ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა

24 იანვარი, 2011 •
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6678 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21% -ით მეტია; აქედან ექსპორტი 1583 მილიონი აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5095 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წელს  3512 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (9 პროცენტით მეტი).

2010 წელს 2009 წელთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით, იმპორტი 17 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 40 პროცენტით გაიზარდა.

2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1736 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 297 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1439 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის– ექსპორტში 19 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2009 წელს  – შესაბამისად 28, 21 და 30 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2009 წელს ასევე – 33 პროცენტი).

დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წელს 2195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წელთან  შედარებით 31 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 644 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (55 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1451 მლნ. აშშ დოლარი (24 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის– ექსპორტში 41 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2009 წლის იანვარ-ნოემბერში – შესაბამისად 30, 37 და 29 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2009 წელს ასევე– 26 პროცენტი).

2010 წელს  ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყვნენ: თურქეთი (1105 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (708 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (662მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა და 264 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 17 პროცენტია. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 227 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,  რაც ექსპორტის 14 პროცენტია. მესამე ადგილზე კვლავ შავი ლითონების ჯართი დარჩა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 46 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 109 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები 2010 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყვნენ, რომელთა იმპორტმა 695 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის  14 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 310 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტია 188 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 4 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი