ახალი ამბები

EU-მ რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა – კომპრომისი უნგრეთთან

31 მაისი, 2022 • 1047
EU-მ რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა – კომპრომისი უნგრეთთან

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთთან კომპრომისის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე დაბლოკონ რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტი.

გადაწყვეტილება გულისხმობს მხოლოდ იმ ნავთობის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ევროკავშირში საზღვაო გზით ხვდებოდა, თუმცა არ შეეხება მილსადენით მიწოდებულ ნავთობს.

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის თანახმად, ნავთობის სრული ემბარგო დაანგრევდა უნგრეთის ეკონომიკას. ასევე, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსულ ნავთობზე სანქციების სწრაფად დაწესება, ეკისრებოდა თავად ევროკავშირს და არა უნგრეთს.

რუსეთიდან ნავთობი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და ხორვატიას, „დრუჟბას“ მილსადენით მიეწოდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გადადგმული ნაბიჯი გააქრობს რუსეთის საომარი მანქანისთვის „დაფინანსების დიდ წყაროს“.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა ერთ-ერთია მეექვსე ტალღის სანქციებიდან, რომელიც ევროკავშირმა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, მაისის თვეში წარადგინა.

BBC-ის მიხედვით, რუსეთზე მოდის ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 27 პროცენტი, რაშიც კრემლი წლიურად 400 მილიარდ ევროს იღებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე, პოლონეთისა და გერმანიის მიერ ნედლეულის მილსადენით მიღების აკრძალვის შემდეგ, ევროკავშირი 90 პროცენტით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.

ჯერჯერობით დასავლეთს არ დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი