ახალი ამბები

„იდეურად ვიზიარებთ“ — თურნავა ეროვნული ბანკის კანონზე IMF-ის კრიტიკაზე

2 აგვისტო, 2023 • 2742
„იდეურად ვიზიარებთ“ — თურნავა ეროვნული ბანკის კანონზე IMF-ის კრიტიკაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა საქართველოსთვის არ შეჩერებულა და დროებით შეფერხდა მეორე მიმოხილვის განხილვა.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადება, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის აზრით, ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება. IMF-ის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოში უმრავლესობაში უნდა იყვნენ არააღმასრულებელი წევრები, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღებით ეს თანაფარდობა დაირღვა.

თურნავა აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის წუხილს იზიარებს.

„რაც შეეხება კონკრეტულად იმ წუხილს, რასაც IMF გამოთქვამდა ეროვნული ბანკის კანონთან მიმართებაში, მათი წუხილის მთავარი შინაარსი არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ე.წ. არააღმასრულებელი წევრების მყარი უმრავლესობა უნდა იყოს. მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის მართვა. პრინციპში, ჩვენ იდეურად ვიზიარებთ ამას. ამ თემაზე გვქონდა კონსულტაციები. შევთანხმდით იმაზე, რომ შემოდგომაზე სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და ჩვენ მათ იურისტებთან ერთად და მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ, რა წინადადებები შეიძლება შევიმუშაოთ და შევთავაზოთ. ჩემი ვარაუდით, ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის (სებ) შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღება მოხდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. ყველაზე ადრე (დეკემბერში) ვადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს ეწურება. საკანონმდებლო ცვლილებებით, დეკემბრამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შეეძლება კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დამატება და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების მისთვის დაკისრება. აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, ცვლილებები ხელისუფლების მიერ ეროვნულ ბანკზე კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. პარლამენტმა საკამათო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო, რაც, სავარაუდოდ, სებ-ის კანონს უკავშირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი