ეკონომიკა

რუსეთი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მოიგოს | პოლ დე გრაუე

28 მარტი, 2022 • 7340
რუსეთი ძალიან პატარაა იმისათვის, რომ მოიგოს | პოლ დე გრაუე
  • ავტორი: პოლ დე გრაუე, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ევროპული ინსტიტუტის ევროპული პოლიტიკური ეკონომიკის განყოფილების თავმჯდომარე.

რუკას რომ შეხედავ, იფიქრებ, რომ რუსეთის, – რომლის ტერიტორიაც თერთმეტ სასაათო სარტყელს მოიცავს, – ბედისწერაა, დაამარცხოს ბევრად უფრო პატარა მეზობელი უკრაინა. თუმცა უკვე მესამე კვირაა მსოფლიო ხედავს, რომ ბრძოლა არც ისე ცალმხრივია, როგორც ეს, ალბათ, ვლადიმერ პუტინს წარმოედგინა. ფაქტობრივად, გვაქვს ყველა მიზეზი ვიფიქროთ, რომ რუსეთი დამარცხდება მის გაჩაღებულ ომში.

დიდწილად ეს იმით აიხსნება, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი დიდი ქვეყანა სულაც არ არის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021 წლისთვის რუსეთის მშპ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ევროკავშირის მშპ-ის 10%-იც კი არ არის და დაახლოებით ნიდერლანდებისა (1,1 ტრილიონი) და ბელგიის (620 მილიარდი) წარმოებას უტოლდება.

ასეთი პატარა ეკონომიკით რუსეთს არ შეუძლია ომი მოუგოს ქვეყანას, რომელიც მთელი ძალით იბრძვის, სულ რომ არაფერი ვთქვათ ამ ქვეყნის ოკუპაციაზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობებთან ბრძოლაზე. დღეს რუსეთის წლიური დანახარჯი შეიარაღებულ ძალებზე 62 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 4%). ეს აშშ-ის ანალოგიური დანახარჯის მხოლოდ 8%-ია და არ არის საკმარისი ინტენსიური და ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის

თუმცა რუსეთისთვის სამხედრო დანახარჯის გაზრდა საუკეთესო ვარიანტი არ არის – ასეთი ხარჯები ეკონომიკურად არაპროდუქტიულია. სამხედრო თვითმფრინავებისა და ტანკების ყიდვა მომავალში არცერთ ზედმეტ რუბლს არ მოუტანს წარმოებას და დიდი ალბათობით, ინვესტიციებს მოაკლდება, მაგალითად, მანქანათმშენებლობას. რაც უფრო მეტს ხარჯავს რუსეთი ომზე, მით პატარა იქნება მისი ეკონომიკა მომავალში.

ვითარების გაუმჯობესებას ხელს არც ის უწყობს, რომ არასაკმარისად განვითარებულ რუსეთის ეკონომიკას აქვს სტრუქტურა, რომელიც განვითარებადი სამყაროსითვისაა დამახასიათებელი. რუსეთის იმპორტის 2/3-ს შეადგენს სატრანსპორტო აღჭურვილობა, ქიმიკატები, ელექტრონიკა და საწარმო აპარატურა, ექსპორტის 80% კი მოდის ნედლეულსა და ენერგეტიკაზე (ბუნებრივი აირი და გადასამუშავებელი ნავთობი).

ენერგეტიკის და ნედლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები საკმაოდ ცვლადია, რის გამოც რუსეთი ეკონომიკურად მოყწვლადია. მართლაც, [უკრაინაში] შეჭრამდე ნედლეულზე და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების წყალობით, რუსეთმა მოახერხა 600 მილიარდის საერთაშორისო რეზერვების დაგროვება (დოლარში, ევროში, ფუნტ-სტერლინგში და ოქროში) და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა. თუმცა დრო გავა, ფასები კვლავ დავარდება და რუსეთის ბიუჯეტიც შემცირდება.

ამასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინეს. ეს მიუთითებს რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობის სხვა წყაროზე: გლობალურ ფინანსურ სისტემას აკონტროლებენ აშშ და ევროპა და არა ისეთი მცირედ განვითარებული ეკონომიკები, როგორც რუსეთი. შედეგად, სუსტი წერტილი გახდა რეზერვები, რომლებიც პუტინის ომისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობას შეუძლია რესურსების გამოთავისუფლება სამხედრო ხარჯებისთვის, მაგრამ ამისთვის უნდა შემცირდეს დანახარჯები სხვა სფეროებში. თუმცა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა უკვე ცხოვრობს შედარებით სიღარიბეში. რუსეთის მშპ ერთ სრულ მოსახლეზე ბელგიისა და ნიდერლანდების ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ მეხუთედია. თუ პუტინი იმპერიული ამბიციების დევნაში კიდევ უფრო მეტ რუსს გააღარიბებს, ხალხის განწყობა შეიძლება მის წინააღმდეგ შემოტრიალდეს და დიქტატურა შეასუსტოს.

დასავლეთის სანქცები უკვე ახდენს გავლენას რიგით რუსებზე. სამომხმარებლო პროდუქტების დეფიციტის პირობებში ინფლაცია გაიზრდება, გაჩნდება ფასების კონტროლის ცდუნება. ოღონდ ასეთი ნაბიჯის შედეგი არის დეფიციტი და ნორმირება. ესაა საბჭოთა ცხოვრების ის ასპექტები, რომელთა აღდგენაც პუტინს არ სურს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არცთუ ისე დიდი, ნაკლებად განვითარებული და მოწყვლადი ეკონომიკაა, ის ინარჩუნებს ძალის ორ მნიშვნელოვან წყაროს. ნედლეულისა და ენერგომატარებლების ექსპორტს, რომელიც ბიუჯეტს მოწყვლადს ხდის, მოსკოვს იმპორტიორებზე პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს აძლევს. თუ დღეს რუსეთი ევროპაში გაზის იმპორტს შეწყვეტს, ზოგ ქვეყანას მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი ზარალი მიადგება. მაგალითად, 2020 წელს გერმანიის ბუნებრივი აირის იმპორტის 65% და იტალიის იმპორტის 45% რუსეთზე მოდიოდა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ნაბიჯის შედეგად ყველაზე მეტად რუსეთი დაზარალდება. ომმა უკრაინაში უკვე უბიძგა ევროკავშირს, გამოაქვეყნოს რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების დასრულების გეგმა, როგორც ახალი წყაროების ძებნის, ასევე სუფთა ენერგიაზე გადასვლის გზით. ამგვარად, რუსეთის საგარეო შემოსავლების ძირითადი წყარო უცებ შემცირდება.

რუსეთის ძალის მეორე წყარო მსოფლიოს უდიდესი ბირთვული არსენალია. ბირთვული იარაღი ჩვეულებრივ ომში გამარჯვებას ვერ მოიტანს, მაგრამ მას თვალის დახამხამებაში შეუძლია ქვეყნის განადგურება. ამას შოკისმო მგვრელ კითხვამდე მივყავართ: რას მოიმოქმედებს პუტინი, როცა გააცნობიერებს, რომ უკრაინაში ომის მოგება ჩვეულებრივი მეთოდებით არ შეუძლია?


იხილეთ აგრეთვე:


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი