ეკონომიკა

საქართველოში 47 პროექტი მაქვს დაგეგმილი – დავით ხიდაშელი

25 ივლისი, 2022 • 2157
საქართველოში 47 პროექტი მაქვს დაგეგმილი – დავით ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი, რომლის ბოლომდე მიყვანასაც გეგმავს. ამის შესახებ ხიდაშელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა.

აღნიშნული პროექტები მან “ნეტგაზეთის” შეკითხვის პასუხად ახსენა. კერძოდ, ჩვენ მას მივწერეთ, აპირებს თუ არა VTB BANK Georgia-ს შესყიდვას და აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს ბანკთან, რაზეც გვიპასუხა:

“საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილებიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს მოსახლეობის დეზინფორმირებას ან ჩემს შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს”, – მოგვწერა ხიდაშელმა.

ამ ეტაპზე თავს იკავებს დააკონკრეტოს, რა პროექტებზეა საუბრი. “წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია”, – ამბობ ბიზნესმენი.

დავით ხიდაშელი ბიზნესმენია, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა საქმე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ და შემდეგ მათი დაკავება.

თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსნეიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის “ვალი მიჰყვება”.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი