ახალი ამბები

IBP: დაუშვებელია „ღია ბიუჯეტის“ რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად

16 მარტი, 2023 • 1943
IBP: დაუშვებელია „ღია ბიუჯეტის“ რეიტინგის გამოყენება დრაკონული კანონის გასამართლებლად

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო თანამშრომლობა“ (IBP) ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

IBP-ის განცხადებით, დაუშვებელია „ღია ბიუჯეტის“ კვლევის რეიტინგის გამოყენება „დრაკონული კანონების გასამართლებლად, რომელიც შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას გამჭვირვალობის საბაბით.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილის შეფასება მანიპულაციურია, რადგანაც, მათი განცხადებით, ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გამჭვირვალობასა და ზედამხედველობას. შესაბამისად, IBP-ის თქმით, საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანამ დროული და ამომწურავი ინფორმაცია გამოაქვეყნა საკვანძო საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, ორგანიზაციისვე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო პროცესს მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საკუთარი საზოგადოების წინაშე:

„დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის შემაშფოთებლად მზარდი ნიშნები გამოავლინა. ღია ბიუჯეტის კვლევის მიზანი ქვეყნისთვის მიმართულების ჩვენებაა უფრო გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესების წარმოებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მასში საზოგადოების ჩართულობას და დიალოგს მთავრობის დანახარჯების შესახებ, რათა ხელისუფლებამ დაარწმუნოს ხალხი, რომ თანხები მათი ინტერესების შესაბამისად იხარჯება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საჯარო სექტორს ზედამხედველობს, საკვანძოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელიც ისწრაფვის უფრო დემოკრატიული მომავლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი