ეკონომიკა

სახელმწიფო საწარმოებში გამქრალი მილიონები

27 აგვისტო, 2014 • 1173
სახელმწიფო საწარმოებში გამქრალი მილიონები

 რას ნიშნავს საწარმო სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით? – ამ კითხაზე პასუხის გაგება რომ გამარტივდეს, ერთი კონკრეტული საწარმოს მაგალითს მოვიყვან. „ბათუმი 2009“ – ასე 2009 წლის შემდეგ დაარქვეს ბათუმში ყველასათვის ცნობილ „ხოფის ბაზრობას“. სწორედ იმ წელს სახელმწიფომ ეს ქონება წაართვა რამდენიმე კერძო მესაკუთრეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. ცხადია, ცალკე საკითხავია თავის დროზე ბაზრობა რამდენად კანონიერად მიიღეს კერძო საკუთრებაში მფლობელებმა, მაგრამ ახლა ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ. ამ ეტაპზე მაინტერესებს, რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ მას შემდეგ, რაც ხოფის ბაზრობა უკან დაიბრუნა.

 

ჩემი ინფორმაციით, რომელიც ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა, 2009 წლამდე ხოფის ბაზრობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 750-800 ათასი ლარი შედიოდა. იგივე წყარო ყვება, რომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე სახელმწიფო წაართვამდა მესაკუთრეს ბიზნესს, 100-150 ობიექტი კიდევ დაემატა საწარმოს. შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანი, წესით, უნდა გაზრდილიყო. 

 

წყარო, რომელიც მიუკერძოებელი ვერ იქნება, ირწმუნება, რომ 2012 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ბაზრობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ბიუჯეტში 698 554 ლარი შევიდა საწარმოდან. 2013 წელს კი ბიუჯეტში შენატანი 505 568 ლარამდე შემცირდა.

 

 

ესე იგი, რაც ბაზრობა კერძო საკუთრება აღარ არის, ბიუჯეტმა მინიმუმ 300 ათასი ლარი იზარალა.

 

არის თუ არა ეს მონაცემები სწორი? რამდენიმე თვის წინ სამინისტრომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. სულ ახლახან კი, საჯარო მოხელემ, რომლის ვალდებულებაშიც შედის ბაზრობის ზედამხედველობა, თქვა, რომ „ხოფის ბაზრობიდან“ ბიუჯეტში შენატანი 2009 წლის შემდეგ კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამ ორი წყაროდან რომელი ამბობს სიმართლეს, მას შემდეგ შეიძლება გავიგოთ, თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოაქვეყნებს ბიუჯეტში გადახდილი თანხის ოდენობას.

 

„ხოფის ბაზრობა“ სულაც არ არის ერთეული შემთხვევა, როცა სახელმწიფო მოგებაზე ორიენტირებულ საწარმოს მართავს. გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთ კერძო პირს წაართვეს ბიზნესი (მაგალითად, ქიბარ ხალვაშს და კიდევ ასობით სხვას) და ისინი ჯერ კიდევ ამ ქონების დაბრუნების მოლოდინით ცხოვრობენ, სახელმწიფოს სხვა არაერთი საწარმო ჰქონდა.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2013 წლის ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, რომ 2012-2013 წლებში სახელმწიფო 1129 საწარმოს ფლობდა. ყოველ მათგანს მართავდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო. ამ დროისთვის მათი უმრავლესობა ან გაკოტრდა, ან არ ფუნქციონირებს, ან გაიყიდა. გასულ კვირას გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტოს მართვაში ახლა მხოლოდ 340 საწარმოა დარჩენილი. მათგან 263 იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

 

2013 წლის აუდიტის საანგარიშო მოხსენებაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო შპს-ებმა წინა წლებში არაერთი მილიონი ლარი დააკლეს ქვეყნის ბიუჯეტს. დასკვნის გამოქვეყნებიდან რვა თვეა უკვე გასული და სახელმწიფოს მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ არაფერი გვსმენია.

 

ასე მაგალითად, „85 საწარმოს 2010 წლის წმინდა მოგებიდან (2 575 301.7 ლარი) 2011 წლის ჩათვლით პერიოდში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიმართულიყო 2 456 127.2 ლარი, თუმცა სხდომის თარიღისთვის (ქონების მართვის სააგენტოს იმ დროისთვის საწარმოების ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის საკითხის შესწავლა დაავალეს – ავტ.)  ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა მხოლოდ 472 965 ლარი“.

 

საკითხის შესწავლის შედეგად ასევე გაირკვა, რომ, მაგალითად, დავალიანების მქონე პრივატიზებულმა 25-მა საწარმომ, რომლებსაც ერთ მილიონზე მეტი ლარი უნდა გადაეხადათ ბიუჯეტის სასარგებლოდ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ 180 191 ლარი გადაიხადა; გადახდისუნარიანი ხუთი საწარმოდან, რომელთაც 656 465 ლარი უნდა გადაეხადათ, ბიუჯეტმა მხოლოდ 385 947 ლარი მიიღო.

 

აუდიტის სამსახურს რამდენიმე ისეთი კომპანიაც ჰყავს დასახელებული თავის ანგარიშში, რომელთა მიმართაც სასამართლო დავა უნდა დაწყებულიყო თანხის ამოღების მიზნით. ერთ-ერთი მათგანი ყველასათვის ცნობილი სამედიცინო დაწესებულებაა.

 

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება დაიწყოს სასამართლო დავა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ 2009 წლის წმინდა მოგების განაწილების შესახებ… სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდის – 304 013 ლარის გადაუხდელობისა და 2010 წლის წმინდა მოგების – 1 617 025 ლარის ოდენობით. თუმცა, შესაბამისი უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლო დავა არ დაწყებულა“, – ეს დაწერილია 2013 წლის ბოლოსთვის. – სასამართლო დავა ამ თემაზე არც 2014 წელს დაწყებულა, თუმცა იაშვილის სახელობის კლინიკა იქედან მოყოლებული სხვა არაერთ სკანდალში გაეხვა.

 

იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა ხდება სახელმწიფო შპს-ებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აუდიტის დასკვნიდან კიდევ ერთი აბზაცი უნდა წარმოგიდგინოთ. ამ შემთხვევაში საუბარია 2013 წლის ბიუჯეტში შესატან სახსრებზე:

 

„სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი სამი საწარმოს წმინდა მოგებიდან (27 771 831 ლარი) თანხის ნაწილი – 18 699 833 ლარის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის შესახებ“.

 

დიახ, საწარმოებს შეღავათი გაუკეთეს – გადასახადი თითქმის გაუნახევრეს, მაგრამ ზემოთ აღნიშნულმა სამმა საწარმომ ბიუჯეტს 71 183 ლარი მაინც დააკლო. 

თითქმის იგივე მოხდა 2011 წელში, ორმა მომგებიანმა საწარმომ ბიუჯეტს დააკლო 150 350 ლარი.

 

სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბიუჯეტთან ურთიერთობაზე უფრო მეტი წარმოდგენა რომ შეგვექმნსა, კიდევ ერთი – 2012 წლის მონაცემები უნდა მოვიშველიო. ამ პერიოდში ქონების მართვის სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოებიდან ფინანსური ანგარიში წარადგინა მხოლოდ 103-მა საწარმომ. აქედან 2012 წელი მოგებით 51 საწარმოს დაუსრულებია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მოგება 12 824 451 ლარს აღწევს, აქედან `სახელმწიფო მომსახურების ბიუროზე“ (კომპანია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის შენობა ააშენა ქუთაისში და მას არაერთი სკანდალი უკავშირდება) 11 391 258 ლარი მოდის, სხვა დანარჩენზე კი, მხოლოდ ერთმილიონზე ცოტა მეტი.

 

დანარჩენ 52 საწარმოს 2012 წელი ზარალით აქვს დასრულებული. ჯამში ზარალი 27 861 713 ლარია. აქედან ყველაზე მეტი ზარალი მოდის ერთ უმსხვილეს საწარმოზე – საქაერონავიგაციაზე. მისი წაგება ორი წლის წინ, არც მეტი არც ნაკლები, 15 694 000 ლარი ყოფილა.

 

აქტივების გაუფასურება როგორ აისახება ორგანიზაციის სახელმწიფოსთან ურთიერთობებზე? – ირაკლი ზაქარეიშვილი, ფინანსების მართვის საკითხების მენეჯერი საქაერონავიგაციაში ამ კითხვის პასუხად ირაკლი ზაქარეიშვილი  ამბობს, რომ საქაერონავიგაცია სახელმწიფო კომპანიაა მისი სპეციფიკა განსხვავებულია სხვა საწარმოებისაგან იმ თავლსაზრისით, რომ ICAO-ს მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ამ სფეროს არეგულირებს, სააერნაოსნო საწარმოების მოგება მხოლოდ აქტივებში რეინვესტირებას უნდა მოხმარდეს და დივიდენდების სახით არ იქნას გატანილი სახელმწიფოს მიერ. საბოლოო ჯამში მოგებას ვნახავთ თუ ზარალს, საერთაშორისო ნორმების მიხედვით _ მოგების შემთხვევაში ეს ფული უკან მიაქვს სააერნაოსნო მომსახურების მომხმარებელს სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის შემცირების გზით, წაგების შემთხვევაში კი სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გაზრდით გვინაზღაურდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ახალი მენეჯმენტის ძალისხმევით საწარმოს არააუდირებული ფინანსური შედეგი 2013 წლისათვის 16 106 669 ლარია, სამწუხაროდ, ეს მოგება სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდების მუხლით მიღებული შემოსავლების დაგეგმვისა და შესრულების გაუმჯობესების პროცესზე ზეგავლენას ვერ ახდენს.

 

რატომ დაასრულა კომპანიამ 2012 წელი ზარალით? – ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, 2012 წლის განმავლობაში განხორციელდა საქაერონავიგაციის აქტივების გადააფასება საბაზრო ღირებულებით და გაუფასურების ტესტირება, რის შედეგადაც კონმპანია გავიდა 15,694 000 ლარის ზარალზე: „როგორ აისახება ეს ორგანიზაციის საქმიანობაზე? – „მუშაობაში შეფერხება არ გვაქვს, საერთაშორისო სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ _ ევროკონტროლის სრულუფლებიანი მე-40 წევრი გავხდით 2014 წლის 1 იანვრიდან. მოცემული ფინანსური შედეგი შეეხო ჩვენს ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებს, რომლებიც გაუფასურდა და, შესაბამისად, აუდიტორის შეფასებით ეს ზარალი ვნახეთ. ფინანსურ ანგარიშგებაში ეს ზარალი ზის, თუმცა ჩვენს საოპერაციო მუშაობას ხელი არ ეშლება“.

 

სახელმწიფო საწარმოებს მართავს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საწარმოთა მართვის სააგენტო, რომელიც საწარმოებში ნიშნავს დირექტორებს და ამოწმებს მათ საქმიანობას. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რატომ იკლო ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოებიდან შენატანი თანხის ოდენობამ, სააგენტოს მივმართე. „სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოების მიერ დივიდენდების გადახდის მკვეთრი შემცირების ტენდენცია განპირობებულია დივიდენდის მსხვილი გადამხდელების (სს „საქართველოს რკინიგზა“, სს „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „ესკო“ და სხვა) 2011 წლიდან სააგენტოს მართვიდან გასვლით და აგრეთვე რიგი მომგებიანი საწარმოების პრივატიზაციით, ან სხვა ფორმით გასხვისებით“, – ეს არის ამონარიდი სააგენტოს წერილობითი განმარტებიდან.

 

თუმცა ბიუჯეტში შესატანი თანხის კლების ერთადერთი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის. სახელმწიფო საწარმოების მმართველ რგოლებში ზედმიწევნით დახვეწილი აქვთ მეთოდი, თუ როგორ უნდა შეამცირონ შემოსავალი და გაზარდონ ხარჯი, ან საერთოდაც არ აჩვენონ შემოსავალი. კიდევ არაერთი მეთოდი არსებობს დემოკრატიულ საქართველოში საიმისოდ, რომ სახელმწიფო ქონებით რაც შეიძლება მეტი პირადი კეთილდღეობა  მოიპოვო… აქვე ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ორგანიზაციების თანამშრომლები ისე იქცევიან, როგორც კერძო შპს-ების წარმომადგენლები – ფინანსური დოკუმენტები გასაიდუმლოებული აქვთ. 

 

ქონების მართვის სააგენტოს შემაჯამებელი მონაცემები

 

სახელმწიფო საწარმოების მმართველი ორგანოს – ქონების მართვის სააგენტოს ბოლო ოთხი წლის მონაცემებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი და სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების მიერ დივიდენდების სახით უნდა ჩარიცხულიყო 36 455 453 ლარი, ჩარიცხულ იქნა – 34 251 378 ლარი.

 

2011 წელს საწარმოების წმინდა მოგებიდან დივიდენდებად განისაზღვრა 8 964 744 ლარი, ბიუჯეტში ჩაირიცხა – 2 633 518 ლარი.

 

2012 წელს კომისიის მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა სულ 7 საწარმოსთან მიმართებაში. შედეგად 2 საწარმოს დაეკისრა დივიდენდის სახით 96 833 ლარის გადახდა. 2012 წელს ბიუჯეტში საწარმოების მიერ მობილიზებული იქნა 11 226 242 ლარი.

 

2013-2014 წლებში კომისიის მიერ საწარმოთა მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა, ფაქტობრივმა ჩარიცხვამ ბიუჯეტში 2013 წელს 799 395 ლარი, ხოლო 2014 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით – 122 383 ლარი შეადგინა.

 

2014 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით ყველაზე მეტი სადივიდენდო დავალიანება აქვს შპს „მარნეულის სამშობიარო სახლს“, შპს „ქართული კინოს განვითარების ცენტრსა“ და შპს გამომცემლობა „განათლებას“.

 

2010-2014 წლებში ყველაზე მეტი დივიდენდი სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი აქვს შპს „საქაერონავიგაციას“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და შპს „საყალიბე ქვიშებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი