ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი: სოციალიზმიდან კაპიტალიზმამდე და პირიქით

14 დეკემბერი, 2014 • • 2035
სამხრეთ ოსეთი: სოციალიზმიდან კაპიტალიზმამდე და პირიქით

ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ სამხრეთ ოსეთში სოციალიზმი დაბრუნდა, სადაც კერძო ბიზნესი არ არსებობდა და ხალხი ხელფასზე ცხოვრობდა. ბიზნესსფეროს სპეციალისტების შეხედულებები სამხრეთ ოსეთში, იმის მიუხედავად, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ “ბანაკს” წარმოადგენენ, ერთნაირია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივის შესახებ.

 

ექვსი თვის წინ დამოუკიდებელმა გაზეთმა “21-ე საუკუნემ” გამოაქვეყნა ბიზნესმენ ზარემა კოჩიევას სტატია, რომელშიც წერდა, რომ მას უცერემონიოდ წაართვეს პავილიონი თეატრის მოედანზე, სადაც მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

 

“პავილიონი წამართვეს გამოგონილი მიზეზით, მხოლოდ იმიტომ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნახევრად დანგრეული მდგომარეობიდან აღდგენის შემდეგ თვალში მოხვდა ჩინოვნიკს, რომელსაც ყველაზე ზეწოლის ბერკეტები აღმოაჩნდა,” – წერდა მეწარმე.

 

ცნობილი ბიზნესმენი ალბერტ ვალიევი ერთ-ერთია იმ მეწარმეთაგან, რომელსაც ათეულობით წლის განმავლობაში ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, მაგრამ 08.08.08 ომის შემდეგ ვეღარ შეძლო მისი აღდგენა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მიყენებული ზარალის დამდგენი კომისიის მონაცემებით, ამ სფეროში ზარალმა 141 918 894 რუბლი (დაახლოებით 5 მილიონი ლარი) შეადგინა.

 

“ჩემს ნაცნობებს შორის ბევრია ისეთი, რომლის ბიზნესიც ომის შედეგად დაზარალდა. სპეციალურმა კომისიამ, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, თითქოს შეძლო იმის მიღწევა, რომ ამ ტიპის ბიზნესისთვის ვალი ჩამოეწერათ, საუბარი იყო იმაზეც, რომ გამოიყო 140 მილიონი რუბლი ზარალის კომპენსაციისთვის. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა,” – არაერთხელ უთქვამს ეს ალბერტ ვალიევს ჟურნალისტებისთვის.

 

კომისიის მუშაობის შედეგად, 40 შემთხვევაში ბანკებმა ბიზნესებს კრედიტებზე ვალები ჩამოწერეს, მაგრამ თითქმის ამდენივე რაოდენობის მეწარმე კიდევ დარჩა, რომლებზეც ეს შეღავათი არ გავრცელდა.

 

ზარემა კოჩიევას თქმით, ვითარება ძალიან გართულდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მეწარმეებში მოკავშირეებს ვეღარ ხედავს და კონკურენტებად განიხილავს, რომლებზეც ადვილია მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ზეწოლის განხორციელება.

 

აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის ათჯერ გაიზარდა იჯარის თანხა, ასევე, შეუძლებელია კერძო ბიზნესისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ან უფუნქციოდ დარჩენილი რაიმე ობიექტის მიღება. მოსახლეობის ცხოვრების პირობების დაბალი დონე მეწარმეებს აიძულებს ვალებით იმუშაონ. დღეს თითქმის არ მოიძებნება ისეთი სამეწარმეო ობიექტი, სადაც არ აქვთ სქელტანიანი რვეული ნისიების გრძელი სიით.

 

მცირე ბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონობით რუბლი იმ პირებმა გადაინაწილეს, რომლებსაც მეწარმეობასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ფული გაიცემოდა უპროცენტოდ, ხანგრძლივი დროით და ისეთი რაოდენობით, რაც ბევრჯერ აღემატებოდა იმ მეწარმეების კრედიტების საერთო ჯამს, რომლებმაც სრულად დაკარგეს ბიზნესები.

 

მაგალითად, 2010 წელს სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 100 მილიონი რუბლი გამოყო მცირე ბიზნესის დაკრედიტებისთვის. ამ თანხის ნახევარი რესპუბლიკის ძალოვანმა უწყებებმა მიიღეს, მეორე ნახევარი კი, ფონდმა “აღორძინებამ”, რომლის შესახებაც ამის შემდეგ არავის არაფერი სმენია, ისევე – როგორც ამ კრედიტით ბიზნესის განვითარების თაობაზე.

 

ბიზნესმენი ზარემა კოჩიევა დარწმუნებულია, რომ ამ მილიონებით, რომელიც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის გამოიყო, დაზარალებულ 450 ბიზნესმენს არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის აღდგენა შეეძლოთ, არამედ – პროცენტების სახით სახელმწიფოსთვის წლიურად 20 მილიონი რუბლის მოგების მიცემა, რომელიც სოციალური საჭიროებებისთვის გადანაწილდებოდა.

 

დაახლოებით ერთი წლის წინ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის სამინისტროს მცირე და საშუალო მეწარმეობის სამმართველოს უფროსმა პაველ ქუმარიტოვმა ჟურნალისტებს განუცხადა: “მცირე და საშუალო მეწარმეობა ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. დღეს რესპუბლიკაში 3.5 ათასი მეწარმეა, მათგან ნახევარზე მეტი ვაჭრობის სფეროშია დაკავებული, დაახლოებით 12% – სოფლის მეურნეობაში და ამდენივე  – მრეწველობაში”.

 

მიმდინარე წლის სექტემბერში საინფორმაციო პორტალმა “ეხო კავკაზამ” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმის შეასახებ, რომ სოფელ ხეთაგუროვში აშენდა 500 ცხოველზე გათვლილი ფერმა. მის მოწყობაზე სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტმა 240 მილიონი რუბლი დახარჯა იმ მიზნით, რომ რუსეთიდან ინვესტორს მოიზიდავდა. თუმცა ფერმა დღემდე არ ამოქმედებულა ინვესტირების რუსული სქემის რთული დაფინანსების გამო. ამ სქემის არსი, მოკლედ რომ ვთქვათ, იმაში მდგომაროებს, რომ ინვესტიციის მესამედი ინვესტორს უბრუნდება. ლოგიკურად ამის გაგება შეუძლებელია, მაგრამ საგრძნობია საკუთარ საბანკო ანგარიშზე.

 

“ეხო კავკაზა” ასევე იტყობინება, რომ საინვესტიციო პროგრამა შემდგომი სამი წლის განმავლობაში ითვალისწინებს ყოველწლიურად 400 მილიონი რუბლის განაწილებას მეწარმეებზე, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ფულიც რომელიღაც ჩინოვნიკების დაფინანსებაზე დაიხარჯება.

 

ექსპერტი ალან პარასტაევი იხსენებს 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისს, როცა რესპუბლიკა ასე თუ ისე უზრუნველყოფდა თავის ბიუჯეტს საკუთარი გადამხდელების ხარჯზე:

 

“რაოდენ სკეპტიკურადაც არ უნდა უწოდებდნენ ამ პერიოდს “ტრანზიტის” დროს”, მაშინ ხალხი ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ შეეძლოთ ლუკმაპურის შოვნა. მათ დღესაც შეუძლიათ საკუთარი საქმე წამოიწყონ, დაეხმარონ რესპუბლიკას, მაგრამ დღეს ყველა ეძებს თბილ საბიუჯეტო ადგილს. რუსული ფული დემოტივატორი გახდა ბევრი აქტიური ადამიანისთვის”, – ამბობს პარასტაევი.  

 

ჟურნალისტ კოსტა კოშტეს აზრით, რომელიც, როგორც წესი, შეფერადებულად აღწერდა კარგი ცხოვრების პერსპექტივას კოკოითის რეჟიმის დროს, საუბრობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთში სამეწარმეო ბუმზე ოცნებაც კი შეუძლებელია:

 

“რესპუბლიკის მცხოვრებლებაც კი არ სურთ სამშობლოში საწარმოების გახსნა, რადგან ბიზნესი რესპუბლიკაში ჩინოვნიკების მხრიდან კოლოსალური ზეწოლის ქვეშაა. ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ბედავს ინვესტირებას, იძულებულია ჩაეშვას გაუმჭვირვალე ურთიერთობებსა და ვალდებულებებში ხელისუფლებასთან”.

 

მიმდინარე წლის შემოდგომიდან სახელმწიფო რადიოსადგურში “ირ” საღამოს თოქ-შოუ “კერძო მაღაზია” გადის. გადაცემის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ყურადღება მიექციათ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე სამხრეთ ოსეთში. ამისთვის ისინი ეთერში იწვევენ უკვე შემდგარ ბიზნესმენებს, ექსპერტებს, ეკონომისტებს, იურისტებს.

 

“კერძო მაღაზიის” ავტორი და წამყვანი ზალინა გაბაევა ამბობს, რომ პროგრამის მთავარი ამოცანაა არა უბრალოდ წარმატებულ ბიზნესზე თხრობა რესპუბლიკაში, არამედ იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ახალი საქმის დაწყება სურთ. ზალინა კარგად იცნობს ადგილობრივი მეწარმეების პრობლემებს. ის ამბობს, რომ დიდხანს ფიქრობდა მსგავსი გადაცემის შექმნაზე, მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ ახლა შეძლო, სახელწმიფო რადიოსადგურისა და “ბიზნესის და განვითარების კავკასიური ქსელის” მხარდაჭერით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია International Alert კურირებს.

 

ბიზნესმენ ალბერტ ვალიევის აზრით, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს მეწარმეების არასამთავრობო ორგანიზაციას “ფარნ”, სამხრეთ ოსეთში ვერა და ვერ გაჩნდა საბაზრო ეკონომიკის ატრიბუტები.

 

“მეწარმეები ვერ გახდნენ მესაკუთრეები. მცირე პრივატიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ უნდა მომხდარიყო, არ განხორციელებულა და ხშირად არის ისე, რომ ადამიანი იწყებს საქმეს, არ არის მისი მესაკუთრე და ცხადია, რომ ის საქმე არ განვითარდება,” – მიიჩნევს ვალიევი.

მე დავუკავშირდი ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელსაც სამხრეთ ოსეთში ვაშლი მოყავდა და მას ქვეყნის გარეთ ყიდდა და ამ თემაზე კვლევაც ჩაატარა. მან საინტერესო ციფრები მომაწოდა:

 

“სამხრეთ ოსეთში მთლიანობაში არის 1 268 000 ვაშლის ხე, რომლებსაც, ჯამში, უკავია დაახლოებით 2 450 ჰექტარი მიწის ფართობი, მთელი ეს მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს და ფერმერები სახელმწიფოსგან იჯარით იღებენ მას – 1 ჰექტრის იჯარით აღება 500 რუბლი ღირს. სამხრეთ ოსეთი აწარმოებს დაახლოებით 228 249 ტონა ვაშლს წელიწადში, რაც არის 228 მილიონ 240 ათასი კგ. თუკი 1 კგ-ს გავამრავლებთ 30-ზე (ეს არის მინიმალური საბითუმო ფასი 1 კგ ვაშლზე ჩრდილო კავკასიაში), გამოვა 6 მილიარდ 847 მილიონ 200 ათასი რუბლი,” – მითხრა ბიზნესმენმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

გაანგარიშების შედეგად, რომელიც ჩემს წყაროსთან ერთად გავაკეთეთ, მივიღეთ თანხა, რომელიც აღემატება სამხრეთ ოსეთის 2014 წლის ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 6 მილიარდ 171 მილიონ რუბლს შეადგენს. მაგრამ რადგანაც ვაშლი სამხრეთ ოსეთიდან რუსეთში გასაყიდად, როგორც ვიცი, 2006 წლიდან არ გადის, შემოსავლის ეს წყარო სამხრეთ ოსეთისთვის დაკეტილია რუსი ჩინოვნიკების მიერ.

 

სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, როინ კოზაევის თქმით, მეწარმეებს დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ შეიტანონ რუსეთში სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია შესაბამისი დოკუმენტაციის ქონის პირობებში.

 

“ჩვენ ასევე ჩავატარეთ ვაშლის და მსხლის ყველა სახეობის ექსპერტიზა, რომელიც მოდის სამხრეთ ოსეთში და გვაქვს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სერტიფიკატები. ახლა უკვე ფერმერებს აღარ უწევთ რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად. შესაძლებელია ყველა ხარჯის გადახდა – საბაჟო, მომსახურების, ბროკერის და ა.შ. და ორ დღეში მიღება დოკუმენტისა ხილის უპრობლემოდ შეტანისთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტ ნ. ზარამაგის გავლით,” – განაცხადა როინ კოზაევმა. მაგრამ რეალურად ვაშლის მწარმოებლებს ეს არ უგრძვნიათ.


თუკი გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობა 2004 წლამდე დაფუძნებული იყო ტრანზიტზე “რუსეთი – სამხრეთ კავკასია”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის “დამსახურებით” აღარ არსებობს და, ფაქტობრივად, დაკეტილია გზა რუსეთში ექსპორტისთვის, რთული არ არის დასკვნის გამოტანა, თუ ვინ უწყობდა ხელს იმას, რომ სამხრეთ ოსეთი მოქცეულიყო რუსეთის უშუალო გავლენის ქვეშ.

დღესდღეობით ვერც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ვერ შეძლო ზუსტი პროგნოზის გაკეთება იმ თემაზე, თუ როდის გახსნის რეალურად რუსეთი გზას სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი