ეკონომიკა

ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი თუ “პოპულიზმის ეკონომიკა”?

8 სექტემბერი, 2010 • 1400
ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი თუ “პოპულიზმის ეკონომიკა”?

ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მოდელებზე საუბრისას ხშირად განიხილება სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური მოდელები. თუმცა ყველაფერი რომ ძალიან გავამარტივოთ, კამათი, ძირითადად, ორი მიმართულებით იშლება: ეს არის ეკონომიკის ლიბერალური განვითარება და სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ეკონომიკა. სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ეკონომიკა ხშირად მიჩნეულია ე.წ. პოპულიზმის ეკონომიკად. კერძოდ, ეკონომისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ გაუაზრებელი სოციალური პოლიტიკა, ღარიბთა ხარჯზე, მდიდრებს კიდევ უფრო მეტად გამდიდრების საშუალებას აძლევს. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სოციალურ სფეროზე ფსევდოორიენტირებულმა ქვეყნებმა ვეღარ დააღწიეს თავი სოციალური ხარჯების ხაფანგს და ამით მნიშვნელოვნად დააზარალეს სხვა სახელმწიფო პრიორიტეტები, რომლებიც ეკონომიკის განვითარებაზე ირიბ ზეგავლენას მოახდენდა. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ა.შ.

მაღალი და გაუაზრებელი სახელმწიფო ხარჯები შეფარდებული მთლიან შიდა პროდუქტთან ყოველთვის აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და მხოლოდ ვიწრო ბიუროკრატიულ აპარატს აძლევს “თავისუფალი” ცხოვრების საშუალებას.

1998 წლის აპრილში ამერიკელმა მეცნიერებმა: ჯეიმს გვარნეიმ, რობერტ ლაუსონმა და რანდოლ ჰოლქობმა შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინეს საკუთარი კვლევის შედეგი, რომელიც ეკონომიკის განვითარების ტემპებზე სახელმწიფო ხარჯების გავლენას ეხებოდა. მეცნიერები მიუთითებდნენ, რომ საჭიროა არსებული სახელმწიფო ხარჯების მხოლოდ მინიმუმი, იმისათვის, რათა სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელება შეძლოს.

 

“მე როდესაც ვლაპარაკობ მოდერნიზაციაზე, უნდა გვესმოდეს,  ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე, გზებზე. აქ ფოთის აეროპორტი შენდება, კერძო ინვესტიციაა.  ხიდი უნდა გავაკეთოთ, რომელიც განმუხურსა და ანაკლიას შეაერთებს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი არის სახელმწიფო ფული. მაგრამ უნდა გვესმოდეს,  რომ დღეს სახელმწიფო ხარჯები არის  35% ერთიანი შიდა პროდუქტისა. მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს,  უნდა იყოს 30 % , იმიტომ,  რომ ჩვენ გვჭირდება ყოველწლიურად 7-დან 10%-მდე განვითრება.  5-6% არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს წინ. ამისათვის ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი გვექნება ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დროს.

აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის შეფასება, როდესაც იგი საუბრობს, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარებისათვის საჭიროა დაბალი სახელმწიფო ხარჯები. თუმცა სახელმწიფო ხარჯების გამართლება იმით, რომ მაღალი თანხები იხარჯება ინფრანსტრუქტურულ პროექტებზე, არასწორია. კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფო ხარჯები სწრაფად გადაედინება სახელმწიფოდან კერძო სტრუქტურებისაკენ, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ დასახელებული გზების მშენებლობისას სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, რომლის შედეგადაც სამუშაოს შემსრულებელი უკვე კერძო კომპანიაა, რომელსაც სახელმწიფო უხდის ფულს. საჭიროა სახელმწიფო ხარჯების “ხაფანგი” სხვაგან ვეძიოთ. კერძოდ, უფრო აქტუალური იქნებოდა, შეგვესწავლა, ქვეყანაში რა თანხები და რამდენად მიზნობრივად იხარჯება სოციალურ პროექტებზე, თავდაცვაზე, სახელმწიფო ბიუროკრატიის მომსახურებაზე და ა.შ.

პრეზიდენტის მიერ უკვე არაერთგზის ნახსენები “ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი” ხშირად მოსახლეობის ლეგიტიმურ უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ქამარი უკვე დიდი ხანია საკმაოდ მჭიდროდ აქვს შემოჭერილი და ახლა მხოლოდ მისგან გათავისუფლებას ელოდება. საქმე სწორედ იმაშია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არამც და არამც არ უნდა შეეხოს მოსახლეობის სოციალურად შეჭირვებულ ფენას. აღნიშნული პოლიტიკა უნდა შეეხოს სწორედ ისეთი ტიპის გაუაზრებელ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლებიც ეკონომიკურ რეფორმებს პოპულისტური ლოზუნგების მეშვეობით აფერხებენ.

საინტერესოა, რომ 2004 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაფიქსირებული ყველაზე ბუნდოვანი მუხლის “სხვა ხარჯების” განუხრელი ზრდა აღინიშნება. მაგალითად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004 წელს აღნიშნულ მუხლში დაფიქსირებულმა ხარჯებმა 16.2 მილიონი, 2005 წელს 66.8 მილიონი, 2006 წელს 200 მილიონი, 2007 წელს 348.2 მილიონი, 2008 წელს 506.1 მილიონი, 2009 წელს კი 650.1 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის გეგმის თანახმად, “სხვა ხარჯებისათვის” განკუთვნილი თანხა 731 მილიონ ლარს აღემატება. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე, აქ უნდა იგულისხმებოდეს არა ინფრასტრუქტურული პროექტების შეკვეცა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის, არამედ, მაგალითად, ისეთი ტიპის ხარჯების შეკვეცა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ ბუნდოვანი – “სხვა ხარჯების” მუხლით კლასიფიცირდება.

“ქვეყნების ეროვნული მეურნეობების განვითარების რეცეპტი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ჯანსაღი ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო ხარჯები, და ამის წყალობით დაბალი გადასახადები და გაწონასწორებული ბიუჯეტი; კერძო საწარმოთა დომინირებული მდგომარეობა ეკონომიკაში და ასევე სახელმწიფო, რომელიც ღებულობს კარგ კანონებს და ქვეყანაში მათი განხორციელების საშუალებას ქმნის. ყოველივე ამის საფუძველზე ადამიანებს ეძლევათ თავისუფალი თანხების დაბანდების საშუალება, ისინი უშიშრად აფორმებენ ერთმანეთს შორის ხელშეკრულებებს, რის შედეგადაც თავადაც უკეთესად ცხოვრობენ და სხვებსაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარებიან.” – დასახელებული მოდელი მიაჩნია ცნობილ პოლონელ ეკონომისტს, ლეშეკ ბალცეროვიჩს მყარი საბაზრო ეკონომიკის უმთავრეს მოთხოვნად.

მაღალი სახელმწიფო ხარჯები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეკონომიკაში ფულის “გაქრობას” უწყობს ხელს. კერძოდ, ერთის მხრივ, მაღალი სამთავრობო ხარჯების დროს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები აკლდება ეკონომიკას, ანუ მთლიანობაში კერძო სექტორს, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული ხარჯების მომსახურებისათვის საჭირო ხდება გადასახადების გაზრდის ხარჯზე ეკონომიკიდან უფრო მეტი თანხების ამოღება. ამასთან, გარდა აღნიშნული ფისკალური ეფექტებისა, სახელმწიფო ხარჯების მაღალი წილი ხელს უწყობს ექსპანსიურ სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ანუ სახელმწიფოს ხელში ისეთი ფუნქციების მოქცევას, რომელთა მართვასაც კერძო სექტორი უკეთესად მოახერხებდა. ამავდროულად, ასეთი ფორმით სახელმწიფოს მოქმედების არეალის გაფართობა, გრძელვადიან პერიოდში წინააღმდეგობაში მოვა ეკონომიკის ფუნქციონირებასთან, ვინაიდან კერძო სექტორთან შედარებით, სახელმწიფო ორგანოებს, ნაკლებადელასტიურობის გამო, უჭირთ ბიზნესის სწრაფად ცვალებად გარემოსთან დროული ადაპტირება.

“მხატვრული ეკონომიკის” მიმდევრებს ხშირად უყვართ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაში მისტიკური მიზეზების ძიება. მაგალითად, ხშირად მიჩნეულია, რომ იაპონიისა თუ სხვა აზიური სახელმწიფოების, ე.წ. “აზიური ვეფხვების” ეკონომიკური განვითარების მთავარი წინაპირობა ამ ქვეყნებში მაცხოვრებელთა განსაკუთრებული თვისებებია, რომლებიც მათ სხვა ნებისმიერი ხალხისაგან განასხვავებს. შესაძლებელია მცირე რაციონალური მარცვალი იყოს ამ ლოგიკაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქყვეყნებში ამავე ეთნოსის მოსახლეობა ცხოვრობდა მათ ეკონომიკურ წარმატებებამდე გაცილებით ადრეც, ეს ხალხები ცხოვრობდნენ გასულ საუკუნეებშიც და მაშინ მათ განსაკუთრებული წარმატებები არ ქჰონიათ. სინამდვილეში, აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკების განვითერებას ხელს უწყობდა არა იქ მცხოვრებთა “მესიანური როლი ეკონომიკის განვითარებაში”, არამედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ეკონომიკის ნაკლებ დატვირთვას გადასახადებით და უფრო მეტად რაციონალიზებურ საბიუჯეტო სარჯებს. სწორედ მცირე საბიუჯეტო სახსრების პირობებში შეძლეს აზიის წარმატებულმა ქვეყნებმა გამოეყოთ უფრო მეტი თანხები განათლებისა და ინფრასტრუქტურისათვის.

აღნიშნული წარმატებული მოდელების გაცნობა გვავალდებულებს, რომ ეკონომიკაზე პოპულისტური ენით საუბრის ნაცვლად, მეტი რაციონალურობით  ვიმსჯელოთ. სასურველია ნაკლები საუბარი “ქართულ ნიჭიერებაზე” და მეტის სწავლა უკვე წარმატებული ქვეყნებისაგან. საჭიროა, რომ ეკონომიკის ლიბერალურ განვითარებაზე საუბარი გასცდეს სატელევიზიო პრესკონფერენციების ფარგლებს და პრაქტიკაში ჰპოვოს ასახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო კვლავ დარჩება “ქაღალდზე წარმატებული”, რეალურად კი რეფორმების შეჩერებით გამოწვეული გაურკვეველი ორიენტაციისა და მიზნების მატარებელ ქვეყნად.

მასალების გადაბეჭდვის წესი