ეკონომიკა

რეიტინგები, რომლებიც პრემიერმა დღეს არ ჩამოთვალა

22 ივნისი, 2022 • 4026
რეიტინგები, რომლებიც პრემიერმა დღეს არ ჩამოთვალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის შედეგების რეიტინგები წარმოადგინა, შეადარა ისინი უკრაინის და მოლდოვის მაჩვენებლებს, თუმცა გამოტოვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს აფასებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად:

  • მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო არის 49-ე ადგილზე გლობალურად, პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; “უკრაინა თუ იცით, რომელზეა? — 74-ე ადგილზე გლობალურად და მე-7 — რეგიონულად; მოლდოვა 73-ე და მე-6, შესაბამისად”;
  • მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო უსწრებს EU-ის და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, მე-4 ადგილზეა; საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას;
  • გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს;
  • ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც „ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა აქ მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი, შედარებისთვის“. უკრაინა და მოლდოვა 21-22-ე ადგილზე არიან;
  • მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
  • „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის, სინგაპურის, შვეიცარიის და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ. უკრაინა 129-ე ადგილზეა, მოლდოვა — 66-ზე;
  • Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, “ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, რაც ბევრად უფრო წინ არის ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა; უკრაინა 130-ე ადგილზეა, მოლდოვა — 78-ზე”;
  • „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში — „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“. გლობალურად საქართველო 29-ე ადგილზეა, უკრაინა — 104-ზე, მოლდოვა — 115-ე ადგილზე;
  • 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. უკრაინა 123-ე ადგილზეა და მოლდოვა — 114-ზე.
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე — რეგიონში. უკრაინა 122-ე ადგილზეა, მოლდოვა — 105-ზე;
  • NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში. უკრაინა 81-ე ადგილზეა, მოლდოვა- 84-ზე.
  • გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10-წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.

„მთლიანობაში, ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო, მომდევნო წლების მუშაობის შედეგად, ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია და ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა, მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ამ სამეულში უპირობო ლიდერები ვართ“, — განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით თუ ვინმე იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა.

რა არ თქვა პრემიერმა?

პრემიერ-მინისტრის ყურადღების მიღმა დარჩა ძირითადი დემოკრატიული მაჩვენებლები. Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსით, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა და 2021 წლის მგომარეობას ასახავს, საქართველო  მსოფლიოში 91-ე ადგილზეა, უკრაინა — 86-ზე, მოლდოვა კი- 69-ე ადგილზე. დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება, საქართველოს  ყველაზე მაღალი ქულა 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებდა. ბოლო წლებში საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში კლების ტენდენციით ხასიათდება. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი საქართველოს აქვს მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში, ყველაზე კარგი კი — საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის ნაწილში, თუმცა ეს ქულა 2020 წელთან შედარებით შემცირებულია.

Freedom House-ის გლობალური თავისუფლების ინდექსით, საქართველო უმაღლესი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანას წარმოადგენს. როგორც უკრაინას (61), ისე მოლდოვას (62 ქულა) საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ამასთან, Freedom House-ის შეფასებით, საქართველოს დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012-13 წლებში, ხელისუფლების ცვლილების მიმდებარე პერიოდში, მაგრამ ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა უკუსვლას, რადგან ოლიგარქიული გავლენაა პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მედიაგარემოზე, კანონის უზენაესობა დაზიანებულია პოლიტიზებით. 

მედიის კონტექსტში პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში მედიასაშუალების დაფუძნების სიმარტივეს, თუმცა არ უსაუბრია საქართველოში მედიის და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესებულ მდგომარეობაზე, რაც ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საფუძველი გახდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) თანახმად, 2022 წლისთვის საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა და მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოსგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს მოლდოვას, რომელმაც 89-დან მე-40 ადგილზე გადაინაცვლა. ორივე ქვეყანას ჩამორჩება უკრაინა, რომელიც 106-ე ადგილს იკავებს. საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება გამოიხატა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებით და მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორის სადავო განაჩენით.

დეპუტატების გამოხმაურება

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრ ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 10-წლიანი სურათი, თუმცა არ უსაუბრია დემოკრატიის რეგრესზე, რაც ბოლო წლებში ფიქსირდება.

„თქვენ წარმოადგინეთ საერთაშორისო რეტინგები, სადაც შეფასებულია ქვეყნის პოზიციები. თუმცა, ალბათ, მიზანმიმართულად წარმოადგინეთ რეიტინგები ათწლიან ჰორიზონტზე და არ დააკონკრეტეთ, მაგალითად, ეკონომიკერი თავისუფლების ინდექსი, კორუფციის აღქმის ინდექსი, ჟურნალისტების თავისუფლების ინდექსი, ბოლო, 21-22 წლის შეფასებები, სადაც ყველა ამ კომპონენტში მკაფიო კლებაა“, — განაცხადა მან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოთვლილი რეიტინგები ძირითადად კორუფციასთან და ეკონომიკურ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, დემოკრატიის ტრაექტორიით კი საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება.

„მტრად დასახეთ ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ თურმე დაუნახავები და უმადურები არიან, ვერ ხედავენ რეიტინგებს… სხვათა შორის, იმ რეიტინგების უდიდესი ნაწილი კორუფციასთან და ეკონომიკურ ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული და წინა ხელისუფლების დროს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ იმასაც ვერ ვხდებით, რომ რეიტინგების გამო კი არ აძლევენ სტატუსს, არამედ დემოკრატიის ზომით. რომ ადარებთ მოლდოვას, სად არის მოლდოველი ოლიგარქი? — გაქცეულია. სად არის მოლდოვის მსგავსი სამართლიანი არჩევები, როდესაც 100 000 ემიგრანტი მონაწილეობდა ელექტრონულ არჩევნებში. სად არის მოლდოვის მსგავსი სასამართლო?“ – მიმართა გოცირიძემ ღარიბაშვილს.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. სამი ქვეყნის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისიამ მოამზადა მოსაზრება მათ აპლიკაციაზე. უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კომისიამ მხარი დაუჭირა, საქართველოსთვის კი – არა. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე და მის შემდეგაც ამბობს, რომ საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე მეტად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უკრაინამ უნდა შეასრულოს 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი 12 პირობა. ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ოლიგარქიის გავლენების აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

საქართველომ დამატებით უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება შარლ მიშელის დოკუმენტის გზით; პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში; ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი