საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა — პოზიტიურ, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა.
Fitch 2023 წელს საქართველოში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით (4.5%) გაზრდილია.
Fitch-ის თანახმად, პოზიტიური პერსპექტივა გამოწვეულია ძალიან ძლიერი ეკონომიკურ აღდგენით, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად. მაკროპოლიტიკის პარამეტრები ჯანსაღად რჩება, Fitch-ს ასევე აქვს უფრო დიდი რწმენა, რომ რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შემოდინება უახლოეს პერიოდში მკვეთრად არ შეიცვლება.
Fitch-ის პროგნოზით, მშპ-ის ზრდა 2023 წელს 6.9%-დან, 2024-2025 წლებში კი, საშუალოდ, 5%-მდე შემცირდება, რადგან მიგრაციული ნაკადებისა და საგარეო მოთხოვნის მხარდაჭერა სუსტდება.
ანგარიშის თანახმად, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავალი გაზრდილია მიგრანტების ხარჯებით, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 4%-მდე შემცირება გამოიწვია.
Fitch-ის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო.
„სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება“, — ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
ის, რომ პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, BMG-ის დაუდასტურეს საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც.