ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მანიპულაცია Heritage Foundation-ის ინდექსით

16 მარტი, 2023 • 12827
საქართველოს მთავრობის მანიპულაცია Heritage Foundation-ის ინდექსით

საქართველოს მთავრობა მანიპულირებს კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ის ინდექსით. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, წინა წელთან შედარებით, 9 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს მთავრობამ სრული ინფორმაცია დამალა და გამოაქვეყნა ინდექსის 12 ქვეკატეგორიიდან მხოლოდ ერთის მონაცემები, ისიც საკუთარი ინტერპრეტაციით.

საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“

Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით [გამოქვეყნდა 27 თებერვალს], საქართველოს საერთო ქულა წინა წელთან შედარებით 3.1-ით შემცირდა და 68.7 შეადგინა (მაქსიმალური ქულაა 100).

ამ მონაცემებით საქართველო 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილს იკავებს, მაშინ როცა გასულ წელს 26-ე პოზიციაზე იყო. შესაბამისად, აგრძელებს ვარდნის ტენდენციას — 2022 წელს საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 14 ადგილით ჩამოქვეითდა, თუმცა „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში რჩებოდა. განახლებული ინდექსით კი, საქართველომ „ზომიერად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, 2018-23 წწ. წყარო: Heritage Foundation

საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და მისი საერთო ქულა მსოფლიო და რეგიონის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

მეთოდოლოგია და კატეგორიები

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” ქვეყნდება ყოველი წლის დასაწყისში წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით. რეიტინგი აფასებს 4 ძირითად მიმართულებას და მათ 3-3 ქვეკატეგორიას:

კანონის უზენაესობა

  • საკუთრების უფლებები
  • სასამართლოს ეფექტიანობა
  • მთავრობის კეთილსინდისიერება

მთავრობის მოცულობა

  • საგადასახადო ტვირთი
  • სამთავრობო ხარჯები
  • ფისკალური სიჯანსაღე

რეგულაციების ეფექტიანობა

  • ბიზნესის თავისუფლება
  • შრომის თავისუფლება
  • მონეტარული თავისუფლება

ღია ბაზარი

  • ვაჭრობის თავისუფლება
  • საინვესტიციო თავისუფლება
  • ფინანსური თავისუფლება

12-დან 8 ქვეკატეგორიაში საქართველოს ქულები წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. გაუმჯობესება მხოლოდ შრომის თავისუფლების და ფინანსური თავისუფლების ქვეკატეგორიაში ფიქსირდება.

რა გაავრცელა საქართველოს მთავრობამ?

საქართველოს მთავრობამ „ფეისბუქში“ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის — ჰერითიჯ ფაუნდეიშენის — კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა“.

საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს, ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

სქრინშოტი საქართველოს მთავრობის FB გვერდიდან

საქმე ის არის, რომ „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ცალკე ინდექსი არ არსებობს. ეს არის 12-დან 1 ქვეკომპონენტი, რომლისგანაც „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ შედგება.

საქართველოს მთავრობა, მაშინ როდესაც არაფერს ამბობს სრულ კვლევაზე, მანიპულირებს მისი მხოლოდ ერთი ქვეკომპონენტით — საუბრობს გაუმჯობესებაზე 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მაშინ როდესაც „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ქულაც 2021 წლიდან უარესდება.

რეიტინგებით მანიპულაციის პრაქტიკა

ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო რეიტინგებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა“ (IBP) გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

IBP-ის განცხადებით, დაუშვებელია „ღია ბიუჯეტის“ კვლევის რეიტინგის გამოყენება „დრაკონული კანონების გასამართლებლად, რომელიც შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილის შეფასება მანიპულაციურია, რადგანაც, მათი განცხადებით, ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას. შესაბამისად, IBP-ის თქმით, საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანამ დროული და ამომწურავი ინფორმაცია გამოაქვეყნა საკვანძო საბიუჯეტო დოკუმენტებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო პროცესს მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საკუთარი საზოგადოების წინაშე.

საერთაშორისო რეიტინგებს იშველიებს საქართველოს ხელისუფლება მაშინაც, როდესაც სურს წარმოაჩინოს, რომ საქართველო უკრაინაზე და მოლდოვაზე წინაა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უსამართლოდ ვერ მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს პარლამენტში  გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის შედეგების რეიტინგები წარმოადგინა, შეადარა ისინი უკრაინის და მოლდოვის მაჩვენებლებს, თუმცა გამოტოვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს აფასებს.

რეიტინგები, რომლებიც პრემიერმა დღეს არ ჩამოთვალა

IBP: დაუშვებელია „ღია ბიუჯეტის“ რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი