უკვე რამდენიმე წელია ოზონი შუა ასაკში მყოფი ან უფრო ასაკოვანი პერსონაჟების ცხოვრების შესახებ იღებს ფილმებს, ახალგაზრდა და ლამაზი მისი პირველი ფილმია (სურათის ქვიშის ქვეშ შემდეგ), რომელშიც რეჟისორი ახალგაზრდა ადამიანის, უფრო მეტიც, თინეიჯერი გოგონას ამბავზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, ბიჭების/კაცების ისტორიებში სპეციალიზებულმა ოზონმა ახალ ფილმში საპირისპირო სქესის პიროვნული გამოცდილების საუკეთესოდ გადმოცემის ტესტიც წარმატებით გაიარა. ახალგაზრდა და ლამაზი ალბათ მისი ბოლო პერიოდის საუკეთესო ნამუშევარია.
ივ სენ ლორანის მოდელი და ფრანსუა ოზონის ახალი მუზა, მარინ ვაქტი ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ლამაზია. ფილმში ის მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახის თინეიჯერ წევრს განასახიერებს. იზაბელი, იგივე ლეა, არასრულწლოვანია და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. მარტივად რომ ვთქვათ, მეძავი ხდება.
პროსტიტუციაზე უამრავი ფილმი არსებობს. თუმცა, ბევრისგან განსხვავებით, ოზონის ნამუშევარი არ არის სოციალურად კრიტიკული ფილმი. მეძავი აქ არ იბრძვის არსებობისთვის, მას არც შვილები ჰყავს გამოსაკვები და არც არავინ აუპატიურებს. ყველა იმ კლიშესგან, რომელიც პროსტიტუციის თემას შეიძლება უკავშირდებოდეს, ფილმი თავისუფალია. ზოგს სურათის ნახვამ ლუის ბუნუელის დღის ლამაზმანიც გაახსენა, მაგრამ კატრინ დენევის იდუმალება გაცილებით უფრო პერვერტულია და მისი მზერა გაცილებით ღრმად ეროტიკულია, ვიდრე ახალი გამოცდილებების ძიების პროცესში მყოფი 17 წლის გოგონას სახე ფრანსუა ოზონის ფილმიდან.
ფილმში “ახალგაზრდა და ლამაზი” ოზონის მკვეთრ განაცხადს აკეთებს: პროსტიტუცია არ არის პერვერსია და ქალი, რომელიც უცნობ მამაკაცებთან წევს და ამაში ფულსაც იღებს, არ არის ბინძური, ცოდვილი ან აუცილებლად დუხჭირი ცხოვრებით დამძიმებული მოკვდავი. „სიყმაწვილე კინოში ხშირად არის იდეალიზებული. სიყმაწვილე არ არის დაკავშირებული მხოლოდ ემოციებთან, არამედ ჰორმონებთანაც. ამ დროს საკუთარ სხეულს ვებრძვით, იმისათვის, რომ უკეთ ვიგრძნოთ იგი და ჩვენს ფიზიკურობას გამოცდას ვუწყობთ“ – ამბობს ფილმის რეჟისორი.
შესაძლებელია ამის აღქმა რთულიც იყოს, მით უმეტეს, ისეთი კულტურისთვის, როგორიც ქართულია, სადაც არათუ ფულის აღება, ქორწინების გარეშე სექსუალური კონტაქტიც ცოდვის კატეგორიაში განიხილება; სადაც ექიმი არათუ 17 წლის გოგოს, 40 წლის ქალსაც ლამისაა ქორწინების მოწმობას სთხოვს და ასეთი კითხვით მიმართავს: „გათხოვილი
ხართ?“
თუმცა ეს სხვა ფილმის სიუჟეტია. ისევ ოზონს მივუბრუნდეთ, რომელსაც მაყურებლის ნდობა ყოველთვის ახასიათებდა, უფრო სწორად, მაყურებელში კითხვებზე პასუხის გაცემის და ამოცანის ამოხსნის სურვილის გაჩენა. ზოგჯერ კითხვის დატოვება ოზონთან დეტექტიური ან იდუმალებით მოცული სიუჟეტური ქარგის სახეს იღებს. ამ შემთხვევაში კი ის უბრალოდ ინტერესდება, თუ რა არის ის, რაც არასრულწლოვან გოგონას პროსტიტუციისკენ უბიძგებს.
თანაც ოზონი ამას დიდი სიფაქიზით და დახვეწილობით აკეთებს, სრულიად განსხვავებულად, ვიდრე, მაგალითად, თინეიჯერების თემის ამერიკელი სპეციალისტი, თავის მხრივ შესანიშნავი კინორეჟისორი და ფოტოგრაფი ლარი კლარკი. ოზონი არც არავიზეა გაბრაზებული და არც ვინმეს გაბრაზებას ცდილობს, ის უბრალოდ სვამს კითხვას: რაშია საქმე? შიგადაშიგ ხუმრობს კიდეც, ბუნუელს რომ შეშურდებოდა, ისეთი შავი დიალოგებით და სცენებით, სადაც შეუდარებელი
სიფრთხილით აფეთქებს ნაღმებს.