტერნის თემა. ეს ჰოლოკოსტია. აფრიკიდან მოტაცებული ჩემი წინაპრები მონები იყვნენ. მე პატივს ვცემ მათ”.

 

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსთა ნაწილი ტარანტინოს ფილმში რასისზმის თემის შეფასებისას ფრთხილია, ვერ ვიტყვით, რომ ამერიკული პრესა უერთდება სპაიკ ლის ბრალდებას ტარანტინოს მიმართ. ახალ ფილმში საეჭვოს ვერაფერს ხედავს, მაგალითად, Wall Street Journal–ი, რომლის მიხედვითაც “ჯანგოში” მონობისა და რასიზმის თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ფილმში ბრუტალობასა და ექსტრავაგანტულობასთან ერთად ამ ორი მოვლენის მნიშვნელოვან  მაგალითებსა და უგუნურ მავნებლობას გვიჩვენებს.  Entertainment Weekly–ის  ავტორის, გლაიბერმანის აზრით კი, “ტარანტინო ამერიკული რასიზმის მახინჯი გამოვლინების აკრძალულ სანახაობაში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს”.

 

რა თქმა უნდა, გამოცემათა უმრავლესობა ხაზს უსვამს ტარანტინოს სურათის მოჭარბებულ ძალადობასა და ავტორის აგრესიულობას, რომელიც ყოველთვის უხვადაა მის ფილმებში. თუმცა ტარანტინოს აგრესიულობის გასამართლებლად, მაგალითად, პიტერ ტრავერსი The Rolling Stones-იდან ისევ და ისევ ტარანტინოს სტანდარტს მიმართავს და წერს: “ტარანტინო ცხოვრობს იმისთვის, რომ ზღვარს გადაცდეს. “ჯანგო” ზღვარს გადასულია?… სხვაგვარად ეს ტარანტინო არ იქნებოდა”.

 

Django Unchained ტარანტინოს საშობაო საჩუქარი იყო ჩრდილო–ამერიკელი მაყურებლისათვის და მისი მსოფლიო პრემიერა აშშ–ის კინოთეატრებში გასული წლის 25 დეკემბერს შედგა.

 

 Anna Karenina

რაც შეეხება “ანა კარენინას”, ტოლსტოის ცნობილი რომანის რიგით 21–ე ეკრანიზაციის რეჟისორი ბრიტანელი ჯო რაიტია – ცნობილი და საკმაოდ წარმატებული ფილმებით- “სიამაყე და ცრურწმენა”(2005) და “მონანიება”(2007), რომლებშიც მთავარ როლებს, აგრეთვე, კირა ნაითლი ასრულებს.

 

ჯო რაიტს ეკრანიზაციაზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს და მის ხელში ჯეინ ოსტინის არაერთხელ ეკრანიზებულმა რომანმა ახალი სუნთქვა შეიძინა. თუმცა ამერიკული კრიტიკის შეფასებები მისი “ანა კარენინას” მიმართ მკვეთრად განსხვავებულია…

 

ზოგიერთი რევიუ ვიზუალურ მხარესა და გამჭრიახობას იწონებს დიდი რომანის ამ ადაპტაციაში და დადებითად აფასებს ფაქტს, რომ ჯო რაიტის ფილმი ცდილობს თავის წიაღში თეატრი და კინო გააერთიანოს. ზოგიერთი კი პირიქით – სურათს ზედაპირულობასა და თეატრალურობაში ადანაშაულებს.

 

Guardian”–ის შეფასებით, “სტოპარდისა (სცენარისტი) და რაიტის ანა კარენინა ნამდვილად არ არის ცალსახად დიდი წარმატება, თუმცა გაბედული და კრეატიული ეკრანიზაციაა”.

 

ეს სანახევრო წარმატებაა – წერს Chicago Tribune –კონცეპტუალურად ნაკლები მსგავსებაა ლევ ტოლსტოის რომანთან,  მძაფრი თეატრალურობით ცნობილი ნარატივის გარშემო  – “გოგონა ხვდება ბიჭს”, შედეგად კი – გოგონა ხვდება მატარებელს.

 

Rolling Stones-ის კრიტიკოსი, პიტერ ტრავერსი ანას როლის შემსრულებლის, კირა ნაითლის ნამუშევარს დადებითად აფასებს:  “ეს ისტორია ბევრჯერ გადაუღიათ, თუმცა არც ერთი ეკრანიზაცია არ ყოფილა ეროტიზმით ასე დატვირთული. ნაითლი დიდებულია”.  

 

ჯ.რ. ჯონსის აზრით კი, “ტოლსტოის ღრმა, შინაგანი თხრობის გარეშე ანა კარენინა უბრალოდ საპნის ოპერაა.  რეჟისორმა ჯო რაიტმა რატომღაც გადაწყვიტა  ამ პრობლემისთვის მიზანმიმართული მყვირალა სანახაობრიობაც დაერთო”.

 

ზედაპირულობასა და სანახაობრიობაში სდებს ბრალს რაიტს Washington Post–იც, როცა წერს, რომ მისი ”ანა კარენინა” მღერის, ცეკვავს და ნავარდობს მაშინ, როცა ლეგენდარული მთავარი გმირი თავის ყველაზე დესტრუქციულ სიღრმეებში იძირება”.

 

“ანა” საკმაოდ თამამია, რომ შეგვაცდინოს, მაგრამ ნამდვილად არ აქვს პოტენციალი, გვატკინოს გული” – მოსწრებულად აფასებს ფილმს New York Daily News.

 

კიდევ უფრო რადიკალურია New York Observer –ის კრიტიკოსი რექს რიდი, რომელიც თვლის, რომ ნაითლის სილამაზეს არ ძალუძს ფილმის უგემური სცენარი იხსნას:  “ჯეიმს ჯოისმა ერთხელ დაწერა, რომ ტოლსტოი “არასდროს ყოფილა პირქუში, ჩლუნგი, დაღლილი, პედანტური ან თეატრალური”. მან შესაძლოა აზრი შეიცვალოს, თუ ახალ “ანა კარენინას” ნახავს”.

 

ტოლსტოის რიგით 21–ე ეკრანიზაცია ამერიკის კინოაკადემიის რამდენიმე ნომინაციაზეა წარდგენილი: მუსიკის, ოპერატორის ნამუშევრისა, კოსტუმებისა და წარმოების დიზაინის კატეგორიებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი