ეკონომიკა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 14 ადგილით ჩამოქვეითდა

16 თებერვალი, 2022 • 4593
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 14 ადგილით ჩამოქვეითდა

Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველოს ქულა 5.4-ით შემცირდა და 71.8 ქულა შეადგინა (მაქსიმალური ქულაა 100).

ამ მონაცემებით საქართველო 184 ქვეყანას შორის 26-ე ადგილს იკავებს და უმეტესად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაშია. ანგარიშის თანახმად, ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის საქართველო  მე-18 ადგილზეა და მისი საერთო ქულა აღემატება რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს.

„ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში  მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ადგილზე იყო.

Heritage Foundation-ის მიმოხილვის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი იყო 2019 წლისს ჩათვლით, უარყოფითი — 2020 წელს, ხოლო 2021 წელს გაჯანსაღდა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 2017-22 წწ. წყარო: Heritage Foundation

„ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოების  შესაშური გამოცდილება შეჩერდა. სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, 2017 წლიდან საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება, ჯამში, 4,2 პუნქტით გაუარესდა და „ძირითადად თავისუფალი“ კატეგორიის ქვედა ნახევარში მოექცა. ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, მაგრამ სასამართლო ეფექტურობა და შრომის თავისუფლება გაუმჯობესებას საჭიროებს“, — ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიის გავლენას, ანგარიშში ხაზგასმულია მთავრობის რეაგირება კრიზისზე, 69-ე ადგილზეა სიმკაცრის მიხედვით და 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა.

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” ქვეყნდება ყოველი წლის დასაწყისში წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით. რეიტინგი აფასებს 4 ძირითად მიმართულებას და მათ 3-3 ქვეკატეგორიას:

  • კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლებები, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);
  • მთავრობის მოცულობა (საგადასახადო ტვირთი, სამთავრობო ხარჯები, ფისკალური სიჯანსაღე);
  • რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
  • ღია ბაზარი (ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

12 ქვეკატეგორიიდან საქართველოს მონაცემები გაუარესებულია 8-ში და გაუმჯობესებულია მხოლოდ ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტში.

კანონის უზენაესობის შეფასებისას ანგარიშში ნათქვამია, რომ საკუთრების უფლებები აღიარებულია, მაგრამ სუსტად აღსრულდება და გაურკვეველმა ან დაურეგისტრირებულმა დასახელებამ შეიძლება შეაფერხოს ინვესტიცია.

„ასევე,  პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბევრი მოსამართლე კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან სწრაფად განხილვის უნარს მოკლებულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებს „ელიტარულ“ კორუფციაზე საქართველოში: მაღალი დონის თანამდებობის პირები იყენებენ იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ჯანსაღად აფასებს მარეგულირებელ გარემოს, თუმცა ამ ნაწილშიც აღნიშნავს, რომ ბიზნესდავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში შეიძლება გაჭიანურდეს.

„შრომის ხარჯები დაბალია. 2020 წელს საქართველომ უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა. მცირე მეურნეობების ფერმერები აღარ ითვლებიან დასაქმებულების კატეგორიაში, რაც უმუშევრობის ოფიციალურ მაჩვენებლს ზრდის. შიდა მოთხოვნის სწრაფმა აღდგენამ და გარე ფაქტორებმა, როგორიცაა ნავთობის მაღალი ფასი, გამოიწვია სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წელს“, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, უცხოური და შიდა ინვესტიციებს საქათველოში თანბრად ეპყრობიან, თუმცა გამჭვირვალობა გამოწვევაა; საბანკო სექტორის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა დაფინანსების ხელმისაწვდომობა, საფონდო ბირჟა კი მცირე და განუვითარებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი