2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით 11 ნოემბერს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების” წევრები ფინანსთა მინისტრს, კახა ბაინდურაშვილს შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პრიორიტეტის შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. როგორც ”ქრისტიან–დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში გათვალისწინებულ იქნა, არის რამოდენიმე საკითხი, რომლებზეც შეთანხმება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.
ბატონო გიორგი, ფინანსთა მინისტრთან, კახა ბაინდურაშვილთან თქვენი, და ზოგადად, თქვენი ფრაქციის შეხვედრის დროს იყო საკითხები, რაზეც ვერ შეთანხმდით, ამავდროულად იყო ისეთი თემებიც, რომლებზე შეთანხმებაც მოხდა, რა იყო ის საკითხები, რაზეც კონსენსუსი იქნა მიღწეული ორივე მხარის მხრიდან?
რაც შეეხება ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრებთან და განათლების მინისტრის მოადგილესთან ჩვენი ფრაქციის შეხვედრის დეტალებს, საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო იმ ინიციატივებსა და მოსაზრებებს, რაც ”ქრისტიან-დემოკრატებს” ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვთ და ვთვლით, რომ ამ რეალობების გათვალისწინების გარეშე ბიუჯეტი ვერ იქნება ადეკვატური იმ პრობლემებისა, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველაზე რთული პრობლემები, ჩვენი ხედვით, ჯანდაცვის ბიუჯეტში არსებული პრობლემებია, გაუწერელი ჯანდაცვის პროგრამები სხვადასხვა დაავადებების დაფინანსების მიმართულებით, როგორებიცაა: რეფერალური, კარდეოლოგიური, ონკოლოგიური პროგრამები და ა.შ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პედაგოგები 2011 წლიდან აღარ გადაიხდიან თანადაფინანსებით დაზღვევას (70 000 პედაგოგზეა საუბარი). საკითხი შეეხებოდა იმას, რომ 2007 წლის მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2011 წლამდე სახელმწიფოს უნდა დაეფარა მათი დაზღვევა, ხოლო 2011 წლიდან უკვე თანადაფინანსება უნდა მომხდარიყო, ანუ, პედაგოგები თავიანთი დაზღვევის 35-%-ს, ხოლო სახელმწიფო კი 65%-ს გადაიხდიდა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ამ პედაგოგების მდგომარეობა 2007 წლიდან დღემდე არ გაუმჯობესებულა, მათი საშუალო ხელფასი-250 ლარი მინიმალური მიზერია, ამიტომ ვთქვით, რომ თუ სახელმწიფო მათი ხელფასების 800-900 ლარამდე გაზრდას უზრუნველყოფდა, მაშინ თანადაფინანსებაზეც და მთლიან დაფინანსებაზეც შეიძლებოდა გვეფიქრა. ამ საკითხზე თანხმობა მივიღეთ, ანუ ბიუჯეტი დაფარავს პედაგოგების დაზღვევას.
ახლა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაზეც ხელისუფლებასთან, და კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. რა კონკრეტულ სფეროებს მოიცავდა ეს შეუთანხმებლობა?
არის რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომლებზე შეთანხმებაც მოხდა, დანარჩენთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან ყრუ კედელია.
უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ქვეყანაში შექმნილი უსამართლობა საპენსიო უზრუნველყოფის საქმეში, როგორიც არის დიფერენცირებული პენსიები, კერძოდ, თბილისში-90, ხოლო რეგიონებში-80 ლარი. ეს არის ასაკობრივი პენსია და იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს განსხვავებული.
მაგრამ თბილისის მერიამ პენსიონერებს 10 ლარის ოდენობის დანამატი გაუკეთა, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში, იმისათვის, რომ გიგი უგულავა მერად აერჩიათ. ეს იყო აბსოლუტური დანაშაული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისს გარეთ ცხოვრობენ. დაახლოებით ორი მესამედი პენსიონერებისა, დაახლოებით 500-550 ათასი ადამიანი უცებ მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ისინი ვერ ირჩევდნენ პირდაპირი წესით მერს. მთავრობამ ეს ქმედება იმით გაამართლა, (წელიწადია ვიბრძვით ამ მიმართულებით და პენსიების გათანაბრებას ვითხოვთ) რომ თბილისელ პედაგოგებს უფრო მეტი კომუნალური გადასახადი აქვთ, მაგრამ ამ მიმართულებით მერიას გარკვეული სუბსიდირების გაკეთება შეეძლო, მაგალითად, პენსიონერების კომუნალური გადასახადების გარკვეული ნაწილი დაეფარა.
აღნიშნული პრობლემის დასარეგულირებლად 60 მილიონის აკუმულირებას ვთვლიდით ბიუჯეტში, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს არ ნებავს.
რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერების, ვეტერანების პრობლემას: 2 წელიწადია ამისთვის ვიბრძვით, ჯამში 50 ათას ადამიანს ერთი ხელის მოსმით 2005 წელს კანონიდან გადაანგარიშების მუხლი ამოუღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პენსიები აღარ ეზრდებათ, დღეს ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანის მაქსიმალური პენსია 560 ლარია, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც 2005 წლამდე გავიდნენ პენსიაზე, მთავრობის თქმით, კანონში გადაანგარიშების მუხლი არ შეეხოთ და 5-7-20– ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ. ეს იყო სრული არაადეკვატურობა, ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კომისია შევქმენით და დავთვალეთ, თუ რა თანხები იყო საჭირო ბიუჯეტში ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად- ეს თანხა 36 მილიონია. მაგრამ ხელისუფლებას ამ მხრივაც არანაირი პოლიტიკური ნება არ აქვს. ერთადერთი შეღავათი, რომელიც მსოფლიო ომის ვეტერანს აქვს დარჩენილი, თურმე ტრანსპორტით სარგებლობაა. ჩვენ ვითხოვთ, რომ კომუნალურ გადასახადებზეც გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხები და ჰქონდეთ ამ ადამიანებს დაზღვევა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, აქ თანხები აბსოლუტურად არაადეკვატური მიმართულებით იხარჯება. შარშან ბიუჯეტში, ჩვენი ძალისხმევითა და ბრძოლით, გამოიყო თანხები და მოხერხდა ამაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რომ 57 ათას ქულამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ყველა ოჯახის შვილი ბიუჯეტის ხარჯზე უფასო წიგნებს მიიღებდა, ეს ინიციატივა 8 მილიონით დაფინანსდა, მაგრამ შარშანვე შევუთანხმდით ხელისუფლებას, რომ 57 ათასი ქულა არ იყო საკმარისი და ბარიერი 70 ათას ქულამდე უნდა გაგვეზარდა, რაც დამატებით თანხებს საჭიროებდა, მაშინ თქვეს, რომ თანხები არ ჰქონდათ და ამას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებდნენ. შეთანხმებულები ვიყავით, რომ 2011 წლის ბიუჯეტში ამისთვის საჭირო 4 მილიონი აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული, მაგრამ დადგა 2011 წლის ბიუჯეტის განხილვის პერიოდი და გამოგვიცხადეს, რომ ეს არ არის ჩვენთვის პრიორიტეტიო.
ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა შეიქმნა პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით-37 პროფესიული სასწავლებლიდან 17, განათლების მინისტრის 10 სექტემბრის ბრძანებულებით, ყოველგვარი არგუმენტისა და კვლევის გარეშე გააუქმეს. 2500 მოსწავლე სწავლის დასრულების შესაძლებლობის გარეშე, ხოლო 7000-მდე მასწავლებელი უმუშევარი დარჩა. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ბიუჯეტში 3 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთეს. ამას გარდა, 10 მილიონი არის გამოყოფილი ბიუჯეტში, რომ 1500 პედაგოგი ჩამოიყვანონ, რომელთაც 300-300 დოლარიანი ხელფასები უნდა გადაუხადონ, ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, რომ ეს 10 მილიონი გადავანაწილოთ წიგნებზე, პროფესიულ სასწავლებლებზე, უმაღლეს სასწავლებლებში საგრანტო კვოტებზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით, სოფლის განვითარების პროექტია, ეს არის სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის თანხების გამოყოფა. შარშან ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ წლევანდელ ბიუჯეტში ეს დაფინანსება 20 მლნ-დან 40 მლნ-მდე გაგვეზარდა, მაგრამ ეს თანხა არ არის საკმარისი და სულ მცირე 80 მილიონია საჭირო იმისათვის, სოფელში 30-40-50 ათასი ლარი შევიდეს ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ამის თანხებიც არ აღმოჩნდა.
შიდა ვალების თემა უმნიშვნელოვანესია. აგრეთვე, სახელმწიფოს შიდა ვალად 1998-2004 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებები აქვს აღიარებული, მაშინ გაიყინა ხელფასები, პენსიები, აქედან გამომდინარე, წარმოიქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ვალი, ხოლო ახალი რევოლუციური ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მას ყველაფერი გადახდილი აქვს, მაგრამ დაახლოებით 70-80 მილიონი ვალია, რომელიც დასაფარია და ადამიანების არ აუღიათ იმ პერიოდის ნამუშევარი ხელფასები, შეიძლება 70-80 მილიონი უცებ ვერ ჩავდოთ, მაგრამ ხომ შეიძლება ვალების დაფარვის გრაფიკის შედგენა.
რა კონკრეტულ გზებს სთავაზობთ მთავრობას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად? სად უნდა მოიძიონ მათ ეს თანხები?
როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ყოველთვის გვეუბნება, სად მოვიძიოთ ეს ფული, ჩვენ იმასაც ვეუბნებით, თუ სად არის ეს რესურსი. პირველ რიგში, ეს არის სარეზერვო ფონდები, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდები. შარშან, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი იწყებენ ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას, მათ ისიც აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვი ფონდებს 55-55 მილიონიდან 25-25 მილიონზე დაიყვანდნენ, მაგრამ ბიუჯეტში ამ სარეზერვო ფონდებისთვის ისევ 50-50 მილიონი დევს, რეალურად ქამარი მოჭერილი აქვს პარლამენტს, რომელსაც 3 მილიონით შეუმცირდა დაფინანსება, ეს ფონდები არის ის ფული, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს, პრეზიდენტის ფონდიდან რა ფული იხარჯება, კაციშვილმა არ იცის, ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. შარშან დეკემბრამდე სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით ბიუჯეტში იყო ძალიან მკაცრი რეგულაცია, რაში უნდა დახარჯულიყო სარეზერვო ფონდი. სარეზერვო ფონდი აუცილებელია ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სტიქიური უბედურების დროს სასწრაფო დახმარებისათვის. მარტო ამ დროს უნდა გამოიყენებოდეს ეს ფული.
შარშან დეკემბერში, საბიუჯეტო კოდექსი რომ მივიღეთ, ბიუჯეტთან ერთად იქ ჩაიწერა, რომ სარეზერვო ფონდების გახარჯვისთვის აღარ იყო საჭირო ფორსმაჟორი, საჭირო იყო მხოლოდ პრეზიდენტის და მთავრობის ნება-სურვილი. მივიღეთ, რომ 100 მილიონი საქართველოში ყოველწლიურად ცეკვა-თამაშში იხარჯება. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ერთი მუხლი, რომელზე პასუხიც ვერ გავიგეთ და ხელისუფლება ამაზე პასუხს ყველანაირად გაურბის, ეს არის სოციალური გაუცხოების დაძლევა, აღნიშნული მუხლი ჯანდაცვის ბიუჯეტშია და მისთვის 154 მილიონია გათვალისწინებული. იქ ჩამოთვლილია, რომ აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს მიუსაფარებს, უსახლკაროებს, დევნილებს, ნარკომანებს, ალკოჰოლოზმით დაავადებულ ადამიანებს. თუ გვინდა, რომ ეს თანხა ამაზე დავხარჯოთ, მაშინ გავწეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ ვაკონტროლოთ ეს თანხა, მართლა ამაში დაიხარჯება თუ არა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა პრეზიდენტმა და მთავრობამ თავის ჯიბეს უნდა მოახმაროს. ჩვენ ვეუბნებით, რომ სარეზერვო ფონდებში და სოციალური გაუცხოების დაძლევის მუხლში ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 200 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ, ხოლო 200 მილიონი ლარი ყველა იმ პრობლემის მოგვარებას ეყოფა, რაც მე ჩამოვთვალე და სხვა საკითხების მოგვარებასაც უზრუნველყოფს.
რას იტყვით ბიუჯეტში არსებულ მუხლთან – ”სხვა ხარჯებთან” დაკავშირებით?თქვენი ინფორმაციით, რაში იხარჯება აღნიშნული თანხა?
ყველა სხვა ხარჯი არის ერთადერთი თავის გამართლება მთავრობის მხრიდან-ბიუჯეტში ყველაფერს ხომ არ ჩავწერთო. სწორედ ეს არის საშუალება იმისა, რომ მთავრობამ და მინისტრებმა თავის ნება-სურვილზე გადაწყვიტონ თანხის აკუმულირება.
ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში– სამინისტროებში, დეპარტამენტებში– ადმინისტრაციული ხარჯი იზრდება. აქედან გამომდინარე ან ხელფასები იზრდება, ან მეორე შემთხვევაში, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. სხვა ხარჯები არის ჩვეულებრივი ამბავი, ყველა სამინისტროს აქვს ეს თანხა, ყველაფერს საკუთარი სურვილისამებრ გაწერენ, ეს არის ჯიბის ფული. შეიძლება კონკრეტული თანხა გაწერილი იყოს რაღაც პროგრამაზე, მაგრამ არ არის გაწერილი ის, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს.