ადვიოკატმა დავით ებრალიძემ და კომპანია “ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტის” დამფუძნებელმა მიხაელ მიხაელიმ ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მხარეები აცხადებენ, მათ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურეს და ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის 453-ე განკარგულება გააცნეს:
ადვოკატ დავით ებრალიძის განმარტებით, საკითხი ეხება კომპანია “ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტს” და “თბილავიამშენს” შორის არსებული კოოპერაციის ხელშეკრულების უხეშ დარღვევას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის 453-ე განკარგულება განაპირობებს:
“პრემიერ-მინისტრმა 2015 წლის 10 მარტს გამოსცა 453-ე განკარგულება, რომლითაც მოწონებულია ახალი კომპანია თამ მენეჯმენტი. მისი დირექტორია პანტიკო თორდია, ხოლო ვინ არის დამფუძნებელი, არ ჩანს, რადგან ის ჰოლანდიაშია რეგისტრირებული. პრემიერ-მინისტრის განკარგულება ამ კომპანიას აძლევს უფლებას აიღოს ლიცენზიები, აიღოს უზურფრუქტით ქარხნის ტერიტორია და, შესაბამისად, თვითმფრინავის წარმოება და რეალიზაცია. მოახდინოს თვითმფრინავი “სუ-25″-ის მოდერნიზაცია. ეს საკითხები უკვე დარეგულირებულია 2000 წლიდან ისრაელის 2 კომპანიასა და თბილავიამშენს შორის. შესაბამისად, სხვას არავის არ აქვს უფლება თვითმფრინავების რეალიზაცია და მოდერნიზება აწარმოოს.”
დავით ებრალიძე ამბობს, რომ თუ ამ განკარგულებამ შედეგი გამოიღო და ინვესტორმა ისრაელიდან კაპიტალი დაკარგა, საქმე არბიტრაჟის მსჯელობის საგანი გახდება:
“თუ ამ განკარგულებამ თავისი შედეგები გამოიღო და მართლა მიეცა ახალ კომპანიას 31-ე ქარხნის ტერიტორია, თუ გაიცა ლიცენზიები და თუ მიეცათ უფლება, რომ დღეს დარჩენილი თვითმფრინავები და მასალები გაყიდონ, ეს იქნება ისრაელის კომპანიასთან ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა. ჩვენ არ გვინდა არანაირად, რომ ეს დავა გადავიდეს ისრაელში. თუ ასე მოხდა, სერიოზული სანქციებია მოსალოდნელი, რადგან სახელმწიფო უქმნის მტკიცებულებას ისრელის მხარეს ახალი კომპანიის სახით, რომელიც მას “თბილავიამშენში” ენაცვლება. თუ დავა დაიწყო, ამ შემთხვევაში ქონებრივი პასუხისმგებლობა გადავა ბიუჯეტზე.”
“ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტის” დამფუძნებელი-პარტნიორი მიხაელ მიხაელი ამბობს, რომ მისი კომპანიის ურთერთობა საავიაციო ქარხანასთან 17 წლის წინ დაიწყო:
“2000 წელს კი შემოვიყვანე ქარხანაში ისრაელის ავიაციის ფლაგმანი “ისრაელის ავიაციის ინდუსტრია” ორწლიანი ხელშეკრულებით. მოხდა ისე, რომ “თბილავიანშენს” ეს ურთიერობა ტენდენციურად მიჰყავდა. ორი წლის გასვლის შემდეგ გაუქმდა ხელშეკრულება. მერე ურთიერთობები დამოუკიდებლად გააგრძელა ქარხანამ. 2004 წლიდან პროცესებში ისევ ჩავერთე. იყო შეთანხმება, რომ უნდა მომხდარიყო 20 “სუ 25”-ის რეაბილიტაცია და გაყიდვა ინვესტორთან შეთანხმებით. ახლა რა ინფორმაციაც მაქვს, 20 თვითმფრინავი გარემონტდა და გაიყიდა. ერთობლივად უნდა გაგვეყიდა, დღეს ყველა რეალიზებულია. ვარკვევთ დემონსტრატორის (სადემონსტრაციო თვითმფრინავი) საკითხს, რომლის მოდერნიზაციაც 7,5 მლნ დოლარი დაჯდა. მოვითხოვეთ “თბილავიამშენისგან” მისი არსებობა დაედასტურებინა. პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, ფიზიკურად არის.”
მიხაელ მიხაელი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით სოლიდური თანხა დაკარგა: “რა ინვესტიციაც იყო ჩადებული, ვერ ამოვიღე. არ მინდა გავიდე საერთაშორისო სკანდალამდე. როგორმე მოახერხებს ისრაელი თავისი ინვესტორები დაიცვას. მოვუწოდებ მთავრობას, დაექვემდებარონ ხელშეკრულებას, რომელიც დაარღვიეს.”
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილავიამშენის 100% სახელმწიფო საკუთრებაა. საწარმოს სამი პირი – უჩა ძოძუაშვილი, შოთა კვარაცხელია და გიორგი ჩრდილელი ხელმძღვანელობს.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ გადადის კომპანია “თამ მენეჯმენტზე” კომპანია “ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტის” ვალდებულებები, ეკონომიკის სამინისტროში არ უპასუხეს. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, გააკეთებს თუ არა სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს.
საჯაროო რეესტრის მონაცემებით, კომპანია თამ მენეჯმენტი 2015 წლის იანვარში შეიქმნა. კომპანიის დირექტორია პანტიკო თორდია. 50%-ს შპს”თამ მენეჯმენტ გრუპი” ფლობს, 50%-ს კი, კომპანია LGSN B.V. რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამ მენეჯმენტ გრუპ-ის დირექტორიც პანტიკო თორდიაა, რომელიც კომპანიაში 29,5%-ს ფლობს. 26%-ს ფლობს ნოდარ ბერიძე, 7,2%-ს – კახაბერ ჟღენტი. აქციების 37,3% დანარჩენ 33 აქციონერზე ნაწილდება.
“ნეტგაზეთი” კომპანია თამ მენეჯმენტის დირექტორს პანტიკო თორდიას დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, შედის თუ არა “თბილავიამშენში” მისი კომპანია და განახორციელებს თუ არა “სუ 25”-ების მოდერნიზაციას და გაყიდვას:
“ჩემთან ტყუილად კარგავთ დროს. კარგად წაიკითხეთ განკარგულება. იქ წერია, რომ უნდა გაყიდოს თვითმფრინავები. მიწის გადაცემაზე არაფერია ნათქვამი.”
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, აპირებს თუ არა “თამ მენეჯმენტი” “თბილავიამშენში” შესვლას, ასე პასუხობს: “არაფერს არ ვაპირებ. თქვენი პირველწყარო, ვისგანაც გაქვთ ეს ინფორმაცია, მას მიაკითხეთ და ის აგიხსნით. არ მინდა თქვენთან საუბარი, არ გიპასუხებთ.”