ეკონომიკა

“პანორამა თბილისმა” სოლოლაკის ქედზე მშენებლობის ნებართვა მიიღო

16 ივლისი, 2015 • • 3054
“პანორამა თბილისმა” სოლოლაკის ქედზე მშენებლობის ნებართვა მიიღო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ობიექტზე – ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის ტერიტორიაზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი შენდება, ნებართვა გაიცა: 2015 წ ლის 20 აპრილს (განმცხადებელი: შპს. „თბილისისიტი“); ამ ობიექტის მშენებლობის დამთავრების ვადად 2017 წლის ზაფხულია მითითებული.

 

მეორე ობიექტზე – სოლოლაკის ბაღები ნებართვა გაიცა 2015 წლის 18 მაისს. (განმცხადებელი:„სოლოლაკი ჰილზი“;) მშენებლობის დამთავრების ვადა  2017 წლის ზაფხულია.

 

მესამე ობიექტზე – სოლოლაკის მაღლობზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, ნებართვა გაიცა 2015 წლის 8 ივნისს. (განმცხადებელი: „სოლოლაკი რაიზი“. მშენებლობის) მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს. 

 

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, “პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები თავისუფლების მოედანზე უკვე მიმდინარეობს. 

 

“რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი”, – განაცახდა ბაჩიაშვილმა.

 

კითხვაზე, აქვთ თუ არა მერიისგან ნებართვა თანაინვესტირების ფონდს პროექტის სრულად გამხორციელებაზე, ბაჩიაშვილმა განმარტა, მერიისგან ქვედა ნაწილში არის ნებართვა, ზედა ნაწილში- ჯერ  არა.

 

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

 

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას. 

 

პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეთა ჯგუფები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი