ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის მართვა ხელოვნურად არ ხდება და ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს:

“წლის პირველ ნახევარში განხორციელდა ზეწოლა ლარის კურსის გამყარებაზე, კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 550 მილიონი დოლარი, ხოლო წლის მეორე ნახევარში წნეხი იყო გაუფასურებაზე, რა დროსაც ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 220 მილიონი დოლარი. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევინარჩუნეთ სავალუტო რეზერვების ადეკვატური დონე, რაც არის სამი მილიარდი. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2013 წელს ჩვენ გადავიხადეთ სავალუტო ფონდის სესხი 240 მილიონი დოლარის ოდენობით. მომავალი წლის მესამე კვარტალში დავასრულებთ სავალუტო ფონდის სესხის გადახდას და 1994 წლიდან პირველად ეროვნულ ბანკს არ ექნება საგარეო ვალი”.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცახდებით, ბანკის მთავარი ამოცანაა არ დაუშვას ფასების ზრდა:
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ინფლაციური წნეხის ასახვა ეკონომიკის ზრდასა და ფასების სტაბილურობაზე. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ შევწყვეტთ შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და გავამკაცრებთ. საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმს, რაც გულისხმობს იმას, რომ ლარი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება, თუმცა მოძრაობის ამპლიტუდა არ იქნება ისეთი, რომ ქვეყნის ეკონომიკა დააზიანოს. კურსის ფორმირებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, რომელთაგან ძირითადია შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო ხარჯების გააქტიურება და იმპორტის ზრდა.”
ქადაგიძის თქმით, კურსის მერყეობა საფრთხის შემცველი არ არის: “კლასიკური ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იქნება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა. ჩვენი ამოცანა არ არის კურსის კონტროლი. ჩვენი ამოცანაა ფასების კონტროლი და ინფლაციის შენარჩუნება. კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და საკმარისი რეზერვების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება”.
2014 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 5%–ია. 2013 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფლაცია 0,6 პროცენტია.
