საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოეტყუებით დაეუფლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ფულს, შემდეგ კი ეს თანხა გათეთრების მიზნით უცხოეთში გადარიცხა.
კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ.-მ თანამზრახველთან ერთად საქართველოში საწარმო დააფუძნა, სოციალურ ქსელში განათავსა რეკლამა, რომლითაც მოიპოვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ნდობა და მას 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა.
“ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, სოციალურ ქსელში, წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე, მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, თითქოსდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების პირობით, რეკლამა განათავსა და ნდობის მოპოვების შემდგომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინა.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მიღებული 12 437 აშშ დოლარი (33 240.37 ლარი) საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით სხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირის სასარგებლოდ გადარიცხა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, მ.გ. მარტო არ მოქმედებდა და უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს.
7 აპრილს, მიმალვაში მყოფ მ.გ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის (ფულის გათეთრება) მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ბრალდებულად ცნეს ბრალდებულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.