ეკონომიკა

Reuters: ნავთობის ემბარგო რუსეთს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე EU-ს

1 ივნისი, 2022 • 3359
Reuters: ნავთობის ემბარგო რუსეთს უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე EU-ს

Reuters-ის საერთაშორისო საფინანსო კომენტატორების გუნდმა გამოთვალა, თუ რა გავლენას იქონიებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, ერთი მხრივ, რუსეთზე, მეორე მხრივ კი, თავად ევროკავშირზე და დაასკვნა, რომ ნავთობის ემბარტო პუტინს მეტად დააზარალებს, ვიდრე ევროკავშირს.

ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს იმ ნავთობის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირში საზღვაო გზით ხვდებოდა, თუმცა არ შეეხება მილსადენით მიწოდებულ ნავთობს. რუსეთიდან ნავთობი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და ხორვატიას „დრუჟბას“ მილსადენით მიეწოდება. უნგრეთი იყო ქვეყანა, რომელიც სრულ ემბარგოს დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, ამბობდა რა, რომ ეს მის ეკონომიკას გაანადგურებს. სანქციების კომპრომისული ვარიანტით აკრძალვა შეეხება რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 75%-ს დაუყოვნებლივ და დაახლოებით 90%-ს — წლის ბოლომდე.

Reuters-ის შეფასებით, ურალის ტიპის ნედლი ნავთობის უფრო ძვირი, Brent-ის ტიპით ჩანაცვლება ბლოკის ქვეყნებისთვის ენერგეტიკულ გადასახადს კიდევ უფრო გაზრდის. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი შეამცირებს მოსკოვის ყველაზე მომგებიანი საექსპორტო შემოსავლის წყაროს და დაეხმარება ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის შეფერხებას.

Rystad Energy-ს ცნობით, ევროკავშირი ყოველდღიურად ახორციელებს 3-დან 3,7 მილიონ ბარელამდე რუსული ურალის ნავთობის იმპორტს. მისი 75%-ის ჩანაცვლება ბარელზე 120-დოლარიანი Brent-ით EU-სთვის გამოიწვევს თვეში მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით ხარჯებს.

„თუმცა ემბარგო მაინც მნიშვნელოვანია. რუსული ნედლი ნავთობისა და კონდენსატის ექსპორტმა 2021 წელს $110 მილიარდი შეადგინა, რაც მოსკოვის მთლიანი საქონლის ექსპორტის მეხუთედზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი უფრო ადვილად შეიძლება გაიტანოს სხვაგან, ვიდრე გაზი, რუსეთს გაუჭირდება სრულად ჩაანაცვლოს ევროკავშირში დაკარგული ექსპორტი. ინდოეთი ყიდულობს რუსული ნედლი ნავთობის რეკორდულ რაოდენობას, მაგრამ ეს უკვე მეტია, ვიდრე მისი გადამამუშავებელი ქარხნების შესაძლებლობა. ჩინეთს ჯერ არ გაუძლიერებია იმპორტი, მაგრამ მისი ეკონომიკა ნაკლებად აქტიურია Covid-ის მასშტაბური ჩაკეტვის შემდეგ. ამასთან, ევროკავშირის ემბარგო არარუსულ ტანკერებს მოსკოვის ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებაში ხელს შეუშლის. ურალის ნავთობის მიმდინარე ფასებით რუსეთს შეეძლო თვეში მინიმუმ 8,1 მილიარდი დოლარის გამომუშავება ევროკავშირში დღეში 3 მილიონი ბარელის ექსპორტით. Rystad-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, საუკეთესო შემთხვევაში შეძლოს ევროკავშირისთვის ადრე გამიზნული 1 მილიონი ბარელის მარშრუტის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ბარელის ექსპორტი სწრაფად შემცირდება მხოლოდ 1,75 მილიონ ბარელამდე. ეს ნიშნავს თვეში მინიმუმ 3,4 მილიარდი დოლარის შემოსავლის დაკარგვას ემბარგოს საწყის ფაზაში (ან ევროკავშირში ექსპორტიდან მოსკოვის სავარაუდო ყოველთვიური შემოსავლების 40%-ზე მეტი). ეს ზარალი შეიძლება გაიზარდოს თვეში მინიმუმ 4,5 მილიარდ დოლარამდე, როგორც კი ევროკავშირის სრული აკრძალვა დაიწყება. ევროკავშირის ნავთობის ემბარგო უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას“, — წერს Reuters.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა ერთ-ერთია მეექვსე ტალღის სანქციებიდან, რომელიც ევროკავშირმა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, მაისის თვეში წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე, პოლონეთისა და გერმანიის მიერ ნედლეულის მილსადენით მიღების აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი 90 პროცენტით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.

ჯერჯერობით დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე.

EU-მ რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა – კომპრომისი უნგრეთთან

მასალების გადაბეჭდვის წესი