ეკონომიკა

რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებს“ გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის

23 მარტი, 2022 •
რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებს“ გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

„როიტერსის“ თანახმად, ამ ნაბიჯს პუტინი დგამს რუსეთის ფედერაციის აქტივების გაყინვისა და სხვა სანქციების პასუხად.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი რაოდენობით და ფასით, რასაც უკვე დადებული კონტრაქტები ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება მხოლოდ ანაზღაურების ვალუტას“, – განაცხადა პუტინმა 23 მარტს სატელევიზიო მიმართვაში და თქვა, რომ რუსეთი გაყიდული გაზისთვის თანხას მხოლოდ რუბლში მიიღებს.

პუტინის განცხადებით, რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა აქვთ, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ კონტრაქტებში ცვლილებებს შეიტანს.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3% კი – გირვანქა სტერლინგში.

ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40% სწორედ რუსეთზე მოდის. ევროკავშირს ჯერჯერობით არ აუკრძალავს რუსეთიდან გაზის იმპორტი.

რუსეთის მთავრობამ 2022 წლის 7 მარტს დაამტკიცა არამეგობრული ქვეყნების სია.

შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს ხელს. სიაში შედიან სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.

დოკუმენტის მიხედვით, სიაში შედიან:

  • ევროკავშირის ქვეყნები
  • აშშ
  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • გაერთიანებული სამეფო და მისი საზღვარგარეთის ტერიტორიები
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტეინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • სამხრეთ კორეა
  • სან მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • ტაივანი (ჩინეთი)
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია

სიაში საქართველო და მისი მეზობლები არ ფიგურირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი